"ეს უარყოფითად აისახება ჩვენს მიგრანტებზე, ქვეყანასა და მათ ნათესავებზეც კი“
თიკა სიბოშვილი
01.02.2023

ევროკავშირი მიგრანტების მიღების წესებს ამკაცრებს და დეპორტაციას ამარტივებს. ევროპაში მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა და ლტოლვილთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ახლა სამშობლოდან წასული ემიგრანტები რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათი ბედი გაურკვეველია. ევროკავშირი კი უფრო ზუსტად იმ მიგრანტების დეპორტაციას გეგმავს, რომელთა განაცხადი თავშესაფრის ან რეგულაციის თაობაზე უარყოფილი იქნება.

მდგომარეობა რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო მეტად გაართულა, რადგან უკრაინის მოსახლეობის მესამედს ევროპაში გაქცევა, ამას ემატებიან მოლდოველებიც და რუსებიც, ხოლო საქართველოდან მოსხლეობის გადინება ისედაც ყოველთვის დიდი იყო.

ახლა მნიშვნელოვანია, რა ელით ქართველ ემიგრანტებს უცხო ქვეყანაში, ხოლო მათ ახლობლებს სამშობლოში. ეს სერიოზული პრობლემას წინაშე დააყენებს ქართველთა დიდ ნაკადს.

როგორც მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოგიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის გამკაცრებული წესები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეს ეხება.

"საქართველოსთან მიმართებით არსებითად არაფერი იცვლება, რადგან რეადმისიის ხელშეკრულება საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. მცირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების რაოდენობაც, შესაბამისად, ეს პროცესი შეიძლება უფრო შეიზღუდოს და უფრო ნაკლებ ადამიანს მიეცეს თავშესაფარი, შესაბამისად, მოხდეს მათი დეპორტაცია", - აღნიშნა გოგიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ამ პროცესის დაჩქარება ლტოლვილების დიდი რაოდენობით მატებამ გამოიწვია.

"დამატებით რამდენიმე მილიონი ლტოლვილი გაჩნდა ევროპაში, რაც დაკავშირებულია საკმაოდ დიდი რესურსების ხარჯვასთან. მათ შორის, თავშესაფრიდან დაწყებული, სოციალური შემწეობით დამთავრებული. ეს არ არის მარტივი, თითოეული მიგრანტის შენახვა წელიწადში, სახელმწიფოს დაახლოებით, 25 000 ევრომდე უჯდება.

რაც შეეხება დეპორტაციას, პრინციპში აქაც სიახლე არაფერია, როდესაც ადამიანს უარს ეუბნებოდნენ თავშესაფარზე, მას ეძლეოდა ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. ხშირი იყო ფაქტები, როდესაც ამას ბოროტად იყენებდნენ პოტენციური ლტოლვილები და არ ტოვებდნენ ქვეყანას, ცდილობდნენ იქ დარჩენილიყვნენ არალეგალურად, რაც ქვეყნისთვის დამატებით ხარჯებთან და საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, მათ შორის, კრიმინალთან. ეს ეხება ყველა იმ მიგრანტს, რომელიც ჩადის ევროკავშირის მითითებულ ქვეყნებში", - დასძინა გოგიშვილმა.

საქართველოდან მოქალაქეების დიდი რაოდენობით გადინებას სტატისტიკაც ადასტურებს. 2021 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მოთხოვნა, 2020 წელთან შედარებით 69%-ით გაიზარდა. ამასთან, 2021 წელს წევრ ქვეყნებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წელს წევრ ქვეყნებში უკანონოდ საქართველოს 13 000 მოქალაქე იმყოფებოდა, 2020 წელს კი ეს რაოდენობა 10 165-ს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების რაოდენობა, რაც იმას ცხადყოფს, რომ ქვეყნიდან გასვლის მსურველი ბევრია.

ქართველების უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად ცხოვრობს, რაც მდგომარეობას კიდევ ართულებს. არსებული მდგომარეობა, როგორც აღმოჩნდა ლტოლვილებისთვის ჯერჯერობით უცხოა და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც ესპანეთში მცხოვრები თინა რევაზიშვილი აღნიშნავს, ემიგრანტების დეპორტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

„უკვე მრავალი წელია, რაც ესპანეთში ვცხოვრობ. ჩამოსვლისთანავე მოვითხოვე საბუთი და ახლა არალეგალი აღარ ვარ, თუმცა ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ახალი ჩამოსულები არიან და ჯერჯერობით არც საბუთი აქვთ. ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ შესაძლოა, მათი ქვეყნიდან გაძდევების საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუმცა ეს თუ ასე მოხდება, ყველას ძალიან გაუჭირდება“, - აღნიშნა რევაზიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

იგივეს ამბობს იტალიაში მცხოვები სოფიკო კაკიაშვილი. როგორც დეპორტაციისა და გამკაცრებული წესების შესახებ ჯერჯერობით იქაც არაფერი იცის.

„იტალიაში ბევრი ქართველია, როგოროც ლეგალურად, ისე არალეგალურად. ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს და მსგავსი ფაქტის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. როცა არალეგალი ხარ, რისკი მუდმივადაა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოგიწიოს ქვეყნიდან წასვლა“, - აღნიშნა კაკიაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

მიგრანტთა ნაკადის შემცირების მიზნით ევროკავშირის მხრიდან ეს პირველი მცდელობა არ არის, თუმცა ახლა ქვეყნებს ისე გაუჭირდა, რომ ამდენ ლტოლვილს ვერაფრით წვდებიან.

სოციოლოგ პაატა აროშიძის აზრით, ქართველთა დიდი რაოდენობით დეპორტი მოსალოდნელი არ არის, თუმცა გამკაცრებულ პირობებში ცხოვრება მათთვის ნამდვილად გართულდება.

„ქართველ მიგრანტთა დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებშია წასული - საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და სხვა. მათი დიდი ნაწილი იმდენად დიდი ხანია, რაც არალეგალურად ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, რომ უკვე გამომუშავებული აქვთ ინსტიქტი და მათი დეპორტაცია იქიდან ვერ მოხდება. ემიგრანტები ადვილად არ ჩაუვარდებიან ხელში იქაურ სამართალდამცავებს. არ ველოდები, რომ ქართველების მასობრივად გამოაძევებენ.

ისიც ფაქტია, რომ არალეგალებს უფრო გაურთულდებათ უცხო ქვეყანაში ცხოვრება. გაუჭირდებათ გადაადგილება, შესაძლოა ამან მათ შემოსავალზეც იმოქმედოს და გადმორიცხულ თანხებზეც. ახლა ყველა მხრიდან პრობლემებია, რაც არსებულმა პოლიტიკურმა და საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია", - აღნიშნა აროშიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ეს პროცესი უფრო მეტად რუსი მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული.

„სადეპორტაციო ღონისძიებები უფრო მეტად რუსი მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული და არა ქართველი, უკრაინელი ან მოლდოველი ემიგრანტებიკენ. არალეგალი მიგრანტებისადმი ბრძოლის ტალღები ყოველთვის იყო ევროკავშირში და ესეც ერთი ასეთი ტალღაა, რომელიც უარყოფითად აისახება ჩვენს მიგრანტებზე, ქვეყანასა და მათ ნათესავებზეც კი“, - დასძინა აროშიძემ.

ევროკომისიის მიერ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2020 წელს 8 650 განაცხადი იყო წარდგენილი, 2021 წელს კი მათი რაოდენობა 14 600-ს შეადგენდა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა 2021 წელს 13%-ით შემცირდა. კერძოდ, 2021 წელს საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება 10 595 მოქალაქესთან დაკავშირებით მიიღეს, 2020 წელს კი ეს რაოდენობა 12 120-ს შეადგენდა. შემცირდა საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობაც. 2021 წელს საქართველოში დაბრუნდა 5 495 მოქალაქე, 2020 წელს კი - 6 330 მოქალაქე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×