რა ახალი კრიტერიუმები შემოდის მანქანის გამონაბოლქვის შემცველობაზე?
ქეთო გოგოხია
15.12.2022

მანქანის გამონაბოლქვის შემცველობაზე ახალი რეგულაციის პირობების შესრულება მძღოლებს, საშუალოდ, 1500-დან 2000 ლარამდე დაუჯდება.  მანქანების ტექნიკური გამართულობის მხრივ დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ექსპერტების ფიქრობენ, რომ ყოველი 100 ავტომობილიდან 40-50 დახარვეზდება, რაც, სავარაუდოდ, კორუფციის რისკს გაზრდის. ამიტომ წინამოსამზადებელი სამუშაოები უფრო აქტიურად უნდა განხორციელებულიყო. განსაკუთრებით კი საწვავის ხარისხის კონტროლის მხრივ მიეღოთ ზომები.

როგორც ცნობილია, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში შედის გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, რაც გულისხმობს ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას.

კერძოდ, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ბენზინისძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და გახდება 0.55% ძრავის უქმ სვლაზე.

ტრანსპორტის სფეროს სპეციალსიტები რეგულაციის დაწესებას მიესალმებიან, თუმცა აქვთ საკმაოდ მკაცრი შენიშვნებიც და აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებას საავტომობილი ბაზარი მოუმზადებელი ხვდება.

საავტომობილო ბაზრის ექსპერტი, კომპანია „რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ  ინფორმაციული კამპანია ვერ აწარმოა სახელმწიფომ, ამ მხრივ სრული ქაოსია. ცალკე პრობლემაა ხარჯი, რის გაღების შესაძლებლობა მძღოლების უმეტესობას არ აქვს.

„გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ავტომფლობელების 80% იტყვის, რომ არ არის ინფორმირებული. ეს მაშინ, როცა სულ ცოტა დროა  დარჩენილი კანონის ამოქმედებამდე. დათვლილიც არ აქვთ, რამდენია ინსპექტირებაგავლილი და პოტენციურად ამ რეგულაციაში მოხვედრილი მანქანა. იყო პერიოდი, როცა ყველა იღებდა კატალიზატორს, ვისაც მანქანა ჰყავდა და ყიდდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ნათხოვრობდნენ კიდევ, რაც ჩემთვის მიუღებელია. ცხადია, ეს გამოწვეული იყო სიძვირით. კატალიზატორი, მინიმუმ, 500 დოლარი ღირს, სხვა ხარჯსაც თუ გავითვალისწინებთ, სულ მცირე, 1500-1800 ლარის გაღება უწევს მძღოლს, ესეც მაშინ, თუ საშუალო დონის კატალიზატორი ექნება", - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან"ჯამაგიძემ.

მისი აზრით, გაზრდილი ხარჯი მოსახლეობას დიდ ტვირთად დააწვება და არის რისკიც, რომ კორუფციის მასშტაბი გაიზარდოს.

,,რა ქნან მძღოლებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ ხარჯის გაწევა. ცხადია, მივესალმები ცვლილებას, აუცილებელია, მაგრამ პრობლემებიც მოსალოდნელია, რაზეც თვალს ვერ დავხუჭავთ. სჯობს, ევროპულ სტანდარტს ჯერ საწვავის ხარისხით დავეწიოთ და შემდეგ ვიზრუნოთ სხვა რეგულაციებზე. ძალიან ბევრი მანქანა დახარვეზდება. ყოველი 100-დან 40-50 ვერ გაივლის ინსპექტირებას“, - დასძინა ჯამაგიძემ.

კატალიზატორთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებაზე გაამახვილა ყურადღება „ბიზნეს-რეზონანსთან" ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტმა გელა კვაშილავამ. მისი შეფასებით, ამ ვალდებულების დაწესება გონივრული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვის კუთხით და რეგულაციის გადავადება წარმოუდგენელი და ცალსახად ნეგატიური შედეგის მომტანია  იქნება. რაც შეეხება მაღალ ხარჯს, მძღოლებს ბანკების მხრიდან ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ, რომ ფინანსურ რესურსზე წვდომა გაუმარტივდეთ და ვალდებულების შესრულება შეძლონ.

„მნიშვნელოვანია ავტოპარკის განახლება, სუფთა ტრანსპორტის წახალისება, რაც ზოგადად, კანონმდებლობის დახვეწის გზით მიიღწევა. ამ მხრივ კატალიზატორის ქონის ვალდებულების ამოქმედება პრინციპულად აუცილებელი გადაწყვეტილებაა. გლობალური კლიმატური ცვლილების პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობს მთელი მსოფლიო, ამ პრობლემაში კი ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ვინაიდან გარემოს დაბინძურებაში ტრანსპორტის „წვლილი" საკმაოდ დიდია.

რეგულაცია უნდა დაწესდეს, ხოლო ვინც კატალიზატორს დააყენებს, საჭიროა მათთვის ხელშეწყობა ბანკებისგან, რომ ფინანსურ რესურსზე წვდომა გამარტივდეს და ხარჯთან გამკლავება შეძლონ. ასე თანდათან, კატალიზატორის გამოყენების კულტურა უნდა გაჩნდეს, არც ერთი მანქანა არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, თუ კატალიზატორი არ ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მიმართულებით გაჩნდება პრობლემა, განსაკუთრებით ჯანდაცვაში, რადგან დაბინძურებული გარემო უამრავი დაავადების გამომწვევია", - განაცხადა გელა კვაშილავამ.

ცვლილებების თანახმად, 2024 წელს გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 0.5%-ს, 2025 წლიდან კი ძრავის უქმ სვლაზე – 0.5%, ხოლო ძრავის უქმ სვლაზე მაღალ ბრუნთა რიცხვით – 0.3% უნდა შეადგინოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×