თხილის ხარისხი წელს საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ყველა ფერმერმა, ვინც მოსავალს სწორად მოუარა, შედეგიც გარანტირებული აქვს. ამის საფუძველს წლევანდელ სეზონზე წარმოადგენდა თხილის წამლობა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ფერმერებმა სეზონის წინ მიიღეს. სახელმწიფო პროგრამამ ფერმერებს შესაძლებლობა მისცა თხილის მოვლისთვის საჭირო ყველა საშუალება უფასოდ მიეღოთ.
თხილის მხარდაჭერის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შეიქმნა თხილის კადასტრი, ანუ თხილის ბაღების იდენტიფიცირება, მათი მფლობელების, თხილის ბაღების ზომების მიხედვით და სხვა. თითო ჰექტარზე მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო ეტაპობრივი ჩარიცხვები 1 ჰა-ზე 500 ქულა, რომლის გამოყენება ფერმერებს შეეძლოთ კონკრეტულ მაღაზიებში, როგორც სასუქების, ასევე შესაწამლი მასალების და სხვა საჭირო ინვენტარის შესაძენად.
სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ლაშა შალამბერიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა, რათა ფერმერებს მაღალი ხარისხის პროდუქტი და რაოდენობაც მიეღო.
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შესაძლებლობა მიგვეცა ფერმერებისთვის, რომ სწორი წამლობა ჩაეტარებინათ და კარგად მოევლოთ თხილის ბაღებისთვის, რაც მთლიანობაში კარგ შედეგს დადებდა. ცხადია, 500 ქულა სავსებით საკმარისია იმ პრეპარატების შესაძენად, რომელიც 4 წამლობისთვის არის საჭირო. 4-6 წამლობა კი კარგი მოსავლის მისაღებად საკმარისია, რისი მაგალითიც უკვე სახეზეა. შესაბამისად, იმ ფერმერებმა, რომლებმაც აგროღონისძიებები სწორად ჩაატარეს თხილის ბაღებში, ხარისხის და რაოდენობითაც ბევრად უკეთესი მოსავალი მიიღეს.
ხარისხიანი თხილის გაყიდვა დღესდრეობით 6-7 ლარად არის შესაძლებელი, რაც ფერმერისთვის კარგი შემოსავალია. ფასს განსაზღვრავს ხარისხი. მსოფლიოში თხილის ძირითადი მიმწოდებელი თურქეთია. ჩვენს ფერმერებს თუ ექნებათ მოვლილი ბაღები, აუცილებლად შევალთ კონკურენციაში თურქეთთან. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ თხილის კრეფის შემდეგ სწორად ჩატარდეს სხვა პროცედურებიც, როგორიცაა თხილის გაშრობა და სწორი შენახვა.
გარდა ამისა, აუცილებელია შემდეგი წლისთვის ადრიდანვე დაიჭირონ თადარიგი და წლის ბოლომდე წინასწარ მინიმუმ 2 წამლობა ჩაატარონ დარჩენილი მავნებლების წინააღმდეგ, რომ გამოზამთრების შემდეგ მცენარე უფრო ძლიერი იყოს, ვიდერ წინა წელს, მოსავლის აღების პერიოდში“, - აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.
მისი ინფორმაციით, წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება იმ ფერმერების რიცხვი, რომლებიც თხილის ბაღებს უვლის.
,,დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა. წლიდან წლამდე მატულობს ფერმერების რაოდენობა, ვინც სწორ აგროღონისძიებებს ატარებს თხილის ბაღებში და ეს უკვე კარგია. ცხადია, სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ამ შედეგს ფერმერები ვერ მიაღწევდნენ. გაწეული ფინანსური თუ ნებისმიერი სხვა სახის დახმარება, რასაც სახელმწიფო დარგის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს, უკეთესი მოსავლის მიღების წინაპირობაა. სამოტივაციო დახმარებებით, ფერმერებთან შეხვედრებით, ტრენინგებით და ფინანსური მხარდაჭერით აქამდეც მივედით. ყველა ფერმერს, ვისაც წარმოების გაფართოება უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება“, - აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ.
თხილის წარმოებაში დადებით ტენდენციებზე საუბრობენ ინდუსტრიის წარმომადგენლებიც, რომელთა შეფასებითაც, სახელმწიფოს მხარდაჭერა დარგზე სასიკეთოდ აისახა და ფერმერების დიდი ნაწილი ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევას გაუმკლავდა.
როგორც თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ აღნიშნა, ყველამ, ვინც სახელმწიფოს ფინანსური დახმარება მიზნობრივად გამოიყენა, გარანტირებულად კარგი შედეგი მიიღო.
,,თხილის ხარისხი სწორი აგროღონისძიებების ჩატარებით მიიღწევა. პირველ რიგში, ეს არის წამლობა. სამწუხაროდ, მავნებლის მიზეზით თუ ამინდის გავლენის გამო, თხილს ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. პრევენცია კი სწორი წამლობაა და მოსავლის მოვლა-პატრონობა, რასაც ფერმერები თანდათან სწავლობენ.
სახელმწიფო ყველანაირად გვერდში უდგას ფერმერებს და ამ მხარდაჭერას, ალბათ, ყველა გრძნობს. მთავარია, სწორად იქნას რესურსი გამოყენებული. ვინც სწორად შეწამლა ბაღები და სუბსიდიის თანხა მიზნობრივად გამოიყენა, გარანტირებულად კარგი შედეგი მიიღო. თუმცა იყო პირიქითაც, რაც მერე უკვე ფასის მხრივ ქმნის პრობლემას, ამიტომ წამლობას დიდი ყურადღება ექცევა.
კლიმატური პირობები შეიცვალა, ფაროსანას ზემოქმედება ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ თხილი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, რაც მთავრობის მიერ მხარდაჭერილია. ბოლო რამდენიმე წელიწადს თუ შევადარებთ, მეტი გამოცდილება დაგროვდა, კარგად თუ მოვუვლით მოსავალს, რაოდენობით თუ არა, ხარისხის თვალსაზრისით მაინც, თურქეთთან კონკურენციის გაწევა თავისუფლად შეგვეძლება“, - განაცხადა ლევან ქარდავამ „რეზონანსთან“ საუბრისას.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან დარგის დახმარებას, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი თოდუას თქმით, ფერმერების დიდმა ნაწილმა ეს რესურსი კარგად გამოიყენა და ფასის მხრივაც უფრო კონკურენტული მოსავალი მიიღო. 1 კგ ხარისხიანი თხილის ფასი 7 ლარს აღწევს.
,,ფერმერები არ არიან მარტო, სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ნაბიჯები იდგმება, რომ უპრობლემოდ შეძლონ მოსავლის მოვლა და დროული წამლობა განახორციელონ. ხარისხის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, შედეგი ნამდვილად არის, მაგრამ ამან მასობრივი ხასიათი უნდა მიიღოს. ყოველწლიურად აუცილებელია, რომ მინერალური სასუქები შევიტანოთ, ასევე კირი, რომელიც მჟავიანობას ანეიტრალებს. ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა გახლავთ თხილის ინდუსტრიაში.
ვინც შეძლო და აგროვადებში ჩაატარა 5-6-ჯერ წამლობა, თუნდაც ასოციაციის გრაფიკით და სქემით, აქვთ უმაღლესი ხარისხის მოსავალი, რომლის გაყიდვა 7 ლარადაც შეუძლია. ხარისხიან და უხარისხო თხილს შორის 2-3-ლარიანი განსხვავება ყოველთვის იქნება, თუ მეტი არა. ყველა ვხედავთ, რომ სახელმწიფო ამ ხალხს გვერდში უდგას და მხარდაჭერას სთავაზობს. უნდა მოინდომონ, რომ გაწეული დახმარება დარგის კეთილდღეობას მოხმარდეს და ყველა ოჯახამდე მივიდეს სარგებელი“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა. პირდაპირი გადახდების სისტემის საფუძველზე სახელმწიფო მიზანმიმართულად დაეხმარა ფერმერებს მცენარის მოვლის საშუალებების შეძენაში.
შესაბამისად, 2023 წელს თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო 90 ათასზე მეტი ფერმერი, რომელთაც ჰექტარზე 500 ქულა მიიღეს და შემდეგ პესტიციდებისა და სასუქებისთვის აგრომაღაზიებში გაანაღდეს. პროგრამის ფარგლებში ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში 43 ათას ჰექტარზე მეტი ბაღი დარეგისტრირდა.