პაატა ცაგარეიშვილი: ,,შუა დერეფნის ფუნქცია იზრდება და სამომავლოდ სოლიდურ მასშტაბს მიაღწევს, მაგრამ მანამდე არსებულ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ"
ქეთო გოგოხია
30.08.2023

შუა დერეფნის გასწვრივ გადაზიდვები გააქტიურდა. გაიზარდა მოთხონა ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა უზბეკეთი და ტაჯიკეთი. სპეციალისტები ამბობენ, რომ პოტენციალი დიდია, რისიც მხოლოდ ნახევვარია გამოყენებული. ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა და ამ პროცესით გამოწვეულმა ლოგისტიკურმა ცვლილებამ შუა დერეფნის საკითხი ძალიან აქტუალური გახადა. ფაქტობრივად მთელი შუააზიური და აზერბაიჯანული ტვირთები, როგორც ენერგო რესურსები, ასევე ქიმიური პროდუქცია, ლითონის შენადნობები და სხვა, ამ დერეფანში იყრის თავს.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უზბეკეთი შუა დერეფნის გასწვრივ წელიწადში გადაზიდვის მოცულობის 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდით ინტერესდება.

ამის შესახებ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების კვლევის ცენტრის დირექტორმა ბეგზოდ ხოლმატოვმა განაცხადა მრგვალ მაგიდაზე თემაზე „უზბეკეთი და აზერბაიჯანი: თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტები", რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზისთვის ცენტრის ორგანიზებით ბაქოში გაიმართა.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის ტრანსპორტირებადი ტვირთის მოცულობა დინამიურად იზრდება: „ამ თვალსაზრისით, შუა დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს".

რაც შეეხება ტაჯიკეთს, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ამ მიმართულებით, საავტომობილო გზებით 20,884 მლნ აშშ დოლარის საქონელი შევიდა.

სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 994 230 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.4-ჯერ აღემატება 2022 წლის იანვარ-ივლისის შედეგებს (405 500 აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 22,170 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქვეყნის გამტარუნარიანობის ზრდაზე საუბრობენ სპეციალისტებიც, თუმცა აქცენტს აკეთებენ იმაზეც, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს დატვირთვა ჯერჯერობით უმნიშვნელოა, რადგან ქვეყანა არსებულ პოტენციალს სათანადოდ ვერ იყენებს. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მიზეზად ინფრასტრუქტურულ პრობლემა მიიჩნევს.

„შუა დერეფნის ფუნქცია იზრდება და სამომავლოდ სოლიდურ მასშტაბს მიაღწევს, მაგრამ მანამდე არსებულ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ. საუბარია, რომ 10-15-ჯერ გაიზარდა ტვირთების მოძრაობა, მაგრამ მოცულობაში მაღალი ზრდა არ გვაქვს. სრულყოფილად ვერ ხერხდება ტვირთების გადამისამართება და ჩვენი დერეფნის დატვირთვა, რაც კითხვის ნიშნებს იწვევს - ვიყენებთ თუ არა სრულად ჩვენს შესაძლებლობას. თურქმენეთიდან ნავთობპროდუქტების ზრდის დიდი შესაძლებლობაა, უზბეკეთიდან უმეტესწილად მშრალი ნივთები გადაიზიდება, ძირითადად სარკინიგზო ხაზის გააქტიურებას ველოდებით. ყაზახეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ შუა დერეფანში ჩინეთიდან მომავალი ტვირთი დაამუხრუჭოს და თავისი გაატაროს, ვინაიდან ვიწრო ადგილებთან მიმართებაში გარკვეული პრობლემაა. ინვესტიციების ჩადებაზე მიმდინარეობს საუბარი, რაც ძალიან კარგია და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. ეს ყველაფერი საქართველოს, როგორც გამტარი ქვეყნის პოტენციალს, მაქსიმალურად წარმოაჩენს", - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა „რეზონანსთან".

მისივე თქმით, შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთსა და თურქმენეთში წამოჭრილი საკითხები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

შუა დერეფანთან დაკავშირებულ პერსპექტივაზე საუბრობენ გადამზიდავებიც, რომელთა ინფორმაციითაც მოთხოვნა ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარია შემხვედრიო ნაბიჯების გადადგმა და გამოწვევებისთვის თავის გართმევა, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„ივექს ლოგისტიკის" დირექტორის ლევან თათარაშვილის თქმით, ამ ეტაპზეც უჭირთ მოთხოვნის დაკმაყოფილება.

„უზარმაზარი მოთხოვნა, რასაც ვერ ვპასუხობთ, ფიზიკურად არ არის ამის საშუალება. ვერ უძლებს დაწოლას ვერც საბაჟო, ვერც გზა, რადგან ტვირთების ტრანზიტის კუთხით საქართველოს გამტარუნარიანობა დაბალია. ასე იმიტომ ხდება, რომ საქართველოს დერეფანი მაღალი დატვირთვისთვის მზად არ აღმოჩნდა. ამ თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოსაყვანია მწყობრში. თუ ეს პრობლემა ვერ გადაიჭრა, ჩვენ მომავალში ტვირთებს ვერ მოვემსახურებით, თუმცა მოთხოვნა ყოველთვის იქნება, ახლაც და რამდენიმე წლის შემდეგაც, როცა რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრდება", - აღნიშნა ლევან თათარაშვილმა.

მისი თქმით, ტვირთების უდიდესი ნაწილი მოძრაობს ირანი-თურქეთის გავლით, რაც ამ მოცემულობაში საქართველოს ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ქეყნის გამტარუნარიანობის ზრდა პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებისთვის. როგორც ცნობილია, მთვრობამ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წელთა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოგისტიკური სექტორის გაძლიერებასა და ლოგისტიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე - საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის სფეროების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×