განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში შემცირდება ფასი, სადაც უძრავი ქონების ღირებულება ყველაზე მეტად არის გაზრდილი
ქეთო გოგოხია
07.08.2023

უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კლება აშკარაა, თუმცა ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ ქირის მიმართულებას შეეხო. ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება,  ცხადია, ძველ ნიშნულს ვერ მიაღწევს, მაგრამ მომხმარებლებისთვის შვება მაინც იქნება, განაკუთრებით წლის მეორე ნახევარში. მაკლერები ფიქრობენ, რომ ცენტრალურ უბნებში ორთახიან ბინაზე ფასი, საშუალოდ, 500 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო გარეუბნებში დაახლოებით  700-800 ლარის ფარგლებში  შეიძლება დასტაბილურდეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მთელ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ცვლილება ყველაზე მეტად საქართველოს უძრავი ქონების ბაზარმა განიცადა. ომის დაწყებასთან ერთად საქართველოს საზღვრებს რუსეთის უამრავი მოქალაქე მოაწყდა და მათმა დიდმა ნაწილმა თბილისსა და ბათუმში დაიდო ბინა, რამაც ჯერ გასაქირავებელი ბინის ფასი, ხოლო მალევე სარეალიზაციო ღირებულება გაზარდა.

კომპანია ,,სიგმას" დამფუძნებელი ზურაბ ლაჩაშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში შემცირდება ფასი, სადაც უძრავი ქონების ღირებულება ყველაზე მეტად არის გაზრდილი.

,,მართლაც ბოლო პერიოდში ფასი დაბლა იწევს. რა იქნება მომავალში, საუბარი გამიჭირდება. მოთხოვნა თანდათან გაიზრდება სექტემბრიდან ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად, თუმცა შემდეგ პიკი გადაივლის და კლების დინამიკა ისევ გაგრძელდება.

მაღალი ფასი დიდხანს ვერ  შენარჩუნდებოდა, რაზეც არაერთხელ გავამახვილე ყურადღება. ამ ეტაპზე, ძირითადად, ერთ და ოროთახიან ბინებზეა მოთხოვნა, რომელსაც ყველაზე მეტად  შეეხება ცვლილება. მაღალი ფასის გამო მოქალაქეებს ბინის ქირის დაფარვა ძალიან უჭირდა და ახლა გარკვეული შეღავათი იქნება.  ცენტრში ქრის ფასი 2000 ლარს აღწევდა,  პრემიუმ კლასის  ნაწილში უფრო მეტიც ღირდა. ახლა, საშუალოდ, 500 დოლარის ფარგლებშია. გარეუბნებში ფასი საშუალოდ 700-800  ლარის ფარგლებში შეიძლება დასტაბილურდეს. ბოლო დრომდე 1000 ლარს აჭარბებდა.

ფასის კლების ტენდენცია წლის მეორე ნახევარში გამოიკვეთა და ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ეს სიტუაცია შენარჩუნდება", - აღნიშნა ზურაბ ლაჩაშვილმა.

საიჯარო გადასახადის კლებაზე გაამახვილა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ყურადღება კომპანია ,,კიბეს" დამფუძნებელმა ნელი გოგუაძემაც. მისი შეფასებით, საქართველოში ბინებზე ქირის ტარიფი შემცირდა, თუმცა ბაზარი რეალობას მაინც მოწყვეტილია.

,,კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია აშკარად შეიცვალა. აღარც მკვეთრი მოთხოვნაა და ფასმაც კლება დაიწყო. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ბაზარზე ჯერაც რჩება პრობლემად ის გარემოება, რომ მოთხოვნა და მიწოდების პირობები მკვეთრად აცდენილია ერთმანეთს, რაც გვაფიქრებს, რომ დარგი ინერციით მიდის.

საქართველოში უძრავი ქონების ღირებულება ევროპის დიდი ქალაქების ფასებს უტოლდება. ფასები უაზროდ გაიზარდა და ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ შემცირების ნიშნებს, პირიქით, ინერციით ვითარდება ბაზარი, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ტენდენციაა.

სამშენებლო სექტორი აქტიურია და ბევრი კორპუსი და საოფისე ფართი შენდება, თუმცა ძალიან მცირეა პრემიუმ კლასის გასაქირავებელი ქონება. საიჯარო ფასმა ფასმა შედარებით იკლო ბოლო პერიოდში, რაც უფრო სეზონური ცვლილებით არის განპირობებული. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ რაღაც კალაპოტში მოექცევა გადასახადი", - განაცხადა ნელი გოგუაძემ.

მან უახლოეს პერიოდთან დაკავშირებულ მოლოდინზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ სექტემბერში შეიძლება მცირედით გაძვირება აღინიშნოს, მაგრამ ეს მალევე შეიცვლება.

,,ახალი სასწავლო წელი ახლოვდება, მაგრამ ბინის ქირაზე გადასახადს დიდად ვერავინ გაზრდის, მით უმეტესს 20 და 30%-ით. შეიძლება მცირედით მოიმატოს ფასმა გარკვეული პერიოდით, მაგალითად, სექტემბრის განმავლობაში, მაგრამ ოქტომბრიდან კლების ტრენდს დაუბრუნდება. შარშანდელთან შედარებით, ჩვენ რა ბინებიც გვქონდა, იმ ტიპის ქონებაზე, პირიქით, ტარიფები დაკლებულია", - დასძინა გოგუაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

რაც შეეხება გასაყის ფასს არასასურველი ტენდენცია შენარჩუნდა და დღესაც გასაყიდი უძრავი ქონების ფასი რეკორდულია. ნელი გოგუაძის ინფორმაციით, 1 კვადრატული ფართის ღირებულებამ ცენტრალურ უბნებში 3000-4000 დოლარსაც მიაღწია.

საინტერესოა ,,გალთ ენდ თაგარტის" კვლევა, რომელიც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ივნისის მიმოხილვას ეხება. მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის ივნისში, უძრავი ქონების ქირა კვლავ მაღალი დარჩა და წლიურად 43.3%-ით გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპს შემცირების ტენდენცია აქვს 2023 წლის აპრილიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×