ჯერჯერობით ადგილობრივი იმპორტიორები ალტერნატიულ ბაზრებზე გადართვას არ აპირებენ
გვანცა წულაია
31.05.2023

საერთაშორისო ბაზრებსა და რუსეთში ნავთობი მკვეთრად იაფდება, თუმცა საქართველოში რატომღაც, ბოლო დროს, საწვავი ძვირდება და ამის მიზეზად მეზობელი ქვეყნიდან მისი შეფერხებით მოწოდება დასახელდა. რადგანაც რუსეთიდან საწვავი შეფერხებით შემოდის, ხოლო მსოფლიოში ნავთობი იაფდება, საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების ალტერნატიული მოწოდების წყარო ხომ არ გაჩნდება?

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟებზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება. 24 საათში ნავთობის ფასი, საშუალოდ, 2%-ით შემცირდა, ერთკვირიან ჭრილში კი ნავთობის ფასი თითქმის 9%-ითაა შემცირებული. გუშინდელი მონაცემებით, "ბრენტის" ღირებულებამ 72 დოლარი შეადგენა, "ლაითის" ფასმა კი 70-დოლარიანი ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა და 68 დოლარის ფარგლებში იყო.

შედარებით გრძელვადიან, ერთთვიან პერიოდში კი ნავთობი 10%-ითაა გაიაფებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვარდნის მაჩვენებელი 40%-ს აღწევს.

ასევე ეცემა რუსული ნავთობის ფასიც, ბოლო სავაჭრო სესიაზე "ურალსის" ღირებულება 4%-ით შემცირდა და 1 ბარელის ფასი ახლა 55 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ერთწლიან პერიოდში კი რუსული ნავთობი 45%-ითაა გაიაფებული.

ნავთობის ღირებულების კლება პირდაპირ კავშირშია ჩინეთში საწარმოო აქტივობის შემცირებასთან. ჩინური ინდექსი გასული თვის განმავლობაში 0.4 პუნქტით შემცირდა, რაც პანდემიის შემდეგ ინდექსის ვარდნის პირველი შემთხვევაა. ეს სტატისტიკა კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა აღდგენას დაგეგმილი სიჩქარით ვერ ახერხებს, რაც, თავის მხრივ, ენერგორესურსებზე მოთხოვნას ამცირებს.

მოგეხსენებათ, ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია, მისი ეკონომიკის შენელება კი ნავთობის ფასზე უარყოფითად აისახება.

რაც შეეხება საქართველოს, ადგილობრივ ბაზარზე პროცესი განსხვავებულად ვითარდება. თუკი რამდენიმე კვირის წინ ბენზინი 2 ლარს ქვევით იყო ჩამოსული, ახლა მისი ღირებულება არაბრენდირებულ სადგურებზე 2.29 ლარს აღწევს. რაც შეეხება ბრენდირებულ სადგურებს, გუშინდელი დღის მდგომარეობით, "რეგულარის" ტიპის საწვავის ღირებულება ასეთია: "ვისოლი” – 2.39 ლარი, "ლუკოილი” – 2.28 ლარი, "სოკარი” – 2.35 ლარი "გალფი” – 2.31 ლარი, "რომპეტროლი” – 2.35 ლარი, "პორტალი” – 2.37 ლარი. 

ნავთობიმპორტიორებმა `რეზონანსს” რამდენიმე ხნის წინ უთრეს, რომ საქართველოში საწვავის გაძვირება რუსეთს უკავშირდება, რადგან ამ ქვეყანაში შიდა მოთხოვნაა გაზრდილი, რის გამოც მოწოდება მცირდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილიც ადასტურებს, რომ რუსულ ბაზარზე ბენზინის სექტორში მცირედი დეფიციტი შეიქმნა.

"ჩვენ დღეს ევროპაში ყველაზე იაფი საწვავი გვაქვს, რადგან რუსეთიდან შემოგვაქვს ნავთოპბროდუქტები. დიზელი იაფდება, მისი ფასი გაუთანაბრდა თურქულის ღირებულებას და ტრანზიტად მომავალი მანქანები, ალბათ, საქართველოში დაიწყებენ დიზელის შევსებას. რაც შეეხება ბენზინს,  მოვლენებს ნუ გავასწრებთ. ვიმედოვნებ, დასტაბილურდება მდგომარეობა. 

ძალიან კარგია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასთაკლების ტენდენცია დაიწყო. ვნახოთ, სად გაჩერდება და როგორი იქნება ნავთობის ღირებულება, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ რუსეთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, იაფად მივიღოთ საწვავი.

მოწოდება შეფერხებული არ არის. არის ისეთი მოცემულობა, რომ თვითონ რუსულ ბაზარზე ბენზინის სექტორში მცირედი დეფიციტი შეიქმნა”, - განუცხადა ვახტანგ იობაშვილმა "რეზონანსს” და კითხვას, რადგანაც მსოფლიოში ნავთობი მკვეთრად იაფდება, ალტერნატიულ ბაზრებზე უფრო აქტიურად ხომ არ დავიწყებთ შესყიდვას, უპასუხა:

"ჯერ არავის ვურჩევ, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. ძალიან კარგი იქნება, თუკი საერთაშორისო ბაზრის ფასი, რუსეთიდან მოწოდებული საწვავის ღირებულებას გაუსწორდება. ამის შემდეგ, რუსეთს ისღა დარჩება, რომ კიდევ უფრო გააიაფოს პროდუქტი, რაც ფასის კლებას ჩვენთანაც გამოიწვევს. იმედია, მსოფლიოში ნავთობი გაიაფდება, ეს კი ჩვენთანაც მოიტანს სასურველ შედეგს.

საერთოდ, არც ერთ კომპანიას არ აწყობს მაღალი ფასი, რადგან სიიაფის დროს უფრო მეტია რეალიზაცია და ბრუნვა. 2 ლარს ქვევით საწვავი მცირე ავტოგასამართ სადგურებში იყო და არა დიდ ქსელებში. ბრენდირებულმა სადგურებმა ბოლო დღეებში მხოლოდ 5-6 თეთრით გააძვირეს ბენზინი”, - დასძინა "რეზონანსთან” ვახტანგ იობაშვილმა.

მაშინდელი გაძვირებისა და ახლანდელი სიიაფის მიზეზებზე საუბრობს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი და ხაზს უსვამს, რომ სანამ გაიაფდებოდა, რუსული ნავთობი ძვირდებოდა, ამ პროცესებს ლარის გაუფასურებაც დაემთხვა და ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ ავტოგასამართი სადგურების საფასო პოლიტიკაზე მოახდინა.

"პრინციპში არაბრენდირებულებს საკმაოდ მკვეთრად ჰქონდათ ფასი შემცირებული, ბრენდირებულ კომპანიებთან შედარებით და მართლაც შესაძლებელი იყო, რომ ზემოთხსენებულ ფაქტორებს მოეხდინა გავლენა, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით ბრენდირებულ კომპანიებზე, რომელთაც, ბოლო პერიოდში, ასევე გაზარდეს ღირებულება. მათ ცოტათი ჰქონდათ ფასი შემცირებული.

ბოლო დრომდე მსოფლიოში ნავთობი ძვირდებოდა. ეს დაკავშირებული იყო საუდის არაბეთისა და ოპეკის შეთანხმებასთან. მოპოვების შემცირებით ნავთობზე ფასი გაზარდეს, რადგან ეს მათ ეკონომიკურ ინტერესებში შედიოდა. ამ შეთანხმებამ იმუშავა და გაძვირდა კიდეც ნავთობპროდუქტები, მაგრამ ახლა მკვეთრად იკლებს, რაც რუსეთის ფაქტორს უკავშირდება. რუსეთმა პირველ ეტაპზე მხარი დაუჭირა ზემოთხსენებულ შეთანხმებას, თუმცა რეალურად არ შეასრულა, მოპოვება არ შეუმცირება, პირიქით, ზრდის”, - განაცხადა "რეზონანსთან” პაატა ბაირახტარმა და და დასძინა, რომ რუსული საწვავი იმდენად იაფია, კომპანიებისათვის გაცილებით უფრო მომგებიანია მისი შემოტანა.

"დღეს 68 დოლარი ღირს ამერიკული მსუბუქი ნავთობი, ხოლო რუსული "ურალსი” 55 დოლარის ფარგლებშია. ამიტომ კომპანიებს ურჩევნიათ შემოიტანონ იაფი საწვავი. მიდგომა, რომელიც ბიზნეს აქვს ჩამოყალიბებული, სავსებით გასაგებია.

რუსული საწვავი იმდენად იაფია, რომ კომპანიებისათვის გაცილებით უფრო მომგებიანია მისი იმპორტი. აქედან გამომდინარე, მეეჭვება, რომ რომელიმე კომპანიან ამ ეტაპისათვის უფრო ძვირიან საწვავზე გააკეთოს აქცენტი, რადგან კონკურენციაში ვერ შევა რუსულ ნავთობპროდუქტებთან”, - აღნიშნა ბაირახტარმა "რეზონანსთან” საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×