ეს სულ ახალი ტენდენციაა და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან "ქირაზე" მოთხოვნა სულ უფრო იკლებს
გვანცა წულაია
16.03.2023

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ფასის კლება უკვე დაიწყო. ჯერჯერობით ცვლილება ეხება მხოლოდ დაქირავების სეგმენტს. ტარიფები ქვევით მოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბაზარზე სიძვირე აღარაა. არც დღევანდელი მდგომარეობა ასახავს რეალობას, მაგრამ ღირებულების დაკორექტირება უკვე შეიმჩნევა. თანაც, რუსეთში მკაფიოდ ითქვა, რომ დამატებითი მობილიზაციას აღარ გეგმავენ, ამიტომ მიგრანტების მორიგი ნაკადი საქართველოს აღარ მოაწყდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების გაქირავების ნაწილში გაძვირების მიზეზი ამ ეტაპისთვის მოხსნილია, ამიტომ ქვეყანაში გაიაფების ტენდენციის გაგრძელებაა მოსალოდნელი. 

კატასტროფული სიძვირის შემდეგ, მიმდინარე ეტაპზე არსებული ვითარება შედარებით სტაბილურია. გასაქირავებელმა ბინებმა, როგორც იქნა, გაიაფება დაიწყო, რადგან მკვეთრი მოთხოვნა აღარ ფიქსირდება და დღევანდელი გადმოსახედიდან აღარც იქნება. რუსეთში დამატებით მობილიზაციას აღარ გამოაცხადებენ, შესაბამისად, საქართველოს მიგრანტების მორიგ ნაკადთან გამკლავება აღარ მოუწევს.

"ჩვენ უკვე არაერთხელ გავეცით პასუხი მობილიზაციასთან დაკავშირებით შეკითხვას. ეს საკითხი აღარ განიხილება”, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

რაც შეეხება გაყიდვების ნაწილს, ამ მიმართულებით ღირებულება იზრდება. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში დარჩენილი მიგრანტების ის ნაწილი, ვინც აქ ცხოვრებას დიდი ხნით გეგმავს, ქირიდან გამოდიან და ბინებს ყიდულობენ. შეიძლება სწორე ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, გაყიდვების ნაწილში ფასი არათუ იკლებს, არამედ მატულობს, თუმცა სამშენებლო მასალები რომ გაძვირებულია, არც ეს გარემოება უნდა გამოვტოვოთ.

გასაყიდი ბინები რომ ძვირდება, ამაზე საუბრობს კომპანია "ბერუკას” ხელძღვანელი ავთანდილ გუგეშაშვილი და მიზეზად სამშენებლო მასალების სიძვირეს ასახელებს.

"გასაყიდი ბინების ნაწილში ფასის შემცირება არ შეინიშნება, პირიქით, ღირებულება ზევით და ზევით ადის. სამშენებლო მასალები ძვირდება და ამის გამო, ღირებულებაც იმატებს. დღესდღეობით, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ისევ არის შენარჩუნებული”, - განუცხადა "რეზონანსს” გუგეშაშვილმა.

ბინების ყიდვის და დაქირავების სეგმენტში ღირებულება რომ საწყის ეტაპს არ დაუბრუნდება, ეს ფაქტია, მაგრამ შარშანდელივით თუკი რაიმე ცვლილება არ მოხდა, რაც მოსალოდნელი არ არის, ფასები ქვევით წამოვა. სტაბილურუბის შემთხვევაში ასეთი მოლოდინი ნამდვილად არსებობს.  სწორედ ზემოთ ხსენებულ პროცესებს ადასტურებს სააგენო "კიბეს” ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე და აცხადებს, რომ თუ მოთხოვნა კიდევ მეტად შემცირდა, ქირის ფასებიც უფრო დაიწევს.

"გაქირავების ნაწილში ღირებულების შემცირების ტენდენცია ნამდვილად შეიმჩნევა. ეს პროცესი დაწყებულია დაახლოებით 1-2-თვიან მონაკვეთში, თუმცა ფასთა კლებას მასობრივი ხასიათი არ აქვს. ლოკალურად მცირდება ფასები. ზოგიერთი ბინის მფლობელი თუ დაინახავს, რომ მის მიერ დაწესებულ ღირებულებასა და დამქირავებლის სასურველ ფასს შორის სხვაობაა, ქირის გადასახადს ამცირებს. თუ დაქირავებაზე მოთხოვნა კვლავ შემცირდება, ტარიფებიც უფრო ქვევით ჩამოვა.

იგივეს ვერ ვიტყვი გასაყიდ ბინებზე. ამ სეგმენტში ღირებულება არ შემცირებულა. პირიქით, ერთ-ერთმა კომპანიაამ დააანონსა, რომ 3500 დოლარის ნაცვლად 5000 დოლარად გაყიდის კვადრატულს. ამ ინფორმაციას კი ყველა ხედავს და მის ფონზე, რა თქმა უნდა, ღირებულებას არავინ შეამცირებს, რადგან რათა ერთმა კარგად ცნობილმა სამშენებლო კომპანიამ თქვა, რომ ფასს გაზრდის, სხვები ფიქრობენ, მათ რატომ უნდა შეამცირონ? ასე რომ, ბინების ყიდვის ნაწილში ფასთა კლება ნაკლებად შეინიშნება.

სადღაც-სადღაც ითქვა, რომ აქ ჩამოსული მიგრანტები ტოვებენ ბინებს და ქვეყნიდან გადიან. ამან თუ სტაბილური ხასიათი მიიღო, რა თქმა უნდა, ფასები შემცირდება, რადგან ღირებულების მატება მათ გამო მოხდა, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ბუშტი. როდესაც 1 და 2 თვე გამქირავებელი ვერ გააქირავებს, იძულებული იქნება გააიაფოს, თუ ლოგიკურად აზროვნებს. ასეთ გაძვირებულ თანხებს შემოსული მიგრანტები იხდიან, ქართველები ვერ შეწვდებიან მაღალ ფასს”, - განუცხადა ნელი გოგუაძემ "რეზონანსს”.

უძრავი ქონების ბაზარმა პანიკური ეტაპი გადალახა. სფეროში ახლა მკვეთრი მოთხოვნა აღარ შეინიშნება და სამომავლოდაც ასეთი ვითარების შექმნა აღარაა მოსალოდნელი, შესაბამისად, ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასები გამქირავებლებმა კიდევ უფრო დაბლა დასწიონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×