გლობალურ ბაზრებზე შაქრის გაძვირების ახალი ტენდენცია დაიწყო და გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი, ჯერჯერობით ვერავინ პროგნოზირებს. ფასი მკვეთრად გაზრდილია და გარკვეული ცვლილება ადგილობრივ ბაზარზეც მოსალოდნელია. ფაქტია, რომ არსებული ფასი დიდხანს ვერ შენარჩუნდება. როგორც იმპორტიორები აცხადებენ, მარაგი ჯერ კიდევ არის, თუმცა როგორც კი ახალი პარტია შემოვა, შაქრის ღირებულება სავაჭრო ქსელებშიც მოიმატებს.
ამ ეტაპზე საერთაშორისო ბირჟებზე 1 ტონა თეთრი შაქარი 740 დოლარი ღირს, როცა 2019 წლის სექტემბერში 340 დოლარს შეადგენდა, ხოლო იმავე წლის ივლისის ბოლოს სულაც 305 დოლარი ღირდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 2023 წლის პირველ კვარტალში, კერძოდ, მარტში 1 ტონა თეთრი შქარის ღირებულება ლონდონის ბირჟაზე 580 დოლარის ფარგლებში მერყეობდა და მას შემდეგ განუხრელად ძვირდება.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ამ ეტაპზე დახლებზე შაქრის ღირებულება 2,40 ლარიდან იწყება და 2,60 ლარის ფარგლებში მერყეობს. განსხვავება მკვეთრი არ არის, თუმცა თუკი მსოფლიო ბაზარზე ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, ამან შეიძლება საქართველოზეც იმოქმედოს.
იმპორტიორი თენგიზ ფაცაცია ამბობს, რომ შაქარის ფასზე გავლენას ახდენს გლობალური ტენდენცია და ლარის კურსი. ტემდენცია ჯერჯერობით სახარბიელო არ არის. გარდა ამისა, იმპორტიორი შაქრის მაღალ მოთხოვნაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 130-140 ათას ტონა შაქარს მოიხმარს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
„შაქრის ფასზე საქართველოში, ძირითადად, სავალუტო კურსი მოქმედებს. ამ ეტაპზე ლარი სტაბილურია (ბოლო მოვლენებს თუ არ ჩავთვლით), რაც ჯერჯერობით ფასის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს. ვფიქრობ, ლარი რამდენიმე დღი წინანდელ წონანსწორობის ნიშნულს დაუბრუნდება და მისი გავლენა შაქრის ფასზე მკვეთრი არ იქნება, თუმცა არის მეორე საფრთხე. თუ საერთაშორისო ბირჟებზე არსებული მოცემულობა შენარჩუნდება ან ტენდენცია გაგრძელდება, გარკვეულ ცვლილებას აქაც უნდა ველოდოთ.
ჯერჯერობით ძველი ნაშთები ჯერ კიდევ არის, რაც გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს პერიოდში შაქრის ფასს არაფერი ემუქრება. ზოგადად, როცა საქმე იმპორტს ეხება, ყველა პროცესი ერთმანეთზეა მიბმული. ამიტომ ვამბობ, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტის ფასი მოიმატებს, ეს სხვა ქვეყანაზეც აისახება.
საქართველოში არ ვაწარმოებთ შაქრის მისაღებად საჭირო ნედლეულს და რა თქმა უნდა, თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასი გაიზრდება, ჩვენთანაც მოიმატებს. ამ პირობებში მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ საქართველოს ბაზარი კონკურენტუნარიანი იყოს, რათა მაქსიმალურად მოხერხდეს რისკების თავიდან არიდება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან ახლა შაქრის შიდა მოხმარებისთვის გამოყენება კიდევ უფრო გააქტიურდება და აუცილებელია, რომ ერთი სახეობის პროდუქტის გაძვირებამ სხვა სამომხმარებლო ნაწარმიც არ გააძვიროს“, - განაცხადა იმპორტიორმა ,,რეზონანსთან“.
„აგარის“ ქარხნის ხელმძღვანელი ალხან ალიზადეც ადასტურებს, რომ ცვლილება ქართულ ბაზარზეც აისახება, თუკი ტენდენცია გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტრენდს შეინარჩუნებს.
„ვაკვირდებით პროცესს, ჯერჯერობით შაქრის საკმარისი მარაგი გვაქვს და ფასის ცვლილებას არ ვგეგმავთ, თუმცა დინამიკა თუ ხანგრძლივ პერიოდში შენარჩუნდება, გარკვეულ კორექტირებას აქაც მოვახდენთ.
კონკრეტულად რამდენით გაიზრდება ფასი ჯერ საუბარი ადრეა. საერთაშორისო ტენდენციაზე ვართ დამოკიდებული, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს", - აღნიშნა ალიზადემ.
ფასში სხვაობა თბილისის სუპერმარკეტებში ჯერჯერობით არ იგრძნობა. ზოგიერთ მაღაზიაში აქციები ისევ მოქმედებს, რაც მომხმარებლისთვის შეღავათია.
ბოლო დრომდე მსოფლიო ბაზარზე სურსათზე ფასის კლების გამო საზოგადოებაში პროდუქტის გაიაფებაზე საუბარი მუდმივად მიმდინარეობდა, თუმცა შაქრის შემთხვევაში ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. არ არის გამორიცხული, სუპერმარკეტებმაც დაწესებული აქციები გააუქმონ ან ეს პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან“ ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის ადმინისტრატორმა ნინელი თოიძემ ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ფასი 5 თეთრით შეამცირეს, მაგრამ ალბათ წლის ბოლომდე ეს უკანასკნელი ცვლილება იქნება კლების მიმართულებით.
,,ახლა მთელ საქართველოში შაქარზე მოთხოვნა გაზრდილია. ეს ტენდენცია, ფაქტობრივად, წლის ბოლომდე ნარჩუნდება. წინა კვირას 5 თეთრით გავაიაფეთ შაქარი. ამ ეტაპზე 1 კგ პროდუქტი 2,45 ლარი ღირს. თუკი გლობალურ ბაზრებზე ფასი მატულობს, ალბათ მალე სადისტრიბუციო ფასზეც აისახება, ყოველ შემთხვევაში 2,50 ლარზე დაბლა ფასი არ ჩამოვა, ხოლო რა მაჩვენებელი დაფიქსირდება წლის ბოლომდე, ამაზე საუბარი გამიჭირდება“, - აღნიშნა ნინელი თოიძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.