რამდენად უწევენ ისინი კონკურენციას ადგილობრივ ობიექტებს და შეავსეს თუ არა თავისუფალი სამუშაო ადგილები?
თიკა სიბოშვილი
13.09.2023

სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ვითარება შეიცვალა. ე.წ. „ომის მიგრანტებმა“ საქართველოს სამასპინძლო სექტორის ათვისება დაიწყეს და ადგილობრივი მუშახელის ადგილი, ფაქტობრივად, თვითონ დაიკავეს. თბილისსა და ბათუმში უკვე უამრავი კაფე და ბარია გახსნილი, სადაც მთლიანად რუსები და უკრაინელები მართავენ პროცესებს. „რეზონანსი“ დაინტერესდა არსებული რეალობით და შეეცადა გაერკვია რა ხდება ჰორეკა ბიზნესში და რეალურად უწევენ თუ არა კონკურენციას მიგრანტები ადგილობრივებს.

ბიზნესში კადრების ნაკლებობა სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული. დაბალი ანაზღაურების გამო მუშაობის დაწყება ბევრს არ სურდა, ხოლო დამსაქმებელი კვალიფიციურ კადრებს ითხოვდა, რაც პრობლემას წარმოადგენდა. ბიზნეს კონსულტანტ ლევან კობერიძის ინფორმაციით, "ომის მიგრანტებმა" ასეთ ვითარებაში მეტი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს და ბიზნესში თავისუფალი ადგილების ათვისება დაიწყეს.

„დედაქალაქის და რეგიონის ქალაქების სამასპინძლო სექტორში - კაფეებში, რესტორნებსა და სასტუმროებში ძალიან იმძლავრა ე.წ. ომის მიგრანტების მიერ ქართულის მენეჯმენტის ჩანაცვლებამ, ანუ საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება ხდება იმ ადამიანებით, ვინც უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად.

ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეები, ვინც ამ ბიზნესს მართავდა, არ აღმოჩნდნენ მზად ამ ელემენტარული კონკურენციის ტალღისთვის და მეორე მხრივ - ის ადამიანები, ვინც თავის დროზე თავის საცხოვრებელ ადგილებზე - რუსეთსა და უკრაინაში მართავდნენ მსგავსი ტიპის დაწესებულებებს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მეტი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კვალიფიკაციის ნაკლებობას უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს რეალობაში, ყველა მიმართულებით, კვალიფიციური კადრებისა და პროფესიონალიზმის პრობლემა“, - განაცხადა კობერიძემ „კომერსანტთან“და იქვე დასძინა, რომ ამას გარდა მიგრანტებმა მომსახურების ობიექტებიც კი გახსნეს საქართველოში.

"მეორე ფაქტორი, რის გამოც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა საკუთარი კაფე-რესტორნები გახსნეს დედაქალაქსა და ტურისტულ რეგიონებში, არის ისიც, რომ ქართულ კვების დაწესებულებებში ისინი მაინც და მაინც კომფორტულად არ გრძნობენ თავს. ამიტომ, გაცილებით კომფორტული აღმოჩნდა მათთვის რუსების კაფეებსა და რესტორნებში სიარული, სადაც არც ის წარწერა დახვდებათ, რომ „რუსეთი ოკუპანტია“ და არც უკრაინის დროშა", - დასძინა კობერიძემ.

ფაქტი ერთია, რომ ბიზნესს კადრები სჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჯერ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები გაითვალისწინოს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს მოსაზრება, რომ მიგრანტემბა დაიწყეს სამუშაო ადგილების ათვისება, ამ აზრს არ ეთანხმება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე და მდგომრეობას სხვაგარად უყურებს. იგი სულაც არ ფიქრობს, რომ მიგრანტები ქართველებს კონკურენციას უწევენ, რადგან მომუშავე ემიგრანტების სეგმენტის ნაწილი ქვეყანაში ძალიან ცოტაა.

„ვერ ვიტყვი, რომ მიგრანტები კონკურენციას უწევენ ადგილობრივებს, რადგან ეს ადამიანები ომის დაწყებიდან, პირველი 6-8 თვის მანძილზე ჩანდნენ უფრო მეტად, თუმცა შემდეგ ყველანი წავიდნენ ჩვენზე უფრო ბედნიერ ქვეყნებში - ზოგი კანადაში, ზოგიც აშშ-ში, ჰოლანდია, იტალია, პოლონეთში და ა.შ. ქვეყანაში იმდენად ცოტა მიგრანტი დარჩა, რომ მათი მხრიდან კონკურენციის გაწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია“, - აღნიშნა გაბრიჩიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ქვეყანაში რუსებისა და უკრაინელების მიერ გახსნილი კაფეები მართლაც არის, თუმცა ეს სფეროს პრობლემებს ნამდვილად არ უქმნის.

„უფრო მეტად აქტუალურია, რუსების და უკრაინელების მიერ გახსნილი, ძირითადად, რუსულენოვანი კაფეები, სადაც დასაქმებულები არიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები - ბელორუსები, რუსები, უკრაინელები და ა.შ. ისინი მუშაობენ თავისი მიმართულებით და ჩვენთან კონკურენციაში და გადაკვეთაში არ არიან“, - დასძინა გაბრიჩიძემ.

აშკარაა, რომ სფეროში კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმის პრობლემა შეინიშნება, თუმცა ამაზე მუშაობა და გამოსწორება შესაძლებელია. მიგრანტების მხრიდან სამუშაო ადგილების ათვისებას არ ადასტურებს არც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე და ამბობს, რომ დღეს მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო კადრების მიწოდება - ძალიან დაბალი.

„რეალურად, ბაზარზე კადრებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ამის დაკმაყოფილება რთულია. არ არსებობს კონკურენცია რომელიმე სფეროში, პირიქით, არის ძალიან ბევრი სამუშაო ადგილია და გვაკლია კადრები.

თეორიულადაც რთულია იმის დაჯერება, რომ სამუშაო ადგილები მიგრანტებმა დაიკავეს საქართველოში, რადგან არსებობს ენობრივი ბარიერი, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის მომსახურების სფეროში. შესაბამისად, მსგავსი რამ წარმოუდგენელია. დღესდღეობით იმდენად ბევრ კადრს ითხოვს ბიზნესი, ხოლო მიწოდება იმდენად მცირეა, რომ ამ პრობლემაზე მსჯელობს ლამის ყველა ბიზნესი“, - აღნიშნა ბურჯანაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×