ქეთო გოგოხია
24.01.2023

ზედიზედ მეოთხე თვეა, საქართველოში ზეთი იაფდება. ამ პროდუქტის ექსპორტიორი  ქვეყნებიდან კი რუსეთი პირველ ადგილზეა. ოქტომბრიდან მოყოლებული ზეთის ფასი დაახლოებით 20-30%-ით არის შემცირებული. ფასმა პიკს 2022 წლის ივლის-აგვისტოში მიაღწია და პროდუქტის ღირებულება ნახტმისებურად გაიზარდა. თუმცა დღეს აქციის ფარგლებში ზეთი მაღაზიებში საგრძნობლად  არის გაიაფებული. იმპორტიორები რუსეთიდან ზეთის იმპორტის ზრდაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ფასის კლება, სავარაუდოდ, სამომავლოდაც გაგრძელდება.

შარშან საქართველოში 47.7 მლნ დოლარის  32.6 ათასი ტონა მზესუმზირას ზეთი შემოვიდა. 2022 წელს ფასი 14.2%-ით გაიზარდა. თუ 2021 წელს 1 ლიტრი ზეთის საიმპორტო ღირებულება 1.5 დოლარი იყო, 2022 წელს 1.7 დოლარი შეადგინა. შარშან ზეთის იმპორტის 87% რუსეთიდან განხორციელდა.

რაც შეეხება ფასებს, დისტრიბუტორთა კავშირის თავმჯდომარის ივა ჭყონიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე იაფდება სწორედ რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტი, თუმცა სხვა წარმოების ზეთის ფასმაც მცირე კლება განიცადა.

„ადგილობრივ ბაზარზე გიაიფება უკვე თვალში საცემია. ფაქტობრივად, ზედიზედ რამდენიმე თვეა, რაც ამ პროდუქტის ფასი დაბლა მოდის. ცვლილება საექსპორტო გადასახადის გაუქმებას უკავშირდება თუმცა სხვა ფაქტორის გავლენაც მოქმედებს. ეს გამოწვეულია, ერთი მხრივ, რუსეთში ჭარბი მოსავლით, თუმცა ამავე დროს გავლენა  უკრაინის პორტებისა და სხვა გზების გახსნამაც იქონია.

დღესდღეობით რუსები ყველანაირად ცდილობენ კონკურენტუნარიანები იყვნენ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. ამ ფაქტორის გამო მიიღეს მათ გადასახადის გაუქმების გადაწყვეტილება, რამაც სამომხმარებლო ფასებზე გარკვეული გავლენა ჰპოვა. დღეს რუსული ზეთი დაახლოებით 20%-ით უფრო იაფია, ვიდრე უკრაინული, რომლის ფასიც ასევე შემცირდა. ცვლილება უფრო არაბრენდირებულ პროდუქტებს ეხება, ბრენდების ნაწილში უფრო ნელა იკლებს, თუმცა ტენდენცია აქაც სახეზეა და სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მისივე თქმით, რუსეთთან სავაჭრო კავშირი არასტაბილურია და ნებისმიერ მომენტში შეიძლერბა სიტუაცია შეცვალოს, მათ შორის, ფასიც, რადგან უცნობია, რას მოიმოქმედებს აგრესორი ქვეყანა კონკრეტულ სიტუაციაში.

,,დღეს რუსეთიდან შემოტანა იაფია, მაგრამ სტაბილურობის განცდა ბიზნესს არ აქვს. შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს საფასო პოლიტიკა. რამდენიმე თვის წინ იყო შემთხვევა, როცა იმპორტიორს  ზეთი უკრაინიდან შემოჰქონდა და რუსეთმა ფასი ისე დააგდო, რომ იმპორტიორს მოუწია პროდუქტი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაეყიდა. არაფრისგან არ ვართ დაზღვეული, როცა რუსეთიდან გვიწევს იმპორტი", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" ჭყონიამ.

ცვლილება ადგილობრივი წარმოების ზეთსაც შეეხო. აგრარული პროდუქტების მაღაზიებში კახური ზეთი ბოლო დრომდე 13 ლარამდე ღირდა და დღეისთვის 10-11 ლარის ფარგლებში იყიდება, ხოლო ადგილზე ზეთის ყიდვა 7 ლარადაც არის შესაძლებელი.

სიღნაღელი მეწარმის რუსლან მეურმიშვილის თქმით, გაიაფდა მზესუმზირის ღირებულებაც და 1,5-2 ლარის ფარგლებშია, როცა წინა სეზონზე ფასი 3 ლარს აღწევდა.

,,წინა სეზონზე მზესუმზირა თუ ღირდა 2,5-3 ლარამდე, წელს 1,5-2 ლარს არ ასცილებია. კახური ზეთის ფასი კი 1 ლიტრზე 6-7 ლარია, როცა წინა წელს 10 ლარამდე იყო. ზეთსახდელებში კი ფასი 5 ლარამდე შემცირდა. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რატომ იაფდება ზეთი, შეიძლება იმის გამპოც, რომ იმპორტული პროდუქტის ფასმა დაიკლო და ადგილობრივს მასთან კონკურენციის გაწევა უჭირს. ისეთი სიტუაციაა, როცა ყველამ რაღაცნაირად თავის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ.

ტექნოლოგიები მოძველებულია, ესეც მოქმედებს მოსავალზე, თუ ამ პრობლემებს მივხედავთ, შესაძლებელია წარმოების იმ დონეზე განვითარება, რომ იმპორტზე დამოკიდებულობა შევამციროთ“, - აღნიშნა სიღნაღელმა მეწარმემ ,,რეზონანსთან".

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში მზესუმზირას ნათესი ფართობი, დაახლოებით, 5 000 ჰექტარია, საჰექტრო მოსავლიანობა კი დაახლოებით 1 ტონა. ქვეყანაში ნაწარმოები მარცვლეული, ძირითადად, მცირე ზეთსახდელებში გამოიყენება.

შეგახსენებთ, რომ ზეთი ერთ-ერთი პირველია იმ პროდუქტებს შორის, რომელიც 2022 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა. მისი ფასი აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83%-ით იყო გაზრდილი. თუმცა სექტემბერ-ოქტომბრიდან გაიაფების ტენდენცია დაიწყო და ამ ეტაპზეც გრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×