ეროვნულმა ბანკმა მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოების თარიღი ამჯერად რამდენი თვით გადასწია
გვანცა წულაია
14.12.2022

საქართველოში ისევ ორნიშნა ინფლაციაა. ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია გასული წლის ივლისის შემდეგ ფიქსირდება. მაშინ, მაჩვენებელმა 11.9% შეადგინა, მას შემდეგ, დღემდე, ინფლაცია მხოლოდ 1.5%-ით შემცირდა და მისმა მიმდინარე წლის დეკემბერში 10.4%-მდე ჩამოვიდა. უკვე მომავალი წლისთვის ინფლაციის შემცირების მოლოდინი არსებობს, ოღონდ ამჯერად წლის მეორე ნახევრიდან. ეროვნულ ბანკს თარიღი მუდმივად შორს გადააქვს.

გასული 2021 წელი მაღალი ინფლაციის წლად გამოცხადდა. 2022 წელთან კი არსებობდა მოლოდინი, რომ ინფლაცია შემცირებას გაზაფხულიდან დაიწყებდა, თუმცა ეს არ გამართლდა და მთელი წლის განმავლოვბაში ორნიშნა მაჩვენებელზე დაბლა არ ჩამოსულა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კბა გვენეტაძე აცხადებს, რომ როგორც მთელს მსოფლიოში, ინფლაციური წნეხი ძლიერი იყო. მსოფლიო მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა მიწოდების ჯაჭვების რღვევა გამოიწია და პროდუქტის წარმოების ხარჯები გაზარდა.

"იმავდროულად, მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა. ინფლაციური წნეხი საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდამაც გაამწვავა”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ და ხაზი გაუსვა, რომ 2023 წლის მეორე ნახევრამდე ინფლაციია მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებას არ ელოდებიან.

საქართველოს პარლამენტში კი მაინც იმედოვნებენ, რომ მომავალი წლიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს. როგორ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ბოლო დროს დასტაბილურების ნიშნები გამოჩნდა.

„2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია, შესაბამისად, ბოლო 5 წელია პარლამენტი ამტკიცებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3% დონეზე, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიზნობრივისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გამოჩნდა ინფლაციის დასტაბილურების ნიშნები და იმედი მაქვს, მომავალი წლიდან მას დაღმავალი ტრენდი ექნება“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ფასების ზრდა მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემაა. მართალია, ეს მეტწილად საგარეო ფაქტორების გამოა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეროვნული ბანკი მასთან დასაპირისპირებლად შესაბამის ბერკეტს არ იყენებს. 

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათიას აზრით, იანვარსა და თებერლის დასაწყისში, ლარის კურსის გამყარებაა კიდევ მოსალოდნელია, რაც დადებითად აისახება ფასების ინდექსზე.

"ეროვნული ბანკი ამბობს, რომ გაზაფხულიდან ინფლაციის ზრდის ტემპი შემცირდება და მაჩვენებელი ნაკლები იქნება. ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი – საწვავის ღირებულებას უკავშირდება. საწვავის თუ გაიაფება განაგძრო, ეს აისახება ინფლაციაზე, ანუ გამოიწვევს მის შემცირებას. მეორე - რუსეთ-უკრაინის ომთანაა დაკავშირებული. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვნად იმოქმედებს ინფლაციაზე. მესამე კი ისაა, თუ როგორ მონეტარულ პოლიტიკას გაატარებს ეროვნული ბანკი.

ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ იანვარ-თებერვალში ლარი მყარდება, წინა წლის დეკემბერთან შედარებით. ახლაც, იანვარსა და თებერლის დასაწყისში, იგივე პროცესია მოსალოდნელი, რაც დადებითად აისახება ფასებზე. ცხადია, ზუსტი პოგნოზის გაკეთება ძნელია, მაგრამ ამ სამ ფქტორზე ვიქნებით დამოკიდებული.

ინფლაციის მთავარი გამომწვევი ეროვნული ბანკია, რადგან ფულის მასას იმაზე მეტად ზრდის, ვიდრე ეკონომიკას სჭირდება. ამას ემატება საგარეო ფაქტორებიც. ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება პირდაპირ აისახება ქვეყანაში საწვავის ღირებულებაზე, რაც შემდგომში ინფლაციად გადაიქცევა. გარდა ამისა, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და როცა ლარი უფასურდება, ეს იწვევს შემოტანილი პროდუქციის გაძვირებას, რაც ფასებს საერთო დონეს მაღლა სწევს”, - განუცხადა "რეზონანსს” მაკალათიამ.

"ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც ინფლაციაზე ახდენს გავლენას და ამბობს, რომ თუ სებ-ის პოლიტიკა იქნება მეტად გონივრული, მაშინ, სრულიად რეალურია, რომ ადგილობრივი გავლენა ფასების ზრდაზე იყოს მინიმალიზებული.

"ინფლაციას აქვს ორი შემადგენელი კომპონენტი. ერთია საგარეო ფაქტორი და მეორე ადგილობირვი გარემოებები. ახლა ბევრ სახელმწიფოში ფულის მასის ძალიან მაღალი ტემპით იზრდება და ევრო და ამერიკული დოლარი სწრაფად უფასურდება. ამას დამატებიტ ამწვავებს ენერგოკრიზისი, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი. ყველა ეს ფაქტორი ჯერჯერობით რჩება და მათი გავლენა კვლავაც იქნება დიდი.

რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, თუ კი ეროვნული ბანკის პოლიტიკა იქნება უფრო გონივრული, ვიდრე აქამდე იყო, მაშინ, სრულიად რეალურია, რომ ადგილობრივი გავლენა ფასების ზრდაზე იქნება მინიმალიზებული. მით უეტეს, რომ საქართველოში არ არის ენერგოკრიზისი და სხვა ისეთი შემზღუდველი სირთულეები, რომელიც მკვეთრ გავლენას მოახდენდა ინფლაციაზე. 

საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის გავლით შეიძლება გაიზარდოს ენერგომატარებლებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ტვირთების ნაკადი.  თუ ეს ყველაფერი მოხერხდა, შესაძლოა, დამატებითი შემოსავალი მოგვიტანოს და შესაბამისად, ინფლაციის ტვირთი შემსუბუქდეს”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა შეშელიძემ.

ინფლაციის მოსათოკად და შესამცირებლად, გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არაერთხელ გაზარდა, თუმცა ამ ნაბიჯს შედეგი არ მოჰყოლია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×