ვახტანგ იობაშვილი: არ გვაქვს სტანდარტი და ამით სარგებლობენ, აუცილებელია ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის რეგულარული შემოწმება
ქეთო გოგოხია
19.12.2022

საავტომობილო ზეთების ბაზარზე დღეს არსებული ვითარება არადამაკმაყოფილებელია და ზეთის ფალსიფიკაციის პრობლემა ბაზრისთის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. იქიდან გამომდინარე, რომ საავტომობილო ზეთებზე სტანდარტი არ ვრცელდება, სხვადასხვა კომპანიებს აქვთ იმის საშუალება, რომ საქართველოში დაბალხარისხიანი პროდუქტი შემოიტანონ და გაყიდონ, რაც ეკოლოგიურად სერიოზულ ზიანს იწვევს და ავტომობილების გამართულობასაც დიდ რისკს უქმნის.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, საქართველოს ავტოპარკი განახლებულია, შესაბამისად, ის დაბალხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის უკვე არ არის საჭირო, რადგან მრავალმხრივ შეიცავს რისკს და ტურისტული ქვეყნის იმიჯზეც მკვეთრად უარყოფით გავლენა სახდენს.

როგორც ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" განაცხადა, გამოსავალი არის, რომ დაინერგოს ახალი სტანდარტი, თუნდაც იგივე, რაც ევროპაშია. არის ორი ძირითადი ინსტიტუტი - ამერიკული და ევროპული, რომლებიც ყველა საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელს ანიჭებენ სერტიფიცირებას და სწორედ ამ მეთოდის მიხედვით მოხდეს პროდუქტის იმპორტი.

,,საავტომობილო ზეთის ხარისხი ძალიან სერიოზული პრობლემაა, ეტყობა მფარველები ჰყავთ, თორემ ასე ვერ გაბედავდნენ. ბაზარი ფალსიფიცირებულმა პროდუქციამ წალეკა. ორიოდე საწარმოა თბილისში, რომელიც საავტომობილო ზეთზე მუშაობს, ასევე იმპორტიც დიდი მოცულობით შემოდის. გამომდინარე იქიდან, რომ  ჩვენ არ გვაქვს სტანდარტი, ამით სარგებლობენ. ეს ვნებს ქვეყნის ეკონომიკას და ავტომობილის გამართულ მუშაობაზეც ცუდად მოქმედებს.

თავი და თავი არის უკონტროლო სიტუაცია. რეგულარული შემოწმება უნდა ხდებოდეს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ საავტომობილო ზეთი ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე სხვადასხვა ტიპის საწვავი, ასე ნამდვილად არ არის და ეკოლოგებმა ამასაც უნდა მიაქციონ ყურადღება. მივმართავ გარემოს დაცვის სამინისტროს, ხარისხის თემაზე მომუშავე ჯგუფს, რომ ამ საკითხს სათანადო ყურადღება მიაქციონ. უნდა ვიცოდეთ, რას მოვიხმართ და რა შემოდის. არ შეიძლება, რომ საავტომობილო ზეთი  შეუმოწმებლად გავუშვათ მოხმარებაში.

ტურისტების რაოდენობა მზარდია ქვეყანაში, სატრანზიტო ფუნქციაც მატულობს, ამიტომ ჩვენ ვერ შევთავაზებთ მომხმარებელს ისეთ პროდუქტებს, რომელთა ხარისხშიც არ ვართ დარწმუნებული. ეს ქვეყნის იმიჯზეც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს იმ ზიანთან ერთად, რასაც ფალსიფიცირებული ზეთების გამოყენება იწვევს", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მეორადი ზეთების გაყიდვა დანიშნულების მიხედვით უნდა მოხდეს და არ დაბრუნდეს ისევ პირველად ბაზარზე. ასევე მოხერხდეს აღნიშნული პროდუქტის გატანა ან იმ ორგანიზაციებზე ჩაბარება, რომლებიც მას დაწვის მიზნით გამოიყენებენ.

,,დღესდღეობით, ფაქტობრივად, დაკეტილია და ირანიდან თითქოს აღარ შემოდის საავტომობილო ზეთი, მაგრამ ბაზარზე მაინც დიდი მოცულობითაა. როგორც ჩანს, რაღაც გზებით მაინც აღწევს ქვეყანაში ე.წ. დამუშავებული ზეთი, გაურკვეველ ინგრედიენტებს ურეევენ და ხარისხობრივად როგორი იქნება, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩვენ აკრედიტებული ლაბორატორიებია და ხარისხის შემოწმება პრობლემა არ არის. თუ სურვილი ექნებათ. ყველა ის კომპანია იციან, ვინც მუშაობს ამ დაბალხარისხიან ზეთებზე.

გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით  სტანდარტი ჩამოაყალიბა, რომლის გაკონტროლება არ არის რთული და მისაღებიცაა. თუმცა სანამ მოხმარებაშია საწვავი, დროულად უნდა გაეწიოს კონტროლი. ვიცით, რომ  პირდაპირ ქუჩებში 2 ლარად იყიდებოდა ირანული ზეთი, ამ დროს ნამდვილად არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომ ეს ფაქტი არ გვაწუხებდეს და არ ვიკვლევდეთ ბაზარს, რაც აუცილებელია. გავფრთხილდეთ, ვინაიდან ეკოლოგიურად საავტომობილო ზეთი არც ერთ მასალაზე ნაკლები არ არის, ძალიან ტოქსიკური და საშიშია.

ვცდილობთ, შემოვიღოთ სტანდარტი, მაგრამ თვითონ აკრედიტაციის სამსახურის დონეზე რამდენიმე ეტაპია გასავლელი, რაც მარტივი არ არის. არავინ არავის უკრძალავს, განახორციელოს კონტროლი, რას უსხამენ და რა სიზუსტით, მაგრამ დასკვნა აკრედიტირებული ორგანოს მიერ უნდა იქნას გაკეთებული, სხვა შემთხვევაში, უკანონოა. მაქსიმალური კონტროლია საჭირო, რომ მეორადი ზეთების გაყიდვა დანიშნულების მიხედვით მოხდეს და ის არ დაბრუნდეს ისევ სარეალიზაციოდ, რაც ასევე დიდი პრობლემაა", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

რაც შეეხება საცხებ-საპოხი მასალების იმპორტს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში შეადგინა 19,61 ათასი ტონა, რაც 2,49 ათასი ტონით, ანუ 14,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით.

აღნიშნულ პერიოდში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა თურქეთიდან - 4,02 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ირანი - 3,62 ათასი ტონა (18,5%), გერმანია - 2,09 ათასი ტონა (10,7%), რუსეთი - 2,01 ათასი ტონა (10,2%).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×