"რუსეთს შიდა პრობლემები აქვს. იქ საწვავის დეფიტიცია. სწორედ ამიტომ არის ასეთი მოცემულობა"
გვანცა წულაია
11.09.2023

საერთაშორისო ბირჟების პარალელურად, საწვავი ძვირდება საქართველოშიც. ბოლო თვეების ტენდენცია ფასების შეუქცევადი ზრდით გამოირჩევა და მოლოდინიც რეალობის შესაბამისია. მსოფლიოში არ გამორიცხავენ, რომ 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულებამ 100 დოლარს გადააჭარბოს, საქართველოში კი ამბობენ, რომ დიზელი ფასი მალე 3 ლარს გადასცდება.

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება,. ერთკვირიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი, საშუალოდ, 6%-ითაა გაზრდილი და ამჟამად ბრენტის ფასი 90 დოლარს აჭარბებს. აღსანიშნია, რომ ჯერ კიდევ ივნისში მისი ღირებულება ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე - 71 დოლარის ფარგლებში იყო, მაგრამ გაძვირება მიწოდებასთან დაკავშირებულმა რისკმა განაპირობა. 12 ივნისის შემდეგ შავი ოქროს ფასმა 25.6%-ით მოიმატა, წლის დასაწყისიდან დღემდე კი თითქმის 10%-ით. ამერიკული "ლაითის" ფასი ამჟმად 88 დოლარის ფარგლებშია.

ძვირდება რუსული ნავთობიც. ბარელი "ურალსის" ღირებულება 76 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ კვირაში 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, რუსეთმა წარმოების მაჩვენებელი ნახევარი მილიონი ბარელით შეამცირა, რითიც გაძვირების პროცესს ხელს კიდევ უფრო უწყობს.

საქართველოს ბაზრის ძირითადი ნაწილი სწორედ რუსულ საწვავზეა დამოკიდებული. ამიტომ, როგორც რუსეთში, ისე საერთაშორისო ბარზებზე არსებული ვითარება გავლენას ახდენს საქართველოზე.

საწვავის გაძვირების მიზეზებზე "ბიზნეს-რეზონანსთან" ისაუბრა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა, თუმცა სამომავლო პროგნოზის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

"საწვავის მომწოდებელ ქვეყანაში გართულდა სიტუაცია. რუსეთს შიდა პრობლემები აქვს. იქ საწვავის დეფიტიცია. სწორედ ამიტომ გაჩნდა ასეთი მოცემულობა და ეს ხდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ იმ ქვეყნებშიც, ვისაც რუსეთი ამარაგებს ნავთობპროდუქტევით, განსაკუთრებით კი "რეგულარის" ტიპის საწვავით. დეფიციტი ტყუილად არ იქმნება. რუსეთმა, თავის დროზე, ისე, როგორც საუდის არაბეთმა, გამოაცხადა რომ ამცირებს მოპოვებას. შედეგი კი უკვე სახეზეა.

ჩვენ ახლა რუსეთიდან დიზელს ვიღებთ, ადრე არ ხდებოდა მსგავსი რამ. ფასს რაც შეეხება, ამას ვერავინ ვერ განსაზღვრავს, რადგან არავინ იცის, რა იქნება მომავალში. სანავთობო ბაზარზე ყოველგვარ მოლოდინზე წინდაწინ საუბარი ზედმეტია და საერთოდ, მოვლენებს არც უნდა გავასწროთ”, - აღნიშნა იობაშვილმა.

ბიზნესისგან განსხვავებით პროგნოზისგან თავს არ იკავებენ სფეროს სპეციალისტები. მათი მოლოდინით, დიზელის საწვავი 3 ლარს გადააჭარბებს, რომელიც დღეისათვის სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებში 2.70-2.80 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გაძვირების მოლოდინია მსოფლიოშიც. ასეთი ტენდენციის ფონზე, "გოლდმან საქსმა” უახლეს პროგნოზი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 1 ბარელი ნავთობის ფასი 110 დოლარს მიაღწევს, ანუ "ბრენტის" ღირებულება დამატებით 20%-ით გაიზრდება. ამის მიზეზად ანალიტიკოსები რუსეთის ფედერაციის, საუდის არაბეთისა და ოპეკის წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებულ პოლიტიკას ასახელებენ.

საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით 1 მილიონი ბარელით შეუმცირა. წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს, რაც ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს. რუსეთმა კი, როგორც ზევით აღვნიშნეთ, წარმოების მაჩვენებელი ნახევარი მილიონი ბარელით დააკორექტირა.

სფეროს სპეციალისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ბაზარი სრულად დამოკიდებულია გარედან შემოტანილ ნავთობზე, ამიტომ საერთაშორისო ტენდენციას გავლენა აქვს ფასზე, მაგრამ საქართველოში კარტელური გარიგებები დამახასიათებელია და ასეთი ხელოვნური მანიპულაციები მინიმუმამდე უნდა დავიდეს.

"ზოგადად, ჩვენთან საწვავზე ფასების ზრდა გამოწვეულია ორი ფაქტორით: პირველი - ლარი გაუფასურებით და მეორე - როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე, ბირჟებზე, ხდება ნავთობის გაძვირება (აქ იგულისხმება ნედლი ნავთობი). გაცვლითი კურსი სტაბილურია, ამიტომ ლარის ფაქტორს კავშირი ან ბმა არ აქვს საწვავის გაძვირებასთან და ეს მიმართულება უნდა გამოვრიცხოთ. დარჩა მეორე ფაქტორი - მსოფლიო ტენდენცია.

ლონდონის და ამერიკის სანავთობო ბირჟაზე მიმდინარეობს ფასის ცვლილება. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ახლა რა ღირს ნავთობი, არამედ ყველაზე უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენს სამომავლო კონტრაქტები. მაგალითად, ოქტომბრის კონტრაქტები, ანუ მომავლის ხედვა როგორია. ეს კი სამწუხაროდ, გაძვირებისკენ არის მიმართული.

საერთოდ, კონტრაქტები ორი სახით იდება. ერთია – დღევანდელი შესრულება, ანუ დღეს რა ფასიც იქნება და მეორე არის სწორედ ეს მომავლის შესრულება, ერთი თვის შემდეგ მიწოდების ღირებულება. ახლა ზუსტად ამ სამომავლო კონტრაქტების ფასია გაზრდილი.

საწვავის გაძვირების ძირითადი მიზეზი ზემოთ ხსენებული ამბებია, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოსთვის კარტელური გარიგებები დამახასიათებელია. მოგეხსენებათ, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სწორედ კარტელური გარიგებებისთვის დააჯარიმა წამყვანი იმპორტიორი კომპანიები.

მთლიანად ვართ დამოკიდებული გარედან შემოტანილ ნავთობპროდუქტებზე. ჩვენი საწვავი რომ გვქონდეს, გარკვეული ბალანსი მოხერხდებოდა, მაგრამ არ გვაქვს, ამიტომ დამოკიდებულები ვართ იმ ქვეყნის საფასო პოლიტიკაზე, საიდანაც საწვავი შემოგვაქვს. გაძვირების შემთხვევაში არსებობს აქციზზე ფასის შემცირების გზა, თუმცა ამას ერთჯერადი ეფექტი ექნება და შეიძლება ეკონომიკაზე ნეგატიურადაც კი იმოქმედოს.

უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ საწვავი ხან გაძვირდება და ხან გაიაფდება, ამიტომ მთავარია, ბაზარზე ხელოვნური მანიპულაციები მინიმუმამდე დავიდეს. ვიცით, რომ საწვავი ერთდროულად ყველგან და ერთ ფასში ძვირდება. კარტელური გარიგებები ტყუილად არ მიხსენებია. თუ ასეთი მაქინაციები შემცირდება, მაშინ ფასის ნახტომისებური ზრდა არ გვექნება და თანაც, როცა საერთაშორისო ბაზრებზე გაიაფდება ნავთობი, საქართველოშიც ადკევატურად იმოქმედებენ ბეზნეს-ოპერატორები”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ.

გარდა იმისა, რომ საწვავი ძვირდება და ეს პრობლემაა, მასზე ფასების მატებას დიდი გადაცემა აქვს ინფლაციაზე. ინფლაციაში საწვავის წილი საკმაოდ დიდია, ამიტომ ასეთი ტენდენციის გაგრძელება პირველადი მოხმარების პროდუქციისთვისაც პრობლემურია.

"ზუსტად ეს სპეკულაციური ფასი მოქმედებს ინფლაციაზე. საწვავის გაძვირება გადადის სასურსათო პროდუქციაზე, რაც ისახება ფასების ინდექსზე”, - დასძინა ცუცქირიძემ.

საქართველოს შიდა ბაზრის წლევანდელი ტენდენცია რომ განვიხილოთ, შემდეგნაირად გამოიყურება: "გალფში" წელს ევრორეგულარი, იანვრიდან სექტემბრამდე, დაახლოებით, 10 თეთრითაა გაძვირებული და 2.79 ლარი ღირს 1 ლიტრი, თუმცა აქ ერთი დეტალი იმალება, იანვარი-მარტის შუალედში ღირებულება 2.25 ლარამდე იყო ჩამოსული და თუ ამ ნიშნულთან შევადარებთ ახლანდელ ფასს, ზრდა 64 თეთრი გამოვა.

რაც შეეხება "ვისოლს," წლის დასაწყისში ევრორეგულარის ღირებულება 2.89 ლარს შეადგენდა, იანვარი-მაისის შუალედში 2.35-მდე ჩამოვიდა, ახლა კი ფასი 2.82 ლარს შეადგენს. გამოდის, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ფასი 7 თეთრით გაიაფდა, მაგრამ მაისის შემდეგ ზრდა 47 თეთრს შეადგენს.

2.90 ლარი ღირდა წლის დასაწყისში ევრორეგულარი "სოკარშიც", იანვარი-ივნისში 2.35 ლარამდე ჩამოვიდა, დღეს კი ფასი იქაც 2.82 ლარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×