"შესაძლებელია, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზი ფინანსური მხარეც იყოს, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკური ფაქტორი დიდია”
გვანცა წულაია
15.03.2023

შვეიცარული ბანკი - "კრედიტ სუისი”, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სალიდური თანხა მართებს, უზარმაზარი ფინანსური პრობლემების წინაშეა. მისი აქციები უკვე რეკორდულად დაეცა, უმსხვილესი ინვესტორები კი მის დაფინანსებაზე უარს ამბობენ. ბანკი შარშან 8 მილიარდ დოლარიან ზარალზე გავიდა, ამიტომ ჩნდება მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილთან ვალდებულებების გასტუმრება იმიტომაც ვერ ხერხდება, რომ ბანკს ფინანსური შესაძლებლობები, უბრალოდ, არ გააჩნია, თუმცა მთავარი მაინც პოლიტიკური საკითხია, ვიდრე ეკონომიკური. 

მსხვილი შვეიცარიული ბანკის, "კრედიტ სუისის” ფინანსური მდგომარეობა არნახული ტემპით უარესდება. გუშინ ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში კომპანიის აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა და ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 7.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.

"კრედიტ სუისის” პრობლემები სათავეს საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს, წლების განმავლობაში შვეიცარიული ბანკი არაერთ საერთაშორისო სკანდალში იყო გახვეული, იქნებოდა ეს ფულის გათეთრების შემთხვევები, მოსყიდვები, რეგულაციების უხეში დარღვევები თუ კლიენტების აქტივების არასათანადოდ განკარგვის შემთხვევები.

გარდა ფინანსური ზარალისა, "კრედიტ სუისი” წინააღმდეგ არაერთ ქვეყანაში დაიწყო გამოძიება, რომელთაგან რამდენიმე დღემდეც კი გრძელდება. სწორედ 2008 წლის კრიზისის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში 2022 წლის ოქტომბერში "კრედიტ სუისს” 495 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწია.

2022 წელი "კრედიტ სუისისთვის” განსაკუთრებით გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა, სულ რაღაც ერთ წელში ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 57%-ით შემცირდა, რაც იმას ცხადყოფს, რომ ინვესტორები კომპანიის მიმართ ნდობას კარგავენ.

"კრედიტ სუისს” მრავალწლიანი კვეთა აქვს "ქართული ოცნების” დამფუძნებელთან, ბიძინა ინავიშვილთან. ბიზნესმენის უდიდესი კაპიტალი ერთ დღეს ბანკიდან "გაქრა”. ახლა "კრედიტ სუისს” ბიძინა ივანიშვილის 1.27 მილიარდი დოლარი მართებს, რომელსაც არ ისტუმრებს. არადა, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერაა გამოტანილი, თუმცა ბანკი სხვადასხვა ბარიერებს ჰქმნის და მიზეზებს არ ილევს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ფინანსურის კრახი აქ არაფერ შუაშია, ვალდებულებების გასტუმრებაზე უარის თქმა უფრო პოლიტიკური ამბავია. როგორც ექსპერტი ამირან სალუქვაძე აცხადებს, თუ ბანკი ფინანსების არ ჰქონის გამო ვერ იხდის ვალს, ამაზე განცხადება დიდი ხნის წინ უნდა გეკეთებულიყო, ამიტომ აქ სხვა გარემოებებს აქვს ადგილი.

"მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა, ბანკი მაინც არ ასრულებს ვალდებულებებს. ამ პერიოდიდან იწყება, დროში ემთხვევა ბანკის ფინანსური პრობლემები, რომელიც, რამდენადაც ინფორმაცია ვრცელდება, უფრო და უფრო ღრმავდება.

საერთოდ, შვეიცარიის საბანკო სისტემა გარკვეული წლების განმავლობაში, ცნობილი იყო საიმედოობით, აპოლიტიკურობით და ა.შ. მაგრამ როდესაც უმსხვილეს კლიენტს პრობლემები ექმნება, რა თქმა უნდა, სხვები იწყებენ თავის დაზღვევას. სკანდალები და არასაიმედოობა საბანკო სისტემის მტერია. დიდი ალბათობით, "კრედიტ სუისის” პრობლემები გაგრძელდება, რადგან ძალიან სერიოზულ სკანდალებში გაეხვა. ივანიშვილის გარდა, იქ სხვა პრობლემებიც გამოჩნდა.

ფინანსური კრიზისი, როგორც წესი, შემდგომში იწყება, როდესაც ბანკი რაიმე სკანდალში ეხვევა ხოლმე. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რომ თანხის მართვაზე შეზღუდვას ბანკი საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო აწესებდა. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განცხადებებიც უნდა ყოფილიყო, რადგან ერთი დღე და ერთი თვე ხომ არ არის, რაც სასამართლო დავა გრძელდება? წესით, ადრევე უნდა გამოჩენეილი ეს პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ბანკები საერთოდ მალავენ ხოლმე საკუთარ ფინანსურ პრობლემებს.

ის აჟიოტაჟი, რაც ამ თემის ირგვლივ არის, მათ შორის პოლირიკოსების მხრიდან, მიანიშნებს, რომ აქ არ არსებობს მხოლოდ ფინანსური დავა, არამედ პოლიტიკაც არის ძალიან სერიოზულად გადაკვეთილი. პოლიტიკოსთა მუქარებიც და მინიშნებებიც ვიხილეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ”, - განუცხადა "რეზონანსს” სალუქვაძემ.

ასეთ დროს, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში ვერ მოიძებნა ისეთი ორგანო, რომელიც ბანკს პასუხისმგებლობას დააკისრებს. როცა ამგვარი ნაბიჯი მარეგულირებლის მხრიდან არ იდგმება, რადიკალურ ზომებს უნდა იღებდეს სახელმწიფო, მაგრამ შვეიცარიის მთავრობის მხრიდან არც ეს მზადყოფნა შეიმჩნევა. ამიტომ აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე სვამს კითხვას - `როდესაც რეაგირება არ ხდება, სხვა მიზეზებთან ერთად, ხომ არ არის გარემოება, რომელიც ბანკის უსამართლო მოქმედებას ახალისებს?!”.

"ბანკი ბოლო წლებში პრობლემებს განიცდის. სამწუხაროდ, ბოლო დროს აშკარად გამოჩნდა, რომ მისი ქმედებები არასაკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მუშაობა ყოფილიყო ეფექტიანი. ეს ვინმე კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებული არ არის, არამედ მასობრივად, სხვადასხვა კლიენტებთან დამოკიდებულების გამო. ბანკი ისეთ ეკონომიკურ შედეგებს, როგორიც მის დიდ ავტორიტეტს შეესაბამება, რომ ვერ იღებს, ეს აშკარად ჩანს. სამწუხაროდ, ეს ბანკი ბოლო დროს არაკეთილსინდისიერად მუშაობს და შედეგებიც სახეზეა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კვეთას, ბანკი ვალდებულებას არ ასრულებს. ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, სასამრთლო გადაწყვეტილების შესრულესაც გაურბის. აქ უნდა დავსვათ შეკითხვა - შვეიცარიაში ხომ არსებობს მარეგულირებელი? რატომ არ რეაგირებს იგი? სად არის მარეგულირებელი, რომელიც სახელმწიფოს კანონმდებლობით შექმნილი ორგანოა? და როდესაც რეაგირება არ ხდება, სხვა მიზეზებთან ერთად, ხომ არ იკვეთება გარემოება, რომელიც ბანკის უსამართლო მოქმედებას ახალისებს? მე ვფიქრობ, რომ არის. სხვა შემთხვევაში, მარეგულირებელმა რეაგირება უნდა მოახდინოს და თუ შედეგი მაინც ნულია, მაშინ, ბუნებრივია, სახელმწიფომაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

რადგან ბანკს კრიზისული პერიოდი უდგას, შესაძლებელია, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზი ფინანსური მხარეც იყოს, მაგრამ ბანკი პასუხისმგებლობის გადაბრალებას ცდილობს იმ პირზე, ვინც ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილს. პასუხმისმგებლობის აცილება გაკოტრების დროსაც კი არ ხდება და ამ შემთხვევაში ბანკი გაკოტრებადე ამბობს უარს ვალდებულებების გასტუმრებაზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ პოლიტიკური ფაქტორი უფროა”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

გასული 2022 წელი "კრედიტ სუისმა” 8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. უაღრესად არასახარბიელო ფინანსური შედეგები "რესტრუქტურიზაციის რადიკალური" სტრატეგიითა და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ბანკის უმსხვილესი კლიენტები ანგარიშებს ხურავენ და აქტივების გატანას უჩვეულოდ მაღალი ტემპით ცდილობენ.

ბანკს უდიდესი გავლენა აქვს შვეიცარიის ეკონომიკაზე, რადგან ის ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციაა. ხუთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე "კრედიტ სუისის” აქციების ღირებულება 85%-ითაა შემცირებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 7 მილიარდს შეადგენს, ნაცვლად 2007 წელს დაფიქსირებული 87 მილიარდისა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×