ილია თამარაშვილი: „რაც მეტად ავითვისებთ გონივრულ ტექნოლოგიებს, მით უფრო მდგრადად ვმართავთ ფერმერულ მეურნეობებს და მაღალი შედეგის მიღწევა შეგვეძლება, როგორ რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად“
ქეთო გოგოხია
19.12.2022

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაზე წვდომა მარტივდება. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტში შესული ცვლილება საშუალებას იძლევა, ფერმერებმა აგროსესხით  აგროდრონები და მეტეოსადგურები შეიძინონ. სიახლის დანერგვას წინ უძღოდა სექტორის მოკვლევა და შესწავლა  , რის საფუძველზეც გამოიკვეთა საჭიროებები, მომზადდა რეკომენდაციები, რამაც საბოლოოდ  მოსავლიანობის   ზრდა, ხარისხის გაუმჯობესება და სექტორის მდგრადობა უნდა უზრუნველყოს.

პროექტში შესული ცვლილებების თანახმად, დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ ისეთი აგროდრონების შეძენა, რომლებსაც ექნებათ შესხურების, ასევე აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქცია. სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20 000 ლარიდან - 1 500 000 ლარამდეა. იგივე პირობა მოქმედებს მეტეოსადგურების მოწყობის შემთხვევაში. ფერმერები საკუთარ მეურნეობებში მეტეოსადგურის მეშვეობით შეძლებენ ამინდის პროგნოზირებას, მავნებლებისა და დაავადებებისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციას, ტენიანობის გაზომვას, ქარის სიჩქარის და მიმართულების დადგენას, ასევე, სხვადასხვა აგროსამუშაოების დასაგეგმად საჭირო მონაცემების შეგროვებას.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის ილია თამარაშვილის განცხადებით, გარდა ფერმერებიდან წამოსული მოთხოვნისა, პროექტში ცვლილება საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე განხორციელდა,  მისი მიზანია წარმოების ისეთი ზრდა, რომელიც   საქართველოს მოსახლეობას სურსათის მოხმარების ზრდის გამოწვევას უპასუხებს და შეძლებს მის დაკმაყოფილებას.

,,სიახლის დანერგვისას საერთაშორისო პრაქტიკა გავითვალისწინეთ. სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის (FAO) პროგნოზით, 2050 წლისთვის გაზრდილი მოსახლეობის გამოსაკვებად   70%-ით უნდა გაიზარდოს  წარმოება. ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ, შესაბამისად,   გონივრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენც უნდა შევძლოთ და გავზარდოთ სასურსათო რესურსებზე მაღალპროდუქტიულობა.

საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში, რომელიც მაღალი რისკების მატარებელი სფეროა. სამუშაოები სტატისტიკური მონაცემის შეგროვების და გაანალიზების საფუძველზე დაიგეგმა. რაც მეტად ავითვისებთ ტექნოლოგიებს, მით უფრო მდგრადი და მაღალი რაოდენობისა და ხარისხის მიღწევა შეგვეძლება. მაგალითად, იმისთვის, რომ ვმართოთ ბაღი, გვჭირდება ტენიანობის გაზომვა, ამინდის პროგნოზირება, ქარის სიჩქარის დადგენა, ასევე მნიშვნელოვანია დაავადებების გავრცელების კუთხით წინასწარი პრევენციული მონაცემების შეგროვება, რათა არ მივცეთ მავნებელს გავრცელების შესაძლებლობა. ამ ყველაფრის დროულად გაკეთება მეურნეობაში ხარჯს ამცირებს. ელემენტარულად, არ შევწამლავთ ბაღებს, როცა გვეცოდინება, რომ ამის საჭიროება არ არის ანუ არ ვრწყავთ ტენიანობის კონტროლის პირობებში, რადგან არ სჭირდება. ამ და სხვა ღონისძიებების შედეგად ბაღი უფრო მაღალპროდუქტიული ხდება და შედეგიც ბევრად ხარისხიანი და უკეთესი მიიღწევა", - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში დაგროვილი მონაცემების ერთად თავმოყრა და ანალიზი იძლევა შესაძლებლობას, რომ წლევანდელი მაჩვენებლები გასული წლის/წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემს შეადარონ, გამოიკვეთოს საჭიროებები და გაცემული რეკომენდაციით იხელმძღვანელონ.

,,ჩვენი ბენეფიციარების მიერ შეგროვილი აგრომონაცემები იგზავნება ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა ქვეყანაში - ავსტრიაში, საფრანგეთსა, დანიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც ხდება მათი შესწავლა, დამუშავება და რეკომენდაციების დაბრუნება. ამ ცოდნის შემოტანა არ ჯდება ძვირი. ავსტრიის მაგალითი რომ ავიღოთ, 95 ევრო ჯდება წელიწადში იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ონლაინ შეგროვილი მონაცემი დაამუშავოს და რეკომენდაციები გასცეს. ამით სოფლის მეურნეობა ბევრად უფრო დაცულია. როცა ინფორმაცია გაქვს, ბევრად სწორ გადაწყვეტილებას იღებს ფერმერი, უკეთესი ხარისხი მიიღწევა, მოსავლიანობაც მატულობს, რასაც როგორც ფერმერისთვის, ისე ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი მოაქვს", - აღნიშნა ილია თამარაშვილმა.

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრებაში მთავრობის წვლილსა და ზოგადად, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტში განხორციელებული ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრობს მედიასთან ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლერი ტაბატაძე, რომელმაც შეაფასა, თუ რა უპირატესობა აქვს ახალ ტექნოლოგიებს და რა ეფექტს მისცემს მისი გამოყენება ფერმერებს.

,,აგრარულ მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც აგროსექტორი მაღალ დონეზეა, აგროდრონებსა და მეტეოსადგურებს იყენებენ. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მხოლოდ გაწერილი გეგმით არ ვიმოქმედოთ. ეს უნდა ხდებოდეს საჭიროებების გათვალისწინებით, რასაც ტექნოლოგიების გამოყენებით შევძლებთ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია  დავაკვირდეთ გარემოპირობებს -  როგორი ტენიანობაა, წვიმას ხომ არ ველოდებით, რა მავნებელი შეიძლება გამოჩნდეს და სხვა. ახალი ტექნოლოგიის ჯამურ ინვესტიციას თუ შევხედავთ, აგრო მეტეოსადგურის შემთხვევაში, გაშენებული ბაღიდან გამომდინარე, 10 000 ევროდეა  ეს არის ერთჯერადი ინვესტიცია, შემდგომი ეტაპისთვის მინიმალური დანახარჯია. კერძოდ, საჭიროა წვდომა ინტერნეტთან, რომ ფერმერი იღებდეს ინფორმაციას, ექსპლუატაციის ნაწილში  პრაქტიკულად უფასოა", - განაცხადა ლერი ტაბატაძემ და დასძინა, რომ ახალი ტექნიკის გამოყენება მონაცემთა შესწავლა-გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა, რის მიხედვითაც ფერმერი ხელმძღვანელობს.

,,ტექნოლოგიურ სიახლეს დიდი ეფექტი ახლავს, მათ შორის ეკონომიკაში, როცა ველოდებით ტენიანობას და ბაღი შესაწამლი გვაქვს, შევდივართ ზუსტად იმ დროში, როცა მოითხოვს შეწამლვას და არა წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით. შეიძლება, 10-ის ნაცვლად 8 წამლობა დაგვჭირდეს ან პირიქით. საბოლოო ჯამში, ეფექტიანობა ძალიან იზრდება და ხარჯი მცირდება. ამასთან, ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავაანალიზოთ თუნდაც გასული პერიოდი, რომ ვიცოდეთ სად დავუშვით შეცდომა და გამოვასწოროთ, გავითვალისწინოთ", - დასძინა ლერი ტაბატაძემ.

ფერმერმა დიმიტრი ბანკანაშვილმა აგროდრონი უკვე გამოსცადა. იგი ადასტურებს, რომ ტექნიკა მაღალეფექტიანია და მისი გამოყენება წარმოების პროცესში მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის ზრდის მხრივ  დიდ შედეგს იძლევა.

,,აგროდრონის გამოყენებისას ფერმერები სამ მნიშვნელოვან კომპონენტზე ვახდენთ ფოკუსირებას: დრო, ეფექტურობა და ეკონომიკური ფაქტორი. კერძოდ, მისი  საშუალებით ხდება დროული ჩარევა და ინტერვენცია სხვადასხვა დაავადების კონტროლისა და გავრცელების აღმოფხვრის კუთხით. აგროდრონის გამოყენებით ვამცირებთ  კონკრეტულ სამეურნეო სავარგულზე შესაწამლი ხსნარის გამოყენებას, მაგალითად, ტრაქტორით შეწამლვის შემთხვევაში თუ გამოიყენება 250-300 ლიტრამდე სამუშაო ხსნარი, აგროდრონის მეშვეობით ვიყენებთ 30 ლიტრს, რაც დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია.

გარდა ამისა, აგროდრონით შესაძლებელია პესტიციდების შეტანა, ასევე თესვის ჩატარება და სხვადასხვა მინერალების და დანამატების შეტანა როგორც გრანულირებული, ასევე თხევადი სახითაც. ჩვენს შარშან ქარელის რაიონში პირადად გამოვიყენეთ, 90-დან 100 ჰა-მდე სავარგული გადავამუშავეთ დღენახევარში, რაც საუკეთესო შედეგია. ვფიქრობ, ბევრ ფერმერს დააინტერესებს, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია დარგი განვითარდეს", - აღნიშნა ფერმერმა.

რაც შეეხება მეტეოსადგურებს, მაგალითად, შიდა ქართლში  რამდენიმე ფერმერია, რომელიც ამ ტექნოლოგიას წარმატებით იყენებს. ,,ტირიფონის ბაღების" დირექტორი ზურაბ გოჯიაშვილი ვაშლის ბაღებში ამ ტექნიკას 2017 წლიდან ფლობს. ამბობს, რომ მეტეოსადგურის მეშვეობით ევროპულ სერვისებზე პირდაპირი წვდომა აქვს და მიღებული რეკომენდაციებით სარგებლობს. საკუთარი მეურნეობის წარმატებას ზურაბ გოჯიაშვილი დიდწილად სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებას უკავშირებს.

,,ჩვენი მეტეოსადგურთან  მობილური ინტერნეტის მეშვეობით ევროპული სერვისის ორ პროვაიდერზეა დაერთებული. ერთ-ერთია ავსტრიული კომპანია, რომელიც თვითონ აწარმოებს სადგურებს და  გასცემს რეკომენდაციებს, რომელი დაავადების მიმართ გავამახვილოთ ყურადღება და რომლის მიმართ არის არსებული მდგომარეობა ხელსაყრელი. მეორე პროვაიდერს წარმოადგენს ფრანგული კომპანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ზუსტად ვიცოდეთ დაავადების განვითარების სტადია,  დაავადების გამომწვევი აგენტი - სოკო, პარაზიტი და ბაქტერია როდის არის მოწყვლადი ქიმიური საშუალებისადმი, რომ სწორად გამოვიყენოთ. ჩვენი კონსულტანტები რეკომენდაცვიის საფუძველზე გვირჩევენ პრეპარატებს და მათი გამოყენების ზუსტ დროს, რითაც, საბოლოოდ, მაღალ შედეგს ვაღწევთ.

ამ ტექნოლოგიის დამსახურებაა, რომ ჩვენს ნაწარმში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წილი 85%-ს აღწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირს მიღებული აქვს დირექტივა, რომლის საფუძველზე 2030 წლისთვის მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა განახევრდეს. ამ მიზნის მისაღწევად, მეტეოსადგური  დიდ შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნა მეწარმემ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი ტექნოლოგიაზე, რაც საბოლოო ჯამში, დიდ სარგებელს მოიტანს.

,,მეტეოსადგურის მეშვეობით შესაძლებელია 5-კილომეტრიან არეალში  მეტ-ნაკლებად ზუსტი პროგნოზირების გაკეთება. მეტს რომ მიუწვდებოდეს ამ ტექნიკაზე ხელი, არეალიც და სიზუსტეც გაიზრდება. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიის ნებისმიერი წინსვლა და მისი უპირატესობის გამოყენების მცდელობა ყოველთვის არის უკეთესი. რაც შეეხება ხარჯს, მისი ღირებულება 10 000 ევრომდეა, ფუნქციობისთვის კი, ფაქტობრივად, არაფერი სჭირდება, თუ არ ჩავთვლით თვეში 5 ლარს მობილური ინტერნეტისთის და წელიწადში 3 ლიტრ გამოხდილ წყალს, რაც სჭირდება ფარდობითი ტენიანობის განმსაზღვრელ კვანძს, მეტი არაფერი! სამაგიეროდ, არნახულ სარგებელს იძლევა", - განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.

ამდენად, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე გამოწვევების გადასალახად,  გონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება მეტად აქტუალური ხდება, რათა უფრო მეტი შედეგის მიღება გახდეს შესაძლებელი, გაიზარდოს პროდუქტიულობა, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი კუთხით, ნაკლები დანახარჯების გაწევით.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული მიდგომების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე; სოფლის მეურნეობის სექტორში შეიქმნას მეტი შემოსავალი და დარგის განვითარების პროცესი მდგრადობის პრინციპებზე იყოს  დაფუძნებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×