ინვესტორები შიშობენ, რომ გლობალურ ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება და შავი ოქროს ღირებულება კიდევ დაეცემა
ქეთო გოგოხია
16.03.2023

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ელვისებური გაიაფების ტენდენცია გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი შეუქცევადია და სანავთობო ბირჟებზე ფასები, ფაქტობრივად, ჩამოიშალა. ამის მიზეზად ანალიტიკოსები წამყვანი ამერიკული ბანკების გაკოტრებას, დოლარის კურსის შესუსტებას და რამდენიმე სხვა ფაქტორს მიიჩნევენ. ახლა უკვე ყველა პირობაა, რომ საწვავი გაიაფდეს საქართველოშიც, რისი ტენდენციაც შესამჩნევია.

ამასობაში საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენციაა - ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასი 49 დოლარამდე შემცირდა, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული ვარდნის 12%-იანი მაჩვენებელია, ერთწლიან პერიოდში კი "ურალსი" 40%-ითაა გაიაფებული.

1 ბარელი "ბრენტის" ფასი 74 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში დაფიქსირებული ვარდნის 10%-იანი მაჩვენებელია. გაიაფების ტენდენციაა ამერიკულ "ლაითთან" მიმართებითაც, რომლის ღირებულებაც 68 დოლარ შეადგენს. საერთო ჯამში, ნავთობის ფასი საერთაშორისო ბირჟაზე ერთ წელიწადში 30%-ით დაეცა.

გლობალური ცვლილება ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით უმნიშვნელოდ აისახება.  არაბრენდირებულ სადგურებში ბენზინის ფასმა უკვე შეადგინა 2 ლარი, თუმცა საეჭვოა, რომ ამაზე დაბლა ჩამოვიდეს, განსაკუთრებით ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე.

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მიმოიხილავს რა გლობალური ბაზრის ტენდენციას, ნაკლებად ვარაუდობს, რომ საქართველოში, საწვავი კიდევ გაიაფდეს მიუხედავად იმისა, რომ საკითხი პოლიტიკურ რანგში განიხილება.

,,როგორც წესი, როდესაც დოლარი კარგავს პოზიციებს  და ეს დაიწყო აქტიურად მას შემდეგ რაც "სელიკონია ველის" ბანკს შეექმნა პრობლემები, ინვესტორებმა თავშესაფარი იპოვეს, ძირითადადა, ოქროში. ამ პერიოდში ოქროს ფასმა საგრძნობლად მოიმატა.  კერძოდ,  ბოლო 7 დღეში 1810 დოლარიდან 1917 დოლარამდე გაძვირდა. სამეულიდან -  ოქრო, ნავთობი და დოლარი, როდესაც  ორი მათგანი იაფდება, მესამეზე აუცილებლად მატულობს ფასი და  ამ შემთხვევაშიც ასეა. 

ნავთობის ფასი ბოლო  7-8 დღის  განმავლობაში 84 დოლარიდან 73 დოლარამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ საწვავის ღირებულებახ დაიკლებს, მაგრამ საქართველოში არა იმ დონეზე, როგორც ჩვენი ხელისუფალი გვეუბნება", - განაცხადა ნიკა შენგელიამ ,,რეზონანსთან" და დასძინა, რომ ბენზინის ფასი საქართველოში 2 ლარზე დაბლა ვერ ჩამოვა, ვინაიდან კარტელის მონაწილეების ინტერესებია, რაც შეიძლება მაღალი მაჩვენებელი შეინარჩუნონ.

,,ფასები, ფაქტობრივად, დაკორექტირებულია და საბითუმო ბაზარზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. საცალო ქსელში ცვლილება აქა-იქ შეინიშნება. თუმცა დიზელის საწვავის ფასი 2,80-3 ლარია. ,,სოკარმა"  3 ლარი დაადო, არაბრენდირებულებში - 2,50 ლარი ღირს. ის, რომ საწვავი გაიაფდება და თუნდაც დიზელი 2,50 მიაღწევს, ამის ილუზია ნუ გვექნება, თუმცა ბენზინი 2 ლარის ფარგლებში იმოძრავებს, ამაზე დაბლა არ ჩამოვა.

თურქეთშიც და  სომხეთშიც  საცალო ქსელში საწვავი შედარებით იაფია, ვიდრე საქართველოში, ეს არის ჩვენი დიდი პრობლემა, რაც მოსახლეობას აზარალებს", - დასძინა ნიკა შენგელიამ.

საწვავის გაიაფების ტრენდზე ისაუბრა ,,რეზონანსთან" ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმაც. მანაც საბანკო კრიზისზე გაამახვილა ყურადღება.

,,საკმაოდ დიდი ხანია, რუსული ნავთობის ფასი 58-დოლარიან ნიშნულზეა ან უფრო დაბალ მაჩვენებელზე. ეს სწორედ სანქციებს უკავშირდება. მეორეც, ჩინეთში პანდემიური შეღავათების მოხსნის შემდეგ ეკონომიკური ზრდის ტემპი არ იყო იმ მასშტაბის, როგორსაც ელოდნენ, ამანაც დიდი გავლენა მოახდინა. გარდა ამისა, "სილიკონის ველის" ბანკის გაკოტრებამაც იქონია გავლენა.

ყველაფერმა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული მოლოდინი შეცვალა.  რასაკვირველია, ნავთობის მოთხოვნა-მიწოდების მხრიც გარკვეული დისბალანსი გაჩნდა, რაც არის ფასების კლების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი", - აღნიშნა ბაირახტარმა და დასძინა, რომ ქართულ ბაზარზე ამ პროცესების ადეკვატური ასახვის ნიშნებს ვერ ხედავს.

,,არაბრენდირებულებში 2 ლარს ჩამოსცდა ბენზინის ფასი, რაც ძალიან კარგია. რასაკვირველია, ეს არის დაკავშირებული გლობალურ ფაქტორებთან და ასევე  ეროვნულო ვალუტის კურსთან. თუმცა  ბრენდირებულებში კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა,

80%-ზე მეტი რუსული ნავთობი შემოდიოს საქართველოში, რომელიც დღეს ყველაზე იაფიანი პროდუქტია. უნდა ველოდოთ, რომ ბრენდირებულებმა საფასო პოლიტიკას კიდევ უნდა გადახედონ და საშუალოვადიან პერსპექტივაში,  გლობალური და ადგილობრივი პროცესების შენარჩუნების შემთხვევაში, ფასი კიდევ დააკორექტირონ", - დასძინა პაატა ბაირახტარმა ,,რეზონანსთან".

ცნობისთვის, მკვეთრად ეცემა ბუნებრივი აირის ფასიც, ამჟამად ევროპულაში ერთი მეგავატ/საათის ფასი 42 დოლარს შეადგენს, რაც ერთწლიან ჭრილში 60%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გაიაფების ტენდენციაა ქვანახშირთან მიმართებითაც, რომლის ღირებულებაც ერთ თვეში 20%-ით, ხოლო ერთ წელში კი თითქმის 50%-ით დაეცა.

ინვესტორები და ტრეიდერები შიშობენ, რომ ფინანსური კრიზისის დადგომის შემთხვევაში, გლობალურ ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×