გაზრდილი გადასახადების გამო, მოთხოვნა აუცილებლად შემცირდება, მით უმეტეს, რომ მსურველთა 60% გამოცდას ვერ აბარებს
ქეთო გოგოხია
11.09.2023

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამსვლელთა 60%-მა ვერ ჩააბარა. ამის ერთ-ერთი მიზეზი  გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვების დამატება, ასევე  რეალურ მოძრაობაში გამოცდის გადატანა ქალაქში, რაც მომავალი მძღოლების მხრიდან მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს. დიდი ალბათობით, შესაძლოა, მიმართიანობამ იკლოს დიდი ხარჯიდან გამომდინარე, რისი გაღებაც მომხმარებლებისთვის ადვილი აღარ არის.

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას ინფორმაციით, თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩათვლით, მართვის მოწმობის აღება მოქალაქეებს დაახლოებით 1000 ლარამდე უჯდებათ, რაც შეიძლება საბოლოოდ მომართვიანობაზე აისახოს.

,,ავტომობილის ქალაქში ტარების კომპონენტის დამატებამ, ასევე სპეციალური ტესტის ჩაბარების ვალდებულებამ მართვის მოწმობის გაცემის პროცესი გაართულა. როგორც ცნობილია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება. დაახლოებით 20 კომპონენტია, რასაც პასუხი უნდა გასცეს.

ახალი რეგულაციის შედეგად, 60%-მა გამოცდა ვერ ჩააბარა, მოედნიდან ქალაქის პირობებში რომ გადავიდა გამოცდის ჩაბარების არეალი და იქიდან გამომდინარე, რომ განმეორებითი გამოცდაც ფასიანია, ხარჯი ძალიან გაიზარდა. ავტოსკოლების დიდი ნაწილი ლიცენზირებული არ არის, მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ავტორიზებული რომ იყოს და ლიცენზირება ხდებოდეს, უფრო დახვეწილი იქნებოდა სისტემა და სწავლების ხარისხი კი - გაცილებით მაღალი.

შეიძლება სულ 3-4 ავტოსკოლა იყოს, რომელიც კვალიფიციურია და მაღალ დონეზე ამზადებს მძღოლებს. შესაბამისად, მათი მომსახურება ძვირია და 800-900 ლარს აღწევს. ამას გამოცდების საფასურს თუ მივამატებთ, ჯამში 1000 ლარს გადაჭარბებს ხარჯი, რაც მოქალაქეებისთვის დიდი ფინანსური ტვირთია და ეს მოთხოვანზეც აისახება", - განუცხადა ირაკლი იზორიამ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

გამოცდების ჩაბარების დაბალ მაჩვენებელზე გააკეთა აქცენტი ავტოსკოლა ,,არტ დრაივის" დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, პრობლემა ინსტრუქტორების არაკვალიფიციუურობით არის განპირობებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, ავტოსკოლების ლიცენზირება ბოლოს და ბოლოს დაიწყოს, რაც საბოლოოდ სწავლების ხარისხზე აისახება.

„დღესდღეობით გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელი არის დაბალი - 50%-საც ვერ აღწევს. ასეთი ვითარება გვაქვს იმიტომ, რომ ავტოსკოლებში ასწავლიან არაკვალიფიციური ინსტრუქტორები, რომლებსაც არც გამოცდილება აქვთ, არც ლიცენზირებული არიან და თვითნებური საქმიანობით უამრავი ადამიანისთვის წარმოადგენენ საფრთხეს.

ჩვენს ავტოსკოლაში თეორიული და პრაქტიკული სწავლება უმაღლეს დონეზეა, ყველა კადრი კვალიფიციურია, ამიტომ არის ყოველთვის მაღალი მოთხოვნა, მომხმარებლები გვენდობიან.რ აც შეეხება სწავლების საფასურს, 700-დან 1000 ლარამდეა", - განაცხადა ბერიშვილმა და დასძინა, რომ თუკი მართვის მოწმობის აღების მსურველები სათანადოდ მოემზადებიან, პრაქტიკული  გამოცდისთვის განსაზღვრული 20 კითხვა პრობლემას არ წარმოადგენს.

,,ჩვენმა ავტოსკოლამ თითოეული საკითხი ბილეთების სახით მოამზადა. ეს არის ელემენტარული საკითხები, რომელიც დამწყებმა მძღოლმა უნდა იცოდეს. მაგალითად, ისეთი მარტივი პროცედურა, როგორიცაა თუნდაც შუშის საწმენდში წყლის ჩასხმა. თუმცა გამოცდაზე გასვლამდე, დამწყები მძღოლები მაინც ნერვიულობენ. სინამდვილეში კი  ამ საკითხზე გაცილებით რთულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ნაწილი, სადაც გამოცდაზე გასულმა პრეტენდენტმა. ქალაქში ავტომობილით გადაადგილება დადგენილი წესებით უნდა შეძლოს", - აღნიშნა გიორგი ბერიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ბ“ და „ბე“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა.

პრაქტიკული გამოცდის (როგორც მექანიკაზე, ასევე ავტომატიკაზე) პირველ ეტაპზე დაშვება (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა) ხორციელდება საფასურის გარეშე, ხოლო მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა) შეადგენს 90 ლარს.

პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსურველს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 1 წლის განმავლობაში გავიდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×