"სებ-ი არის "გემრიელი სტრუქტურა" იმ თვალსაზრისით, რომ არის ძალიან მაღალი ხელფასები, რაც ძალიან ტკბილი ლუკმაა ბევრი ადამიანისთვის"
თიკა სიბოშვილი
08.02.2023

ეროვნულ ბანკში პრობლემებია, ისინი "ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს არ ეთანხმებიან, რომლის მიხედვით, სებ-ის საბჭოს შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ამას ემატება სებ-ის პრეზიდენტის 7-წლიანი ვადის ამოწურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტი უნდა იქნეს არჩეული, თუმცა, შესაძლოა, ეს პროცესი გაჯანჯლდეს. "რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რა ხდება ეროვნულ ბანკში, რატომ არის დაპირისპირება და რის გამო შეიძლება გაიწელოს ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესი.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემატება და განისაზღვრება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები შევლენ. ეროვნულ ბანკში “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ინიციატივას არ ეთანხმებიან, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ცვლილებების პროექტის დეტალური ანალიზისა და კონსულტაციების გამართვის საჭიროებას ხედავს.

როგორც, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანოა და მნიშვნელოვანია, მასში არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა აღმასრულებელ წევრებზე მეტი იყოს. ეს აღიარებული პრინციპია, რაც კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ირღვევა და ეროვნული ბანკის საბჭო ზედამხედველის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.

მისი თქმით, აღნიშნული სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციების საფუძველზე და მათთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში აუცილებელია ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვით, ბანკის საბჭოში მოქმედი არააღმასრულებელი წევრები მუდმივად და დროის ნებისმიერ მომენტში უმრავლესობაში იქნებიან. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები კი ამ შეთანხმების საპირისპიროა.

არსებული ვითარება ცხადყოფს იმას, რომ ეროვნულ ბანკში დაპირისპირებაა, თუმცა ეს რისგანაა გამოწვეული რთული სათქმელია. აღსანიშნავია, ისიც, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევას წინ არაფერი უდგას, თუმცა ამ საკითხის გაჭიანურება მოსალოდნელია, რასაც არც დეპუტატები მალავენ.

როგორც, საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა მიიჩნევს, ეროვნული ბანკი არის სტრუქტურა მაღალი ხელფასებით. ამ სფეროში თანამდებობის დაკარგვა კი არავის უნდა, შესაბამისად, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კიდევ უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნონ თავიანთი თანამდებობები.

„სებ-ი არის ძალიან უცნაური სტრუქტურა, რომელიც, ფაქტობრივად, არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველწლიურად პარლემენტს აბარეებენ წლიურ ანგარიშს. შეიძლება ითქვას, მათი საქმიანობა არანაირად არ არის დამოკიდებული არც პარლამენტზე და არც სხვა სახელმწიფო სტრუქტურაზე. ეს ორგანიზაცია იხარშება საკუთარ წვენში, ხოლო საუბარი იმაზე, რომ იქ  შეკრებილიყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებსაც აწუხებთ საქართველოს ეკონომიკის ბედი, უბრალოდ ზედმეტია.

მინდა ავღნიშნო, რომ სებ-ი არის "გემრიელი სტრუქტურა" იმ თვალსაზრისით, რომ არის ძალიან მაღალი ხელფასები, რაც ძალიან ტკბილი ლუკმაა ბევრი ადამიანისთვის. შესაბამისად, ბრძოლა ამ თანამდებობებისათვის ყოველთვის მიდიოდა როგორც პარტიულ დონეზე, ასევე პარლამენტში. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც პარლამენტის მხრიდან ინიშნება, ფაქტობრივად, არის საპენსიო ადგილი, სადაც ისინი მარტივად იღებენ დიდ შემოსავალს.

როდესაც  შიდა საპარლამენტო და შიდა პარტიული ბრძოლები მიდის ამ ძალიან ტკბილი თანმადებობისთვის ყოველთვის წარმოიქმნება ისეთი პრობლემები, რომლებიც სწორედ ახლა სებ-ის დღის წესრიგშია. ბუნებრივია, სანამ ბოლომდე არ იქნება შეთანხმებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა, არ არის გამორიცხული, რომ გაიწელოს ეს პროცესი და კიდევ რამდენიმე თვე იხეიროს სებ-ის პრეზიდენტმა“, -  აღნიშნა ელიავამ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ დამატებით ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია საჭირო არ არის.

„ორი ვიცე, რომ ჰყავთ ის არის გასარკვევი რას აკეთებენ ისეთ მნიშვნელოვანს და რისთვის არ ჰყოფნით დრო, რომ კიდევ სჭირდებათ პირველი ვიცე-პრეზიდენტი. საინტერესოა, რა სფერო უნდა დაამატონ იმ დამატებით კადრისთვის?

ეროვნული ბანკის მუშაობა ქვეყნის ეკონომიკას არ ეტყობა. ერთადერთი, რაც შეიძლება რეალურად ხელმოსაჭიდი იყოს, არის კომერციული ბანკებისთვის დამატებითი შეზღუდვების და დამატებითი ნორმატივების დაწესება.

ყველაზე უპრიანი იქნებოდა, ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელობასა და საბჭოში შესულიყვნენ მაღალკვალიფიციური ეკონომისტები, რომლებსაც შეეძლებათ საქართველოს ეკონომიკის პრობლემების გადაწყვეტა“, - დასძინა ელიავამ.

ჯერჯერობით რთული სათქმელია, რა გადაწყდება ცენტრალურ სტრუქტურაში, თუმცა ფაქტია, რომ ცვლილებები მიმდინარეობს. საბანკო სფეროს ექსპერტის, მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, ახალი პრეზიდენტი ხელისუფლებას ინსტიტუციონალურად უნდა მოერგოს.

„სებ-ის შიდა სამზარეულო არ ვიცი და არც ის ვიცი ვის განიხილავენ პრეზიდენტად, თუმცა შესაძლოა, კანდიდატთა რაოდენობა არ ჰყავთ იმდენი, რომ იქედან შეარჩიონ. ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური დამოკიდებულებაა და არავითარ კავშირში არ არის იმასთან თუ როგორ იმართებოდა ბანკი და ვის როგორ უნდა, რომ მართოს. საუბარი იმაზეა, ინსტიტუციონალურად თუ მოერგება მმართველ ხელისუფლებას და ვისთან უფრო შეიძლება ჰქონდეთ ურთიერთობა. თუკი ახლა სებში რაიმე პრობლემებია, ამ პროცესებიდან გამომდინარეა და სხვა არაფერი“, - აღნიშნა თოქმაზიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა 2 მარტს ეწურება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხსა და წესს, იგი პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×