ფარმაცევტული სექტორი სახელმწიფოსთან სახიფათო თამაშს აგრძელებს
გვანცა წულაია
23.03.2023

სააფთიაქო ქსელები მოგებაზე უარს ვერ ამბობენ და მედიკამენტებს აძვირებენ. ამჯერად საუბარია ისეთ ონკოლოგიურ წამლებზე, რომლებსაც რეფერენტული ფასები არ შეხებია. ღირებულების ხელოვნური და მნიშვნელოვანი ზრდა, დიდი ალბათობით, აფთიაქებმა შეთანხმებულად მოახდინეს. ყოველ შემხვევაში, ამის უდიდესი ეჭვი არსებობს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ისე დარგის სპეციალისტების მხრიდან.

სააფთიაქო ქსელების მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება ყველანაირ ზღვარს სცდება. ბიზნესში, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს მომხმარებლებზე ანგარიში გაწეული, სიტუაციაა პირიქითაა შექმნილი. სახელმწიფო პოტენციური პაციენტებისთვის ყველანაირად ცდილობს ხელშეწყობას, თუმცა აფთიაქებმა ჯერ თურქეთიდან შემოატანილი იაფი მედიკამენტები გააძვირეს 100-300%-ით, შემდეგ კი, ონკოლოგიურ მედიკამენტებს დაადეს მაღალი ფასები. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს ერთი და იგივე დასახელების წამლები იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული

„მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები შეინიშნება. ამჯერად საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.

წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.

ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე უწყებას ექნება მკაცრი რეაგირება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად მატება.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი კახა ჯაყელი იმ გზებზე საუბრობს, რაც ასეთ სიტუაციაში უნდა გაკეთდეს.

"რეალურად, ყველა ონკოლოგიური სახის პრეპარატების დაფინანსების გარკვეული ზღვარი უნდა დაწესდეს. სახელმწიფომ უნდა შექმნას ასეთი რეესტრი და ყველა ონკოლოგიური მედიკამენტის რეგისტრაცია უნდა მოხდეს, იმ კუთხით, რომ მათზე გარკვეული ფასის ანაზღაურების თუნდაც პროცენტული მექანიზმი დაწესდეს სახელმწიფოს მიერ. ეს თუ არ მოხდა, მაშინ, რა თქმა უნდა, ბიზნესი ხან რომელ წამალს გააძვირებს, ხან რომელს და ასე არც გაიაფებას უნდა ველოდოთ, რადგად ზოგად სიტუაციას რომ შევხედოთ, მსოფლიოში მედიკამენტები გაძვირდება, რადგან მრავალ ქვეყანაში, სადაც პრეპარატები იწარმოება, ინფლაციური პროცესებია.

აქედან გამომდინარე, ეს იქნება დიდი ბარიერი და პრობლემა ქართველი მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, აქ სახელმწიფომ პროპორციული დაფინანსება უნდა გააკეთოს. წამლის რაღაც ნაწილი უნდა დააფინანსოს, რათა ინფლაციის გამო, უეცრად ძალიან ძვირი არ აღმოჩნდეს”, - განუცხადა "რეზონანსს” კახა ჯაყელმა და დასძინა, რომ ფარმაცევტული მონოპოლიური კომპანიები სერიოზულად უნდა დაჯარიმდნენ, რის შემდეგაც ისინი ასე ერთობლივად ვეღარ გააძვირებენ მედიკამენტებს.

"კონკურენციის სააგენტომ გარკვეული კვლევა-ძიებითი საქმიანობის გამოყენებით ბაზარზე უნდა გამოავლინოს არსებული მონოპოლიები ფარმაცევტულ კომპანიები. როდესაც ისინი ერთმანეთან შეთანხმებით, ერთად ახდენენ ფასების გაძვირებას. ასეთი მონოპოლიები უნდა იყოს გამოვლენილი და ასეთი ფარმაცევტული კომპანიები უნდა დაჯარიმდეს ძალიან მკაცრად. 1-2-ჯერ სერიოზულად დაჯარიმების შედეგად, მერწმუნეთ, რომ მონოპოლისტები ძალიან შეშინდებიან. შემდეგ აღარ იქნება ფასების ასეთი ერთობლივი გაზრდა”, - დასძინა "რეზონანსთან” ჯაყელმა.

რამდენიმე ხნის წინ 1100 მედიკამენტზე რეფერენტული ფასები ამოქმედდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააფთიაქო ქსელები დაწესებულზე მაღალ ფასად მედიკამეტს ვერ გაყიდიან. რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა ჯგუფის პრეპარატებზეც ამოქმედდება. სასიკეთო ცვლილების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 5 000-დან 35 000-ლარამდე იქნება. საერთო ჯამში, ამის შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ 40%-ით მცირდება, მაგრამ აფთიაქებმა ამ სიტუაციიდანაც შეძლეს თავის დაძვრენა და საკუთარი მოგებისთვის ისეთი წამლები გააძვირეს, რომლებზეც ზედა ზღვარი არაა შემოღებული.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე აცხადებს, რომ სააფთიაქო ქსელებში არსებული მონოპოლიური სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, უნდა მოწესრიგდეს.

"1100 მედიკამენტს უკვე შეეხო რეფერენტული ფასი და ეს იცის, როგორც მომხმარბელმა, ისე სააფთიაქო ქსელმა და ოჯახის ექიმმა. თუ ამ შეთანხმებულ ფასებში რაიმე დარღვევა იქნება, ნებისმიერმა ჯანდაცის სამინისტროს უნდა მიმართოს. სადაც უფლებები იქნება დარღვეული, იქ პერსონალური ღონისძიება გატარდება და სააფთიაქო ქსელები დაჯარიმდებიან. ასე რომ, თუ პირობა დაირღვა, მას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სანქცია. ამ მედიკამენტების ჩამონათვალი თანდათანობით გაიზრდება, რაც ეცნობება ყველას. ეს ესება ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებს.

ახლა, რაც შეეხება სხვა წამლებს, ითქვა, რომ ისარგებლეს და ამ შემთხვევაში ფასები კი დაწიეს, მაგრამ სხვა მედიკამენტები გააძვირეს. სწორედ ამიტომ მონოპოლიური ბაზრის მოწესრიგება უნდა მოხდეს. ეს მდგომარება უნდა გამოვასწოროთ. სახელმწიფომ ორიენტაცია უნდა აიღოს იმ ადამიენების დახმარება, ვისაც დაბალი შემოსავლი აქვს, ან საერთოდ არ აქვს, ასევე პენსიონრებზე და სხვა ბენეფიციარებზე. ამაში ბიზნესიც უნდა მონაწილებდეს და საქმე არა ჩხუბით, არამედ ერთმანეთთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს.

სააფთიაქო ქსელებში არსებული მონოპოლიური სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, უნდა მოწესრიგდეს და სახელმწიფოს მხრიდან დაწყებულია კიდეც. ის ჩაკეტილი წრე, სადაც ერთი ხელშია მოქცეულის სააფთიაქო სფეროს, ოჯახის ექიმი, თავისი სადაზღვეო სისტემით და ა.შ. ყველგან კითხვის ნიშანს ბადებს. ასეთი ჩაკეტილი სისტემები ყოველთვის საფრთხის შემცველია და ამის რეგულაციას შეუდგა სახელმწიფო, პარლამენტთან ერთად”, - განუცხადა "რეზონანსს” ლადო კახაძემ.

რეფერენტული ფასების ამოქმედებამდე, საქართველოსთვის თურქეთის ბაზარი გაიხსა, რამაც პრეპარატების ღირებულება 60%-80%-ით გააიაფა. სააფთიაქო ქსელებმა რაღაც დროსი შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ, ემზობელი ქვეყნიდან ნაყიდი წამლები გააძვირეს, თანაც მასშტაბურად - 100-300%-ით. აქედან გამომდინარე, სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ სანამ მონოპოლისტ კომპანიები მარტივ მამრავლებად არ დაიშლებიან, მანამდე ისინი ნებისმიერ სიტუაციიდან შეეცდებიან თავის დაღწევას და ერთობლივად, სათავისოდ იმოქმედებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×