გვანცა წულაია
15.12.2022

"თურმანიძე” და "სალხინო” შესაძლოა, მალე ბაზრიდან გაქრეს. ამის მიზეზი "ჯიემპი” სტანდარტის დაუკმაყოფილებლობაა. ქვეყანაში რეგისტრირებულ 43 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა უკვე შეეზღუდა და ადგილობრივ წარმოებასაც პრობლემა შეექმნა. რა შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში გამოსავალი და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიზნესი არ გაჩერდეს?

2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში სავალდებულო ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (ჯიემპი) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (ჯიდიპი) სტანდარტი, რამაც საქართველოში წარმოებული მედიკამენტის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს. ამის შესაბამისად, ჯიემპი სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო საქართველოში რეგისტრირებულ 43 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა შეეზღუდა.

როგორც საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განაცხადა, მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება, 2023 წლიდან კი ქსელში აღნიშნული საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქცია აღარ გაიყიდება.

„ახალი სტანდარტით იცით, რომ მუშაობს მხოლოდ ორი ქარხანა და მაქსიმუმ ორი დაემატება კიდევ წლის ბოლომდე. დანარჩენები წლის ბოლოსთვის დაიხურებიან და შეაჩერებენ მუშაობას. ამჟამად დაშვებულია ბოლო სერიების გაყიდვა, მაგრამ დადგება დრო, როცა მარაგი ამოიწურება და ადგილობრივი ბაზრიდან პროდუქცია გაქრება.

თუ ეს ჩაითვლება მცენარეულ მიმართულებად, მათ შეიძლება შეიცვალონ პროფილი და აღნიშნული სამკურნალო საშუალებები გადაიტანონ როგორც საკვები დანამატი. ამ შემთხვევაში აღნიშნული სტანდარტის მოთხოვნა აღარ იქნება საჭირო, თუმცა ეს გამოსავალი არ არის, ბევრი ამას ვერ შეძლებს. აქ საუბარი არ არის 2 ლარზე, რამდენიმე მილიონზეა საუბარი, რაც ბიზნესისთვის, ცხადია, რთული გასაწევი იყო.

ჩვენ, ჯერ კიდევ, 2019 წელს ვამბობდით, რომ მომხდარიყო ეტაპობრივად გადასვლა ახალ სტანდარტზე, რაც გამოიწვევდა ამის თავიდან არიდებას, მაგრამ მაშინ იმჟამინდელი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან თანხმობა არ იყო“, - განაცხადა გოგიბერიძემ "საქმიან დილაში”.

ჯანდაცვის სფეროში ამბობენ, რომ ადგილობრივი ბიზნესისთვის ხელოვნური ბარიერები იქმნება, არადა, ამ დროს, მათთვის ხელშეწყობაა მნიშვნელოვანი. "გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე ხაზს უსვამს, რომ კრიტერიუმები უნდა იყოს ადეკვატური და შესაბამისობაში მოყვანილი, თანაც ქართული წარმოების პოპულარიზაცია მოხდეს ყველა მიმართულებით.

"ზემოთ დასახელებულ სამკურნალო საშუალებებს აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია და სხვათა შორის, თანამედროვე მედიცინა იმ ტენდენციას იზიარებს, რომ სწორედ ასეთი სამკურნალო საშუალებები წარმოება გაიზარდოს და პრაქტიკაში დაინერგოს.

კრიტერიუმები უნდა იყოს ადეკვატურად და შესაბამისობაში მოყვანილი, იმ ამოცანასთან, რომელსაც ჩვენ ვისახავთ. საჭიროა, ძალიან პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერების გუნდური მუშაობა, უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური კრიტერიუმები, რომელიც სწორედ ამ პროდუქტების შეფასებისთვის გამოგვადგება. დადგა იმის დრო, რომ ქართული სამკურნალო საშუალებების წარმოება გაიზარდოს და ჩაერთოს პრევენციული და პროფილაქტიკული მედიცინის გამოყენებისმი მართულებით”, - განაცხადა "რეზონანსთან” მარინა ბერაძემ და დასძინა, სახელმწიფო თანხები სწორედ ამ მიმართულებაში უნდა იყოს ჩადებული.

"პრობლემის შექმნა არანაირად არ არის გამართლებული. პირიქით, ჩემი მოლოდინი ის იყო, რომ სწორედ ამ ტიპის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა მოხდებოდა, რადგან უცხოეთში მათზე გაცილებით დიდია მოთხოვნა, ვიდრე ჩვენთან. აქ პოპულარიზაცაც არ ხდება სათანადო დონეზე. როდესაც ექიმი წამლებს წერს, არასოდეს არ არის გათვალისწინებული ეს მედიკამენტები. არადა, ქართული სამკურნალო საშუალებები უნდა იყოს დანარგილი, ხელმისაწვდომი და ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში. თუ ჩვენი ქვეყნის მიერ წარმოებულ პროდუქციას არ შევუწყობთ ხელს და არ გავხდით უფრო მეტად ხელმისაწვდოს, სხვაგვარად ჩიხში მოვექცევით.

ასე ზეპირად იმის თქმა, რომ "ჯიემპი” კრიტერიუმის დაკმაყოფილება ვერ ხდება და ამიტომ საქმიანობა შევუჩეროთ, არ არის სწორი. სამწუხარო იქნება, თუ ამას არ გაითვალისწინებენ. უფრო მეტიც, მავნებლობაც კი იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წავახალისოთ უხარისო პროდუქცია”, - განუცხადა "რეზონანსს” მარინა ბერაძემ. 

ადგილობრივი წარმოების მიმართულებით განსხვავებულ მიდგმაზე საუბრობს ჯანდაცვის სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი ირაკლი სასანია და ამბობს, რომ ასეთი ტიპის პროდუქციას უფრო შერბილებული სტანდარტი უნდა მიესაგადოს.

"ასეთი ტიპის წარმოებას და პროდუქციას, რომელიც არის ხალხური მედიცინის და სუკუნეების განმავლობაში არსებობს, უფრო გამარტივებული სტანდარტებით მივუდგეთ და მკაცრი მოთხოვნა არ იყოს მათ მიმართ. შესაძლებელია, რომ ამ ტიპის მედიკამენტებს უფრო შერბილებული კრიტერიუმი მიუსადაგონ. ყველა შემთხვევაში ასე უნდა მოხდეს, რადგან არსებობს უზარმაზარი საუკუნოვანი გამოცდილება”, - განუცხადა "რეზონანსს” ირაკლი სასანიამ.

"თურმანიძის” კომპანია ბაზარზე 2008 წლიდან შემოვიდა და დღემდე ხუთი სახეობის მალამოსა და ანტისეპტიკურ-სადეზინფექციო ხსნარს აწარმოებდა.

"თურმანიძე პლუსის” წარმოების ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიაში მიესალმებიან "ჯიემპი” სტანდარტის დანერგვას, თუმცა მათ წარმოებას ახალ სტანდარტებზე გადასვლისა და მორგების ფინანსური რესურსი არ გააჩნია.

„საჭიროა 1-2 მლნ ლარი, რათა გააკეთო ისეთი საწარმო, რომელიც ამ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამ ეტაპზე რამდენად სწორი იყო ყველა წარმოებისადმი ერთნაირი მიდგომა, არ გვესმის. სახელმწიფო რომ დახმარებოდა ადგილობრივ მწარმოებლებს ერთი საწარმოს გაკეთებაში, რათა მათ, ვისაც არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, იქ გვეწარმოებინა ჩვენი პროდუქტი, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ასე არ ხდება“, - განაცხადა გიორგი თურმანიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×