"სწორედ ახლა გადასახადის გაიაფების ყველა წინაპირობაა, სემეკმა უნდა დაიცვას მოსახლეობის ინტერესები"
ქეთო გოგოხია
24.05.2023

ლარის გამყარებამ სამომავლოდ შესაძლოა, კომუნლურ ტარიფებზეც მოახდინოს გავლენა. მართალია, ამაზე მარეგულირებელი თამამად ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით ლარის კურსთან დაკავშირებით, ტარიფების კორექტირების  შესაძლებლობას იძლევა. ყოველ შემთხვევაში, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მიანიშნა, რომ პროცესს დიდხანს არ დაგვიანდება, თუკი ლარი გამყარებას გააგრძელებს.

სემეკში, ფაქტობრივად, აღიარებენ, რომ კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ. 2020 წელს, როცა ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებისთვის ტარიფები განისაზღვრა, მაშინ კომისიამ იმაზე დაბალი ტარიფი დაადგინა, ვიდრე ამას კომპანიები ითხოვდნენ, მერე კი ვითარება კარდინალურად შეიცვალა.

,,2020 წელს ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს ტარიფების გაზრდის კიდევ უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა მათ პოზიციას კომისია არ დაეთანხმა. მოთხოვნა რომ გაგვეთვალისწინებინა, დაახლოებით კიდევ 2 თეთრით გაიზრდებოდა ელექტროენერგიის ტარიფი, თუმცა კომისიამ კარგად “გაწურა” კომპანიების ხარჯები.

ამის შემდგომ ლარის კურსი კიდევ იზრდებოდა და დოლართან მიმართებით 3.40 ლარსაც გადასცდა, თუმცა შემდგომ დაღმასვლა დაიწყო. ახლა ნამდვილად არის გარკვეული “პლუსები” დარჩენილი და მათ ეს ბანკის ანგარიშშზე უდევთ, შესაბამისი სარგებელი ერიცხებათ და ეს სარგებელიც ტარიფისთვის შვებაა. მარეგულირებელმა კომისიამ ახლა ტარიფი რომ შეამციროს და კურსი გაუარესდეს, დეკემბრის ბოლოს ელექტროენერგიაზე ტარიფი ისევ გასაზრდელი გვექნება. აქედან გამომდინარე, კომისია ამ ნაბიჯის გადადგმას ერიდება.

ერთი მხრივ, სარგებელს, რომელიც მათ ერიცხებათ ბანკში, კარგად ვიყენებთ ტარიფის ტვირთის შესამსუბუქებლად და თუ ლარის კურსი კიდევ დაბლა წამოვა, ოდესღაც ამ ტარიფებს გადავხედავთ და ეს "ოდესღაც" დიდი ხანი არ იქნება",- განაცხადა "ბიზნეს მედიასთან" ნარმანიამ.

ფაქტს, რომ კომპანიები ჭარბ მოგებაზე მუშაობენ, ენერგეტიკოსები ,,რეზონანსთან" კიდევ ერთხელ ადასტურებენ და ხაზს უსვამენ, რომ ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა ტარიფების შესამცირებლად. თემურ ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ ახლა გადასახადის გაიაფების ყველა წინაპირობაა, ამიტომ სემეკმა როგორმე უნდა დაიცვას მოსახლეობის ინტერესები.

,,დენის ტარიფის გადახედვა როცა მოხდება, ყველა შესაძლებლობაა, შეამცირონ, ლარის სტაბილურობა ამის საშუალებას იძლევა, თუკი კურსის მიზეზით იზრდებოდა გადასახადი, კეთილი ინებონ და ამავე მიზეზით მოხდეს გაიაფებაც. თავის დროზე, როცა ტარიფი ძვირდებოდა, ერთადერთ არგუმენტად სახელდებოდა ლარის კურსი, რომელიც 3,30-მდე იყო გაუფასურებული. ამიტომ დათვლა 2,97-იან ნიშნულზე მოახდინეს, ჯერ დენი გაძვირდა, მოგვიანებით - გაზი.

ახლა კურსი 2.50-2,55-ის ფარგლებშია, ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურია და  ნდობაც მაღალია, თუმცა მოსახლეობას მაინც მაღალი გადასახადის გადახდა უწევს", -  განაცხადა ჭიჭინაძემ და დასძინა, რომ ლარის გამყარების პროცესი დიდი ხანია გრძელდება, ამიტომ ტარიფების საკითხი ადრეც უნდა დაესვათ.

,,ლარი იმდენად მყარია, რომ თავისთავად უნდა დასმულიყო ეს საკითხი, დიდი ხნის წინ ველოდი. სამწუხაროდ, მარეგულირებელი დამოკიდებულია ამ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე და უჭირს გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროებას ხედავს. სინამდვილეში საკმაოდ კარგი შედეგი შეიძლება მივიღოთ თუ მოიმდომებენ, რესურსი არის.

დღეს იმდენად მაღალია ტარიფი, რომ არც სოციალურ მდგომარეობას შეესაბამება და არც ლარის კურსს. ხელოვნურად გაბერილი ფასებით კომპანიები ზემოგებაზე გადიან. მესმის, რომ სხვის ფულს არ ითვლიან, მაგრამ როცა ჩვენს ჯიბეს ეხება საქმე, სიმართლე უნდა ითქვას. ბოლოს და ბოლოს, გვანახონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე. ხომ არ შეიძლება სემეკი მუდმივად კომპანიების დიქტატის ქვეშ იმყოფებოდეს და მხოლოდ მათ ინტერესებს ითვალისწინებდეს?" - განაცხადა ჭიჭინაძემ.

გადასახადებთან დაკავშირებით სემეკის პოზიციაზე მსჯელობენ ეკონომისტებიც. ისინიც ფიქრობენ, რომ კლება შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და სავალუტო პროცესებზე ნაკლებად არის დამოკიდებული. ასეთ მოსაზრებისაა ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომელიც ადასტურებს, რომ მაღალი ტარიფი მოსახლეობის მდგომარებაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს და მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

,,არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ლარის გამყარების პროცესი, რომელიც რუსი და ბელაურუსი მოქალაქეების მატებამ გამოიწვია. რაც შეეხება ტარიფს,  მარეგულირებელი ფასს თუ უწესებს კომპანიას, ეს უფრო პოლიტიკურია, ნაკლებად არის ბიზნესის გათვლის საფუძველზე. სამწუხაროდ, ასეა, ამიტომ მაღალ გადასახადს კურსთან ნაკლებად დავაკავშირებდი. უფრო პოლიტიკური ნების საკითხია. სჯობს, მონეტარულ პოლიტიკას  მიხედონ, ინფლაცია იკლებს და ფასები კვლავ მაღალი რჩება, ეს არის პრობლემა, რაც მოსახლეობის მდგომარეობას ამძიმებს", - აღნიშნა ხორგუაშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×