სურსათზე ფასების დარეგულირებაში მთავრობის ჩარევა გარდაუვალი და აუცილებელი გახდა
გვანცა წულაია
07.02.2023

საქართველო იაფი ქვეყნიდან ძვირ ქვეყანად გადაიქცა, სადაც არც ლარის გამყარება, არც მსოფლიოში პროდუქციაზე ფასის კლება და არც ლოგისტიკის გაიაფება არ ახდენს გავლენას პროდუქტების ღირებულების შემცირებაზე. სწორედ ამიტომ მთავრობამ საკითხის დარეგულირება გადაწყვიტა და კონკრეტული გეგმაც მალე მზად იქნება, თუ რა გზიც შეეცდებაა ღარიბაშვილის გუნდი ქვეყანაში სიიაფის დაბრუნებას.

სხვადსხვა დადებითი ტენდენციის მიუხედავად, სუპერმარკეტების მაღაზიის დახლებზე საქონელს ფასდაკლების თითქმის არაფერი ეტყობა, არადა ამისი შესაძლებლობა რეალურად არსებობს. პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორები პირდაპირ მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა და მინისტრებს - ლევან დავითაშვილს, ლაშა ხუციშვილსა და ოთარ შამუგიას - საკითხის შესწავლისა და დასკვნების დადებისთვის ორკვირიანი პერიოდი მისცა.

„რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქციის ფასების შესწავლა დავავალე. მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისიერად და გონივრული მარჟებით მუშაობდნენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და მაგალითად ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი თუ მარილის შემთხვევაში საბითუმო ფასებზე დამატებულია 50, 60, 70, 80%-იანი ფასნამატი, ამას ემატება საცალო ფასნამატი მინიმუმ 20-25% და გამოდის ჩვენს მოსახლეობას ამ პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერმა.

იმპორტირებმა კი, თავის მხრივ, იმ მიზეზებზე დაიწყებს საუბარი, რაც საქონელს 100%-ით აძვირებს. დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ამბობს, რომ პროდუქტების მაღალი ღირებულების საკითხზე და მის გამომწვევ მიზეზებზე, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებთან არაერთხელ უსაუბრიათ და ამ საკითხის რეგულირება აუცილებელია.

„იმპორტიორებს საცალო სექტორის მხრიდან გაზრდილი გადასახადების გამო, ფასნამატის გაზრდა უწევთ. გადასახადში იგულისხმება რეტროს ბონუსი, `ქეშბექი", რომელიც საშუალოდ მარჟაში რომ გადავიყვანოთ, 20-25%-ია, ხოლო ფასნამატში მისი წილი, რიგ შემთხვევაში, შეიძლება 40-50% იყოს, მათ შორის არის მაღაზიაში შესვლის გადასახადი, ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, შტრიხკოდის გადასახადი; ამასთან, არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქსელური სუპერმარკეტებიდან რეალიზებული თანხის ანაზღაურება ხდება 45-90 დღის შუალედში, რაც დამატებით რესურსს მოითხოვს და რიგ შემთხვევაში, ეს საბანკო კრედიტია.

ბოლო თვეების განმავლობაში სადისტრიბუციო კომპანიებში ხელფასები, დაახლოებით, 20-30%-ით გაიზარდა. სწორედ ეს განაპირობებს იმპორტიორების მხრიდან პროდუქტზე ფასნამატის ზრდას“, - განაცხადა "ბიზნეს მედიასთან” ივა ჭყონიამ და დასძინა, რომ იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს ოპერირებისას სხვადასხვა რისკების გადაზღვევა უწევთ და ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ.

„ვიცე-პრემიერთან გვქონდა საუბარი, რომ გარკვეულწილად ბაზრის დარეგულირებაა საჭირო. აქ ძირითადი აქცენტი ალბათ პირველადი მოხმარების პროდუქტზეა გაკეთებული. მულტინაციონალური ბრენდის წარმომადგენლები საერთოდ არ არეგულირებენ ფასებს. კომპანიის წარმომადგენლობა თავად განსაზღვრავს საფასო პოლიტიკას და ამაში სადისტრიბუციო კომპანიები ნაკლებად ერევიან. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სადისტრიბუციო კომპანიების მომგებიანობა 2-დან 4%-მდეა. მაღალი და თვალსაჩინო ფასნამატი კი, რითეილ სექტორის მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.

მზად ვართ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და კონკურენციის სააგენტოსთან სათანამშრომლოდ, დეტალურად მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია“, - დასძინა ივა ჭყონიამ და იქვე აღნიშნა, რომ დისტრიბუტორებს სავაჭრო ქსელებში არსებული გადასახადების გამო, საქონლის შეტანა მაღალი მარჟებით უწევთ, რათა ის გადასახადები დააკომპენსირონ, რომელიც მათთვისაა დაწესებული.

ქვეყანაში მასობრივი გაძვირება პანდემიის წლებში დაიწყო, რაც იმპორტირებული საქონლის ყველა კატეგორიას შეეხო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბითუმო შესყიდვებში საქონელი შემოტანილი იაფდება, თუმცა საცალო სეგმენტში ეს თითქმის არ იგრძნობა.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ არ შეიძლება პროდუქცია 100%-იანი ფასმანატით იყიდებოდეს და მოსახლეობა სურსათში რეალურ ღირებულებაზე ბევრად მეტს იხდიდეს.

"ქვეყანაში არის მაღალი ინფლაცია, რასაც სასურსათო პროდუქციაზე მაღალი ფასები განაპირობებს. იმპორტი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სავაჭრო კურსი, მეორე კი - საწვავის ფასი, რომლითაც ხდება გადაზიდვა. ბოლო 6 თვეში ლარის 18%-ით გამყარდა და როგორ შეიძლება, პროდუქციის ფასი არ იძვროდეს ადგილიდან?!

არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა ბაზარზე, ვგულიხსმობ იმას, რომ შეიძლება მონოპოლიური ფასწარმოქმნა იყოს ან კარტელური გარიგება. როგორ შეიძლება დღეს პროდუქცია 100%-იანი ფასმანატით იყიდებოდეს. ჩვენ ვიხდით იმაზე მეტს, ვიდრე უნდა ვიხდიდეთ. აქ საუბარია ფასწარმოქმნის დამახინჯებაზე.

როდესაც ბიზნესი ოპერირებს ძალიან მაღალი მოგების მარჟით, რომელიც ლოგიკიდან აცილებულია, მაშინ მიხედვა სჭირდება და კონკურენციის სააგენტომ უნდა დაადგინოს მიზეზი. თემები, რომ მთავრობა ერევა საბაზრო რეგულაციებში, არის სპეკულაცია. სახელმწიფო ყველგან ჩარეულა, სადაც მსგავსი დამახინჯება მომხდარა. 

სახელმწიფო მხოლოდ რეგულაციებით არ უნდა შემოიფარგლოს. უნდა გახსნას ბაზრები, რათა გაზარდოს კონკურენცია, როგორც ეს წამლების შემთხვევაში მოხდა. რამდენიმე დღეში მედიკამენტებზე გარკვეული ზღავრი დაწესდება. არ ვიცი, სურსათის შეთხვევაშიც ასე მოხდება, თუ არა. რამდენად რეალურია რეფერენტული ფასწარმოქმნა ცალკეულ პროდუქციაზე, ვერ გეტყვით. შესაძლოა, სულ სხვა გზით წავიდეთ, როგორც ევროპა”, - განუცხადა "რეზონანსს” ცუცქირიძემ.

მრავალთვიანი ორნიშნა ინფლაციის შემდეგ, ქვეყანაში უკვე ერთნიშა ინფლაციაა, თუმცა მაჩვენებელი მაინც მაღალია. სტატისტიკოსი, ეკონომისტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ ბიზნესი, თუ კანონმდებლობა მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რა თქმა უნდა, უკან არ დაიხევს.

"მკაფიოდ შეგვიძლია იმაზე საუბარი, თუ რატომ წარმოიშვა აღნიშნული პრობლემა და რამ გამოიწვია პრემიერის მითითება. საქმე ისაა, რომ საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზრის თითქმის 3/4 იმპორტირებულ საქონელს უკავია. მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლები ჯერ კიდევ არ არის სათანადო და ფასების დონეს, ინფლაციას, აქვს საკმაოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა

ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა, რომ იზრუნოს საზოგადოებრივ ინტერესებზე და გადაწყვეტილების გზების ძიება დაიწყოს იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობას აღელვებს. ნებისმიერი ნაბიჯი იმისათვის, რომ ეფექტიანი იყოს, ეფუძნება სწორად გათვლილ დასაბუთებულ შეხედულებებს და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ასე იქნება.

ბიზნესი ორიენტირებულია მოგების მიღებაზე და თუ წარმოებითი ურთიერთობები, კანონმდებლობა, საგადასახადო კოდექსი იძლევა ამის შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, კერძო სექტორი მიდის მაქსიმალური მოგების მიღებაზე.

არ უნდა გქვონდეს იმის იმედი, რომ თუ ფასმა რაღაც პროდუქციაზე მოიმატა 10%-ით, ვინმეს ღონისძიებით ან მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ის იმავე დონით დაიწევს დაბლა, ამიტომ ხელისუფლების პირველი ამოცანა არის, რომ მოხდეს შემოსავლების, ხელფასის სწრაფი ზრდა”, - განაცხადა "რეზონანსთან” არჩვაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გუნდის წევრი გიორგი აბაშიშვილი პრემიერის განცხადებას იწონებს და მიიჩნევს, რომ ეს ბიზნესში ჩარევად იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, თუკი ხელისუფლება იმპორტიორებთან არ ისაუბრებდა და პირდაპირ მიიღებდა გადაწყვეტილებას.

„არ მგონია  პრემიერის ინიციატივა რაიმე ფორმით ბიზნესისთვის ზიანის მომტანი იყოს. სახელმწიფოს აქვს მანდატი, ამ შემთხვევაში კი ის, რომ პროცესი თავისუფალი ბაზრის პრინციპების, თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფით გადააზღვიოს. არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა - კონკურენციის სააგენტო. ეს არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფუნქცია. თუ სახელმწიფო თვლის, რომ ბაზარზე კონკურენცია ირღვევა და ამის შედეგად ფორმირდება არაკონკურენტული ფასები, შესაძლოა გარიგებებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის კითხვები არსებობდეს”, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×