ქეთო გოგოხია
15.08.2023

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ვალუტები მკვეთრად უფასურდება, რის გავლენასაც ქართული ბაზარი რეალურად არ განიცდის. ჯერჯერობით ლარიც შედარებით მყარადაა. ინფლაცია მეტ-ნაკლებად მოითოკა, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შესაძებლობას აძლევს, თუმცა ფინანსისტების ერთი ნაწილის აზრით, მათი მიდგომა გადაჭარბებული და კონსერვატულია.

სებ-ში ადასტურებენ, რომ მკაცრი მონატარული პოლიტიკიდან თანდათან გამოვლენ და წლის ბოლომდე დაახლოებით 1%-ით შემცირდება რეფინანსირების გაკაკვეთი. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ,,რეზონანსთან" აღნიშნავს, 1%-იანი შემცირება ეკონომიკაზე რეალურად არ აისახება და მისი ეფექტი, ფაქტობრივად, არ იგრძნობა.

,,როგორც იცით, რუბლი დოლართან ძალიან დაეცა. 1 დოლარი 98-100 რუბლად ივაჭრება, რაც ნიშნავს, რომ რუსული ფული მკვეთრად გაუფასურებულია. ამ დროს რუსეთი ჩვენთვის ნომერ პირველი პარტნიორია. ამ ქვეყნიდან შემოსული პროდუქცია ლარში გაცილებით იაფია დღეს, ვიდრე მაშინ, როცა რუბლი 80-იან ნიშნულთან იყო.

თურქული ლირაც გაუფასურებულია და იქედან შემოტანილი პროდუქციაც ასევე შედარებით იაფი გვიჯდება. ქართულ ბაზარზე კი შეღავათი არც ამ მიმართულებით იგრძნობა.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ჩვენთან იმაზე მეტია, ვიდრე თურქეთსა და რუსეთში მოქმედებს. იქ ინფლაციური პროცესები დაჩქარდება. რუსეთში ამ მხრივ გავლენას მოახდენს ელექტრონული ფულის შემოღება, რაც იგეგმება. ველოდები, რომ საქართველოში ფასების ზრდა პროცესი ნოემბერ-დეკემბრიდან იჩენს თავს", - განაცხადა შენგელიამ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

,,რუსეთი და თურქეთი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ. ისინი ებრძვიან ინფლაციას, ჩვენთან კი ეს პრობლემა არ დგას. შესაბამისად, არის რესურსი რომ რეფინანსირების განაკვეთი გაცილებით დაბალი გვქონდეს. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 1%-ით შემცირდება, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს არაფერს ნიშნავს. რეალურად საპროცენტო განაკვეთი კვლავ მაღალი დარჩება. მთლიანობაში, სჯობს 6%-მდე იყოს, რაც ეკონომიკას ცოტათი გამოაცოცხლებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში ეროვნულ ბანკს ხელს უშლის მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, რომელსაც სებ-ი ზედმიწევნით ასრულებს. ამ რეკომენდაციების ავკარგიანობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

ცხადია, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც რეალური ეკონომიკა არ გააჩნია მკაცრი მონეტარული პოლიტიკა დიდი წნეხია. იმისთვის რომ რეალური სექტორი ამუშავდეს, შეიქმნას საწარმოები და გადამამუშავებელი მრეწველობა, საპროცენტო განაკვეთები უნდა იყოს გაცილებით დაბალი, ვიდრე დღეს არის", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას შენგელიამ.

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, თუ როგორ აისახება ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაზე, პროგნოზისგან თავს იკავებს საბანკო ბაზრის მკვლევარი მიხეილ თოქმაზიშვილი. შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე რა თამაშს წარმართავენ ქვეყნები სავალუტო ბაზარზე და სავაჭრო ურთიერთობებშიც.

,,არაორდინალური სიტუაციაა, რამდენადაც გამოწვევა იყო ინფლაცია, სავალუტო პოლიტიკა იმდენად მკაცრდებოდა და იზრდებოდა საპროცენტო განაკვეთები. თუმცა ყველა ქვეყანა თავისებურ ნაბიჯებს დგამს დაკავშირებით.

რუსეთი თანდათან სტაბილურ მდგომარეობაში გადადის. ის მოლოდინი, რომ მოხდებოდა სავალუტო ბაზრის ჩამოშლა არ გამართლდა, რუბლის დევალვაციის მიუხედავად, რუსეთის საექსპორტო პროდუქცია ღირებულებას არ კარგავს და ამით ქვეყანამ დანაკარგების გარკვეული კომპენსირება მოახდინა.

ბევრი რამ დამოკიდებულია თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური ვითარება რეგიონში და როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. ორივე ჩვენი ძლიერი სავაჭრო პარტნიორია და ბევრ რამეში ვართ მათზე დამოკიდებული.

რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანა დაბალი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკას მისდევდა წლების განმავლობაში, რაც მუდმივად იწვევდა ლირის გაუფასურებას. დღეს კი კურსი კატასტროფულ ნიშნულზეა. რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები საქართველოზე ძნელად სავარაუდოა ვინაიდან ჩვენ გვაქვს საკმაოდ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ეკონომიკისადმი და სავალუტო პოლიტისადმი. მნიშვნელოვანია, როგორ შეიცვლება პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა. ამის პროგნოზირება რთულია, მით უმეტეს, იმ სიტუაციაში, სადაც ყველა განსხვავებულ თამაშს თამაშობს" - უთხრა ,,რეზონანსს" მიხეილ თოქმაზიშვილმა.

ამდენად როდესაც მეზობელ ქვეყნებში სავალუტო კრიზისი და დევალვაციაა, ლარი საკმაოდ ინარჩუნებს მდგრადობას და მსუბუქ რყევას - 2,60-2,63-ის ფარგლებში განიცდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×