ყოველი შემდეგი მატება პროდუქციას და მომსახურებას გააძვირებას და ამას მთელი მოსახლეობა იგრძნობს
გვანცა წულაია
23.10.2023

ბიზნესმა კადრების დეფიციტის გამო ხელფასები გაზარდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის, რადგან მუშახელის კრიზისი კერძო სექტორში ისევ არსებობს. ახლა კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მათი მაქსიმუმია და დასაქმებულთათვის ანაზღაურების ზრდას მეტად ვეღარ შეძლებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ მომსახურების თუ პროდუქციის გაძვირება მოუწევთ.

კერძო სექტორში კადრების პრობლემა ისევ მწვავედ დგას, ბიზნესი არა მხოლოდ გამოცდილი, არამედ არაკვალიფიციური მუშახელის სიმცირესაც განიცდის.  დასაქმებულებს ანაზღაურება მოემატა, კადრების შენარჩუნების გამო, თუმცა ქვეყნიდან ხალხი მაინც გაედინება. სწორედ ამიტომ გამწვავდა პრობლემაც.

ბიზნესის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ხელფასების მეტად გაზრდა არ შეუძლია და ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კვალიფიკაცია არ გააჩნია. თუკი კერძო სექტორი ანაზღაურებას მაინც გაზრდის ეს აუცილებლად მათი მომსახურების ან პროდუქციის გაძვირების ხარჯზე მოხდება. 

როგორც კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა, დასაქმებულთა ხელფასი საბოლოო პროდუქტის თვითღირებულების შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მისი გაზრდა ან კლება პირდაპირ მოქმედებს სწორედ სარელიზაციო ფასის მატებაზე ან შემცირებაზე.

„კადრების პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც მწვავედ დგას, ისე როგორც მთელ ქვეყანაში. ჭირს მუშახელი და განსაკუთრებით პრობლემაა კვალიფიკაცია. ეს ცოტა პარადოქსია - კვალიფიკაციის პრობლემაა და ხელფასები გავზარდოთ? რეალურად, ხალხს არანაირი გამოცდილება და კვალიფიკაცია არ აქვს და ანაზღაურების მატება რას მოგვცემს?

დასაქმებულთა ხელფასი მომსახურებისა თუ პროდუქციის თვითღირებულების ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია, ამიტომ მისი გაზრდა და კლება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს თვითღირებულების მატებაზე ან შემცირებაზე. თუ მოიმატებს ხელფასი, იზრდება თვითღირებულებაც და ძვირდება პროდუქცია თუ მომსახურება, ეს ელემენტარულია“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

იგივე პოზიცია აქვს კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც. როგორც „ბიდიო საქართველოს" მმარტველი პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა, ბიზნესმა მაღალი ხელფასი რომ გადაიხადოს, მომსახურების გაძვირება მოუწევს.

„ხშირად ამბობენ, რომ ბიზნესმა უნდა გაზარდოს ხელფასი, თუმცა კადრები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ასეთ ვაკანსიებზე მოთხოვნებს, ძნელი საშოვნელია. ავიღოთ მაგალითად, "აიტი" სექტორი. თუ კომპანიაში არ არის განვითარებული ციფრული ტექნოლოგიები, მას მომავალი არ აქვს. ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვება, ეფექტურობის გაზრდა, ხარჯების შემცირება და ა.შ.

"აიტი" სპეციალისტები, ანუ ეს სამუშაო ძალა დიდი რაოდენობით არ შემოდის ბაზარზე, როგორი მოთხოვნაც არის მას ვერ პასუხობს. ის სპეციალისტები, რომლებიც ბაზარზე არიან, ურჩევნიათ სამუშაო უცხოეთში ნახონ ან იმ კომპანიებში დასაქმდნენ, რომლებიც საქართველოში არიან დარეგისტრირებული, მაგრამ უცხოეთის ბაზარზე მუშაობენ. შესაბამისად, ქართული ბიზნესისვის "აიტი" სპეციალისტებზე წვდომა ძალიან დაბალია.

ადგილობრივმა კომპანიებმა რომ გადაიხადონ მაღალი ანაზღაურება "აიტი" სექტორში, სერვისის გაძვირება მოუწევთ და ამ დროს კონკურენცია უნდა გაუწიონ ამერიკულ ბიზნესს, რაც არარეალურია. სხვა შემთხვევაში ბიზნესმა უნდა გააძვიროს პროდუქცია, მომსახურება თუ სხვა. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე არ არის იმხელა შემოსავალი, რომ შეძლოს მოსახლეობამ ამის გადახდა“, - განუცხადა ლალაზაშვილმა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“.

ბიზნესის ასეთი პოზიცია ლოგიკურია ეკონომისტებისათვის. როგორც ამბობენ, კერძო სექტორს ამ ეტაპზე არ შეუძლია იმდენი გადაიხადოს, ვიდრე ამჟამდ იხდის. ასეთი მოსაზრება აქვს ეკონომისტ გივი მომცელიძეს, რომლის მოსაზრებითაც, ბიზნესი იმ დონის ანაზღაურებას ვერ გადაიხდის, რის გამოც ხალხი ქვეყნიდან გასვლას გადაიფიქრებს. 

„ბიზნესის ასეთი პოზიცია ჩემთვის ლოგიკაში ჯდება. საშუალო სტატისტიკურად რომ გამოვთვალოთ, კერძო სექტორი ისეთივე გვაქვს, როგორი ეკონომიკაცაა ქვეყანაში. ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1500 ლარის ფარგლებშია და ჯერ შეუძლებელია, რომ მისი ოდენობა უცებად გახდეს 3000 ლარი.

ვიცი, რომ ამის თქმა პოპულარული არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზნესის აბსოლუტურად მესმის, რადგან ასეა. კერძო სექტორს ამ ეტაპზე არ შეუძლია იმდენი გადაიხადოს, ვიდრე ახლა იხდის. ყოველ შემთხვევაში იმდენი, რომ უცხოეთში წასვლის მსურველები ადგილზე დააკავოს. წამსვლელები მაინც წავლენ, რადგან ჯერჯერობით ძალიან დიდია სხვაობა ჩვენს ხელფასებსა და ევროპის ან ამერიკის შემოსავლებს შორის.

შემოსავლებს რომ თავი დავანებოთ, საკმაოდ ძვირი ქვეყანა გავხდით. ზოგიერთი სახელმწიფო ანაზღაურების მხრივ შეიძლება საქართველოსგან ძალიან წინ არ იდგეს, მაგრამ იმის გამო, რომ სხვაგან სიიაფეა, ხალხი შესაძლოა, მაინც წავიდეს, მაგალითად, თურქეთში.

რომ ჰქონდეს საშუალება რატომ არ გაზრდის მეტად ანაზღაურებას? ისევ იმ მითს მივადგებით, რომ კერძო სექტორს არ უნდა მოგების მოკლება. ბიზნესმა მოგება რომ გაინახევროს და ეს ნაწილი დასაქმებულებს გადაუხადოს, თვეში მომატება შესაძლოა, 150-200 ლარი გამოვიდეს. დღეს სუპერმარკეტებში, რომლებიც ბევრ ფილიალს ფლობენ, საშუალო ანაზღაურება 1400 ლარია და მისი 1600 ლარამდე ზრდა არ არის იმ დონის მატება, რომ ადამიანმა, 200 ლარის გამო, უცხოეთში წასვლა გადაიფიქროს.

3 წლის წინ 1400 ლარს სუპერმარკეტი ვერ გადაიხდა, ახლა შეუძლიათ, ანუ ბიზნეს მიეცა შესაძლებლობა რომ ასეთი ოდენობის ანაზღაურება დაფაროს. დროა საჭიროა და 4-5 წლის მერე შესაძლოა, ხელფასი 2000 ლარიც გახდეს, მაგრამ საქართველოში ხალხი ამ ოდენობის ანაზღაურების გამოც არ დარჩება, რადგან ჩვენ, როგორც გითხარით, ძვირი ქვეყანა ვართ და მომავალში უფრო ძვირი გავხდებით. 2000 ლარი არ იქნება მიმზიდველი, თუნდაც მოლარისთვის ან კონსულტანტისთვის, ამიტომ ისევ გვექნება კადრების გადინება, ისეთ ადგილებში, სადაც არის 3-ჯერ მეტი შემოსავალი“, - განუცხადა გივი მომცელიძემ „ბიზნეს-რეზონანსს“.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც დღეს ბიზნესს აწუხებს, კადრებთან დაკავშირებული საკითხია. დეფიციტია, როგორც კვალიფიციური კადრის, ასევე სამუშაო ძალასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად არ მოიძებნება არც ერთი სფერო, სადაც ეს პრობლემა არ შეინიშნება. ოფიციალური კვლევებითაც დადასტურდა, რომ კომპანიებში კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კერძო სექტორი მაინც ამბობს, რომ ხელფასებს ვერ გაზრდის ან თუ მაინც გაზრდის, ეს ყველაფერი მათი მომსახურებასა და წარმოებული პროდუქციის ფასში აისახება. ეს კი შემდგომში ისევ მოსახლეობაზე მოახდენს უარყოფით გავლენას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×