რამდენიმე დღეში კონკურენციის სააგენტო ძირითად პროდუქტების ფასებს გადაამოწმებს და გაიაფების ტენდენციაზე დასკვნას დადებს
გვანცა წულაია
20.03.2023

პრემიერ-მინისტრის მოწოდებიდან ერთი თვის შემდეგ დახლებზე პროდუქციის გაიაფება დაიწყო. თავის დროზე პრემიერმა ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე 80-100%-იანი ფასნამატის შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა და შესაბამისი დავალებები გასცა. რა მდგომარეობაა დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარზე და რას აპირებს კონკურენციის სააგენტო?

ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებიან თვე-ნახევრის შემდეგ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში საფასო აქციები დაიწყო.

 „ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა, თუ როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი. მოვისმინეთ იმპორტიორების განმარტებები, რომ 70-80%-დან მათი მოგება არ არის, არამედ ეს, გარკვეულწილად, დამოკიდებულია ე.წ. რითეილის, ანუ ამ დიდი ქსელების ერთგვარ წესებზე, რომლებიც არის მათ მიერ განსაზღვრული და სწორედ ამ წესებთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული, ლეგიტმური კითხვები. ეს წესები არ არის აპრობირებული, ევროპაში ასეთი რამ არ მოქმედებს, ეს საკითხი არის დარეგულირებული ევროპის ქვეყნებში და ზოგადად, მთელ დასავლურ სამყაროში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 სწორედ აქციის ფარგლებში გაკეთებულ ფასდაკლებაზე საუბრობს კონკურენციის ეროვნული სააგნეტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე და აცხადებს, რომ „მომხმარებლისთვის მთავარი არის რამდენად შეღავათიანად და უკეთესი ღირებულებით ყიდულობს პროდუქტს. ამას აქციის გზით მიიღებს, თუ მუმდივი ფასით არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ მოქალაქეს ძირითადი მოხმარების პროდუქციაზე დღეს აქვს უკეთესი ფასები, ვიდრე ეს იყო თებერვლამდე პერიოდში.

 „ჩვენ, თებერვლის დასაწყისში შევარჩიეთ 10 პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი, რომელთაც სამომხმარებლო კალათაში მნიშვნელოვანი წილი აქვს და მათზე გავაკეთეთ ფასნამატის ანალიზი, იმპორტის თვითღირებულებიდან რითეილ ქსელში შეტანის მომენტამდე და შემდგომ, რითეილიდან დახლების ფასთან მიმართებაში. ამის შედეგად გამოიკვეთა საკმაოდ მაღალი ფასნამატები, რომლის შესახებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა და გააკეთა მოწოდებაც, რომლის შედეგადაც დაიწყო აქტიური პროცესი ეკონომიკური გუნდის, მათ შორის ჩვენი ჩართულობით, რითეილის და იმპორტიორების მხარეებთან.

 საბოლოო ჯამში, ამ კომუნიკაციიდან თვე-ნახევრის თავზე, სავაჭრო ქსელებში ძირითადი მოხმარების პროდუქციაზე ბევრი აქცია გვაქვს, რაც ფასთაშორის სხვაობაში საკმაოდ ხელშესახებია. იგივე ზეთი, წიწიბურა, შაქარი, ბრინჯი, კვერცხი, ბურღულეული, თუ სხვა პროდუქცია აქციების სახით შეთავაზებულია მომხმარებელისთვის. საკვების წრე საკმაოდ ფართოა, რაც ძალიან კარგია. ამ პროცესს ხელს უწყობს ისიც, რომ კურსი გამყარების ტრენდშია. უნდა აღინიშნოს ისიც, თანამშროლობის შედეგად კონკურენცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა, როგორც რითეილ, ისე იმპორტიორ-დისტრიბუტორების მხარეებს შორის.

 მეორე გადაწყვეტილება, რაც ახლა მიმდინარეობს, არის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ მუშავდება. ეს არის სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ეყრდნობა ევროდირექტივას და მასზე დაფუძნებული კანონმდებლობა ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. მისი მიზანია, რითეილსა და დისტრიბუტორ-იმპორტიორებს შორის ბევრი ისეთი ურთიერთობის მოწესრიგება, რომელიც საბოლოო ფასნამატში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, იგივე მარკეტინგული დანახარჯები. მიწოდებული და რეალიზებულ პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხები, თუ სხვა უამრავი საკითხი, რომელთა საკანონმდებლო მოწესრიგება ბევრად გამჭირვალეს გახდის ამ ორ მხარეს შორის ურთიერთობის პროცესს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქცის ფასნამატში გაუთვალისწინებელი ნაწილის როლი იქნება მინიმალიზებული“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ირაკლი ლექვინაძემ და დასძინა, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო აპრილის დასაწყისში გადაამოწმებს და მონიტორინგს ჩაუტარებს ძირითად პროდუქტებზე ფასებს, რათა დადგინდეს თებერვლიდან მოყილებული რეალური ეფექტი.

ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ სუპერმარკეტები, მათი მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა მათთან კომუნიკაციის გარეშეც, დახლებზე დაკვირვების შედეგად, დგინდება, რომ პროდუქცია იაფდება.

 „ჩვენ ასეთი შინაგანა წესი გვაქვს, რომ მედიასთან კომენტარს აკეთებს პიარი, ანუ სპიკერი, ვინ ახმაურებს კომპანიის პოზიციას, ანდა აღასრულებელი დირექტორი, რომელიც მივლინებაშია და არ იმყოფება  ქვეყანაში. პიარის პოზიცია კი, ვაკანტური გვაქვს, ამიტომ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ამ ეტაპზე კომენტარს ვერ ვაკეთებთ“, - განუცხადეს „ბიზნეს-რეზონანსს“ „ნიკორაში“.

სიძვირის პირობებში მომხმარებელა უფლებების დარღვევაზე საუბრობს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია და ამბობს, რომ ბიზნესის მოგების ხარჯზე მომხმარელები ძალიან იჩაგრება, კერძო სექტორი კი ხეირობს.

 „რა თქმა უნდა, ასეთი სიძვირის პირობებში მომხმარებელთა უფლებები ძალიან ირღვევა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ფაქტორებიდან გამომდინარე ისაუბრა, როგორიც არის ლარის მკვეთრი გამყარება და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები. ინფლაციურმა პროცესებმა ნელ-ნელა უკან დაიხია, ლარი მყარდება და შესაბამისად ამ დადებითმა ტენდენციამ რეაგირება უნდა მოახდინოს ფასების კლებაზე. ბიზნესს ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა, მაგრამ ასე არ მოიქცა, ყველაფერი ისევ ძვირია, მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები ამის საშუალებას იძლევა. ბიზნესის მოგების ხარჯზე მომხმარელები ძალიან იჩაგრება კერძო სექტორი კი ხეირობს.

 ბიზნესი კეთდება ადამიანებისთვის და მომხმარებელთა უფლებებს პატივი უნდა სცე. მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ამაზე ძალიან ხმამაღლა უნდა მიუთითებს. უფრო მყარად უნდა იდგეს და ორგანიზაცია რეალურად უნდა იცავდეს მომხმარებელთა უფლებებს. დღეს მთავრობას სწორი პოზიცია უჭირავს, რადგან მოსახლეობა ძალიან იჩაგრება“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ლია კვარაცხელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×