შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ მთავრობა მიდგომას ცვლის. ყველას, ვინც დასაქმებაზე უარს იტყვის, შემწეობის თანხა მოეხსნება. ამ მიზნით ბიუჯეტიდან გარკვეული ფულადი რესურსი გამოთავისუფლდება, ვინაიდაც ხარჯი საკმაოდ დიდია და რეალურად ხელისუფლებას მძიმე ტვირთად აწევს ამ ვალდებულების შესრულება.
სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რომლებიც დასაქმებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმდეთ. შესაბამის მექანიზმზე მუშაობა სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, სოცდაუცველის სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს.
„შრომისუნარიანი ადამიანი უნდა მუშაობდეს. ამ მიზნით გვაქვს ჩვენ სწორედ საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა. ეს არის პირველი ეტაპი. პროგრამამ მინიმუმ 2-3 წელი უნდა იმუშაოს. შემდეგში კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების ათვისება უნდა დავიწყოთ, მათ შორის. კერძო სექტორში ათასობით ვაკანსიაა, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იყენებს ის მოსახლეობა, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი.
ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ეტაპობრივად შევძლოთ, მაქსიმალურად დასაქმდნენ ეს ადამიანები და ნაცვლად სოციალური შემწეობისა, თავიანთ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი. ცალკე თემა იქნება, რომ ჩვენ სოცდაუცველებს, ვინც დასაქმდებიან, შევუნარჩუნებთ პაკეტს, რაც აქვთ, მაგრამ ამავე დროს, შრომისუნარიანი ადამიანები უნდა იყვნენ მიდრეკილნი, რომ კერძო სექტორში იმუშაონ,“ - განუცხადა კაკაურიძემ „ინტერპრესნიუსს“.
მთავრობის მიდგომას დადებითად აფასებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომლის შეფასებითაც, კარგია, რომ მიდგომა იცვლება და სოციალური დახმარებების ნანწილში მთავრობა ცდილობს იმ მეთოდების გამოყენებას, რასაც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები მიმართავენ.
,,საქართველოში 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას. ეს არის უზარმაზარი არმია, რომლის ეკონომომიკურ აქტიურობაში ჩართვით თვითონაც იხეირებდნენ და ქვეყანაც. გვექნებოდა საშუალება, მეტი დოვლათის შეგვექმნა, ეკონომიკური ზრდისთვის მეტი იმპულსის მიგვეცა. ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაზე, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს.
არა მგონია, ამან პრობლემა შექმნას, ყველა ქვეყანაში, რაც არ უნდა მდიდარი იყოს, სოციალური დახმარების გაცემის პირობები მკვეთრად შეზღუდულია. მაგალითად, აშშ-ში, ვისაც მუშაობის შტაჟი 11 წელზე ნაკლები აქვს, მისთვის სიმბოლური ასაკობრივი პენსია ძალიან დაბალია, რამდენიმე ათეული დოლარის ფარგლებშია. მართალია, სოციალურ დახმარება აქვთ, რომ კვების ძირითადი პროდუქტები მიიღონ, ხოლო ჯანდაცვის შემთხვევაში, ოპერაციების ხარჯს სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე, მაგრამ ფულადი რესურსის მიღება ძალიან შეზღუდულია. ამასთან, ვინც სამსახურს კარგავს, სოციალურ დახმარებას იღებს არაუმეტეს ექვსი თვისა. ეს ზრდის მოტივაციას, რომ სასწრაფოდ დაიწყონ სამსახურის ძებნა. ეს აბსოლუტურად მისაღები და გამართლებულია", - აღნიშნა არჩვაძემ.
სახელმწიფოს არ აქვს იმის საშუალება და არც იმის ფუფუნება, რომ სოციალურად დაუცველი და იმავდროულად უმუშევარი ადამიანების კეთილდღეობა აიყვანოს იმათ დონემდე, ვინც მუშაობს.
,,ყველა მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა სოციალური შემწეობის გაცემის მიმართ გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ამასთან, საშუალო ხელფასის სიდიდე ნებისმიერი მასშტაბური სოციალური დახმარების სიდიდესთან მიმართებაში დაახლოებით 7-8 ჯერ მაღალია. სახელმწიფოს არ აქვს იმის საშუალება და არც იმის ფუფუნება, რომ სოციალურეად დაუცველი და და უმუშევარი მოსახლეობის კეთილდღეობა აიყვანოს იმათ დონემდე, ვინც მუშაობს. ამიტომ ეს მიდგომა ემსახურება არა მხოლოდ სოციალური ფონის გაუმჯობესებას, არამედ თვით საზოგადოების წევრთა კეთილდღეობის ამაღლებას პრინციპით - გინდა უკეთესად იცხოვრო? მაშინ ხელი გაანძრიე", - განაცხადა,,რეზონანსთან" არჩვაძემ.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას პოზიტიურად აფასებს ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი, რომლის თქმითაც, კარგია, თუკი სახელმწიფო გარკვეულ ზომას მიმართავს, ვინაიდან დღეს სოციალური დახმარების მიმღებთა მაღალი მაჩვენებელი დიდწილად განპირობებულია იმითაც, რომ ადამიანები როგორც სოფლად, ასევე ქალაქშიც, ფიზიკური შრომისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.
,,ქალაქში თუ ადამიანს აქვს შემწეობა, არ უღირს, რომ მუშაობა დაიწყოს რომელიმე სექტორში, თუ გაცილებით მეტს არ მიიღებს. მაგალითად, ოჯახს თუ სოციალური შემწეობით თვეში 500 ლარი აქვს, 700-ლარიან ხელფასს არ თანხმდება, რადგან სოციალურ შეღავათებს კარგავს. ერთი სიტყვით, არაფრის კეთებით ფულს იღებს.
სახელმწიფომ სამსახური შესთავაზა ამ ადამიანებს და ამაზეც უარი თქვა ბევრმა, მუშაობა არ უნდათ. საკმაოდ რთულად დგას ეს საკითხი საქართველოში. შემწეობის მიმღებთა ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ უნდა გვქონდეს. როცა უმუშევრობის დონე მცირდება, ეს შემწეობის მიმღებთა რაოდენობაზეც უფრო მეტად უნდა აისახებოდეს, კარგია, რომ რეალურად გადაიდგმება ისეთი ნაბიჯი, რაც ამ ხალხს დაასაქმებს და ღირსეული შრომის შესაძლებლობას მისცემს", - განუცხადა ეკონომისტმა ,,რეზონანსს".