საქართველოში შემოყვანილი მანქანები გაცილებით მეტია, ვიდრე მყიდველი
გვანცა წულაია
19.10.2023

ავტომობილების რეექსპორტის კუთხით საქართველოს არც ისე კარგი მოცემულობა აქვს. იგივე შეიძლება ითქვას შიდა ბაზარზეც. ორივე მხრივ მოთხოვნა-მიწოდების პრობლემა დგას. ამ ყველაფერს თან ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ერთვის, რომლის მიხედვითაც საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილის შეყვანა იკრძალება და ასევე კანონი, რომელიც მალე ქვეყანაში ამოქმედდება. იგი 2013 წელს უფრო ასაკიანი ავტომობილის შემოყვანას კრძალავს.

2023 წლის აგვისტო-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 23.5 მლნ აშშ დოლარიდან, 1.08 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. მიზეზი მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან, სანქციების ფარგლებში, საქართველოდან რუსეთში ამერიკული და ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტის აკრძალვაა.

2023 წლის სექტემბერში რუსეთში 304.8 ათასი დოლარის ღირებულების მხოლოდ 26 მანქანა გაიყიდა, აგვისტოში - 781.8 ათასი დოლარის 85 ერთეული. 2022 წლის სექტემბერში რუსეთში რეექსპორტზე გავიდა 11.473 მლნ დოლარის ღირებულების 660 მსუბუქი ავტომობილი, იმავე წლის აგვისტოში კი 12.030 მლნ დოლარის ღირებულების 739 ერთეული მანქანა.

ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე, ამავე წლის 1-ლი აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში ამერიკული მანქანების შეყვანა აიკრძალა.

რაც შეეხება ბელარუსს, ის საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი არც აქამდე ყოფილა, ისევე, როგორც რუსეთი, თუმცა სანქციების შედეგად რაოდენობა კიდევ უფრო მეტად შემცირდა. კერძოდ, 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველომ ბელარუსში 2.9 მლნ აშშ დოლარის 70 ავტომობილი გაყიდა, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბერში კი, 933.8 ათასი დოლარის 30 მანქანა.

ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი აცხადებს, რომ დარგი არც აქამდე იყო სახარბიელო მდგომარეობა და არც ახლაა. მოთხოვნა-მიწოდების პრობლემა დღესაც არსებობს.

"საქართველოს ბაზარი რუსეთზე დამოკიდებული არასოდეს ყოფილა. არც იმის იმედი გვქონია ოდესმე, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენთვის იქნებოდა პერსპექტიული. მოგეხსენებათ, რომ არ არის სტაბილური მიმართულება.

იგივეს თქმა შემიძლია ბელარუსზე, რაც რუსეთის კონტექსტში ვახსენე და მეტიc, თუ არ ვცდები, "საქსტატის" მონაცემებით ათეულშიც ვერ ხვდებოდა.

ზოგადად აქამდეც არ ვიყავით სახარბიელო მდგომარეობა და არც ახლა ვართ. მივყვებით იგივე მდგომარეობას, როგორც გვქონდა. არაფერი დიდი ცვლილება არ შეინიშნება.

შარშან გაყიდვის მაჩვენებელი მზარდი იყო, წელს კი ვითარება შეიცვალა. უფრო იმპორტიორებმა უფრო მეტი ავტომობილი ჩამოიყვანეს, ვიდრე მოთხოვნაა. ახლა თუ რაიმე პრობლემა არსებობს, ეს არის მოთხოვნა-მიწოდების ამბავი. მიწოდება არის უფრო მეტი, ვიდრე მოთხოვნაა. ავტომობილი უფრო მეტია, ვიდრე შეძენის მსურველი და ასეთი მოცემულობა გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში. შიდა ბაზრზე დიდი მოთხოვნა არც ყოფილა და დღესაც არ არის”, - განუცხადა "რეზონანსს” ლაშა დარბაისელმა და დასძინა, რომ დარგს დიდი პერქსპეტივა გააჩნია, მაგრამ დახმარებაა საჭირო.

"რეალიზაციის შესაძლებლობა დიდია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა. სახელმწიფოსგან ჩვენ ყველანაირ დახმარებას მივესალმებით და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, რითიც შეგვიძლია და რა რესურსებიც გააჩნია ასოციაციას, ყველაფერი გამოვიყენოთ და დარგს ამოვუდგეთ მხარში. მოვიძიოთ მყიდველები ჩვენი პირადი რესურსით, რომელიც სიმართლე გითხრათ, არც ისე ბევრია, მაგრამ რა შესაძლებლობაც გვაქვს იმას მაქსიმალურად ვიყენებთ”, - უთხრა ლაშა დარბაისელმა "რეზონანსს”.

რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 1.5 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 592.2 მლნ დოლარის ღირებულების.

საავტომობილო ბაზრის ექსპერტი, კომპანია „რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ადასტურებს, რომ ავტომობილები ძნელად იყიდება.

"საერთოდ, ძალიან დიდი დრო სჭირდება გადაწყობას ერთი მიმართულებიდან მეორეზე. ავტომობილები რომ იყიდებოდა და ქვეყნიდან გაყვანის პრობლემა რომ არ იყო, ახლა ასეთი მოცემულობა აღარ გვაქვს. მანქანები ძალიან ძნელად იყიდება. უამრავი ტრანზიტულნომრიანი მანქანა დადის ქალაქში.

ვიცით, რომ ჩვენგან 1-ელი აგვისტოდან რუსეთსა და ბელარუსში პირდაპირ რეექსპორტი აღარ ხორციელდება და ეს პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ვიღაც-ვიღაცები მაინც პოულობენ გზებს და გაჰყავთ ავტომობილები.

სხვათა შორის, შუა აზია ცოტა გააქტიურდა და ვნახოთ, რას მოგვცემს. ჩამოდიან ტაჯიკეთიდან, ყიგიზეთიდან და უზბეკეთიდან”, - განუცხადა "რეზონანსს” ჯამაგიძემ.

გარდა ევროკავშირის სანქციებისა, ცვლილება იგეგმება ქვეყნის შიგნითაც. 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება, ხოლო 2025 წლის პირველი იანვრიდან კი, 10 წელზე უფრო ასაკოვანი ავტობუსებისა და სხვა სტრანსპორტის საშუალებების.

"აქაურ ბაზარს და მყიდველს რაც შეეხება, ყველა ცდილობს, რომ 2013 წელს იქით გამოშვებული მანქანა შეიძინოს, მაგრამ ფინანსები არ ჰყოფნით. ჩვენ გვიკავშირდებიან, მაგრამ ფასი აშინებს ხალხს. ინერციით რაც ჩამოვიდა ავტომობილები, ალბათ, მაინც გაიყიდება.

სხვათა შორის გააქტიურდნენ კომერციული სტრუქტურები, რომელიც სესხებს იძლევიან, ამიტომ თუ ვინმეს ავტომობილის შეძენის სურვილი აქვს, მიდის ასეთ კომპანიაში და ამ გზით ყიდულობს ავტომობილს, მაგრამ შუამავლობით შეძენილი ტრანსპორტის სესხს შემდეგ ვერ იხდიან და ხდება მანქანების მოქცევა ისევ სალიზინგო კომპანიის ავტოსადგომზე”, - დასძინა "რეზონანსთან” ელგუჯა ჯამაგიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×