უძრავი ქონების ბაზარზე კიდევ გაძვირებას ელიან, რაც საქართველოს მოქალაქეებს გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებს
გვანცა წულაია
24.01.2023

ბინებისა და საკუთარი სახლების გაძვირება 2023 წელსაც მოსალოდნელია. "თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი მიმდინარე წელს დამატებით 18%-ით, ხოლო ქირის ღირებულება 28%-ით გაიზრდება. ბოლო დროს ღირებულება გამუდმებით იზრდება, ამიტომ მომავალში ფასი შესაძლოა, იმ დონეზე მივიდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საერთოდ ვეღარ შეძლონ ვერც ბინის და ვერც მიწის შეძენა.

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე განსაკუთრებული გაძვირება შარშან დაიწყო. ფასის მკვეთრი მატება ორეტაპად მოხდა. პირველად მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო, საქართველოს მიგრანტების ნაკადი მოაწყდა და უძრავ ქონებზე მაღალი მოთხოვნა გაჩნდა. მეორედ კი, როდესაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა და საქართველოსკენ მიგრანტების კიდევ ერთი ნაკადი დაიძრა. ამ უკანასკნელს სასწავლო წლის დაწყებაც დაემთხვა, რამაც ასევე იქონია გავლენა სიძვირეზე.

მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა და ბაზარზე მკვეთრი მოთხოვნა აღარ შეინიშნება, თუმცა კვლავ მაღალი ფასი ფიქსირდება. არსებობს კიდევ უფრო გაძვირების მოლოდინიც, თანაც ისე, რომ როგორც კომპანია "ბერუკას” დამფუძნებელი ავთანდილ გუგეშაშვილი აცხადებს, საქართველოს მოქალაქეებს ბინის შეძენა შესაძლოა, მალე გაუჭირდეთ.

"2023 წელს რამდენად მასშაბური ზრდა გვექნება, არ ვიცი და ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ უძრავი ქონების ბაზარზე ღირებულება რომ ძალიან ავარდა და ზევით და ზევით იწევს, ეს ფაქტია. ყველა ვარიანტში, ბანკებმა პროცენტი ქვევით უნდა დასწიონ, რადგან გაძვირება თუ კიდევ გაგრძელდა, სად წავალთ, ღმერთმა უწყის.

რადგან უძრავი ქონების ბაზარზე ასეთი ფასებია, მალე საქართველოს მოქალაქეებს ბინის შეძენა ნამდვილად გაუჭირდებათ და, როგორც აღვნიშნე, თუ ბანკების მხრიდან პროცენტმა არ დაიკლო, ეს საკითხი უფრო პრობლემური გახდება”, - განუცხადა "რეზონანსს” გუგეშაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა შარშანვე გაუჭირდათ. ჯერ იმიტომ, რომ ბინის შოვნა ძალიან რთული იყო, მერე კი იმის გამო, რომ ღირებულება ძალიან გაზრდილია, რაც ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 14.3% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი 24%-ით არის მომატებული.

ქართველებისთვის ბინების შეძენა რომ პრობლემურია ამაზე საუბრობს კომპანის "სიგმას” დამფუძნებელი ზურაბ ლაჩაშვილიც და პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ მხრივ გარკვეული შეფერხებები ნამდვილად არსებობს.

"კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ, საქართველოს მოქალაქეებს, სიძვირის გამო, უძრავი ქონების შეძენა მართლაც გაუჭირდათ. გარკვეული შეფერხებები არის, თუმცა მათ, ვისაც ბინის შეძენის აუცილებელობა ჰქონდა, გაძვირებულ უძრავ ქონებას მაინც ყიდულობენ. რაღაც ნაწილი იმედით შეჰყურებს მომავალს, რომ ვითარდება დასტაბილურდება”, - განუცხადა "რეზონანსს” ზურაბ ლაჩაშვილმა და დასძინა, რომ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოვლენები განვითარდება მსოფლიოში.

"შარშან ფასების სწრაფი აღმასვლა, როგორც ქირაზე, ისე ყიდვაზე განაპირობა რუსეთიდან მიგნატების შემოდინებამ. არ ვიცით, მათი მთავრობა როგორ მოიქცევა, კიდევ გამოაცხადებს თუ არა მობილიზაციას, ამიტომ ძალიან ძნელია დეტალური პროგნოზის გაკეთება.

წესით და რიგით, დიდი იმედი მაქვს, რომ ვითარება უფრო სტაბილიზაციისკენ წავა, რადგან ფასები ძალიან მაღალ ნიშნულადეა ასული. თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ მოხდა, რაც კიდევ სიძვირისკენ წაიყვანს ბაზარს, მაშინ ვფიქრობ, სტაბილიზაცია გვექნება. შეიძლება ისეთი არაორდინალური ვითარებაც შეიქმნას, რომელიც ძალიან აცდენილი იქნება ამ პროგნოზთან, ახლა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება”, - დასძინა "სიგმას” დირექტრმა "რეზონანსთან” საუბრისას.

2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების დიდი ნაწილი უცხოელებზე მოდის. „არსის” დამფუძნებლის ირაკლი როსტომაშვილის ინფორმაციით, საქართველოში თუ პირობითად წლის განმავლობაში იყიდებოდა 3000 ახალი ბინა, რუსეთის მოქალაქეების აქტიური შემოსვლის ფონზე 2022 წელს გაიყიდა ორჯერ მეტი. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათი მხრიდან უძრავი ქონების შეძენის სტატისტიკას დინამიკური ხასიათი აქვს.

როსტომაშვილის აზრით, ქვეყანაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასების ზრდა დამოკიდებული იქნება იმაზე, კიდევ შემოვლენ და გააგრძელებენ თუ არა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უძრავი ქონების შეძენას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×