საცხოვრებელი ხელფასის ოფიციალური მაჩვენებელი რეალურს ბევრად აღემატება. დასტურდება, რომ საქართველოში თითო დასაქმებულისთვის ამ კატეგორიის ხელფასი 1706 ლარს აჭარბებს. სპეციალისტები ამ მაჩვენებლს გადაჭარებებულად მიიჩნევენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქის ხარჯი წლიდან წლამდე განუხრელად მატულობს.
ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს. იგი Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, ხოლო ინფორმაცია ორგანიზაცია „ღირსეული შრომის პლატფორმამ“ გაავრცელა.
მათივე განმარტებით, საცხოვრებელი ხელფასი არის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. იგი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები. საცხოვრებელი ხელფასი ასევე უნდა ფარავდეს მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა – საცხოვრებელი ხელფასის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც.
რაც მთავარია, საცხოვრებელი ხელფასი განსხვავდება „საარსებო ხელფასისგან“. საარსებო ხელფასი წარმოადგენს მინიმალურ ანაზღაურებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მშრომელის ღირსეულ ცხოვრებას და ის მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს.
სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, იმ მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, რითაც ხდება საცხოვრებელი ხელფასის გამოთვლა, რეალური საშუალო ხელფასის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.
,,საშუალო ხელფასი იანგარიშება დარიცხული ხელფასის მთლიანი ოდენობა გაყოფილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაზე. აქ ერთად იანგარიშება დაბალშემოსავლიანთა და ტოპ-მენეჯერების ხელფასი, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება შვიდნიშნაც იყოს. ეს იგივეა, დადგინდეს ავადმყოფების საშუალო ტემპერატურა, ვთქვათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ცხადია, ეს არ იქნება სწორი.
აშშ-ში უკიდურესი მაღალშემოსავლიანების გავლენა საშუალო ხელფასის მაჩვენებელზე გამოირიცხა. იქ ტოპ-მენეჯერების, იურისტების და სხვა კატეგორიის პირების ხელფასი ცალკე გამოითვლება. ეს რომ გაგვეკეთებინა, ხელფასის სიდიდე უფრო რეალური იქნებოდა. თანაც, მაჩვენებელში, რასაც ,,საქსტატი" გვთავაზობს, საშემოსავლო გადასახადის 20% შედის. ამიტომ რეალურად ხელზე გაცემული თანხა არის უფრო ნაკლებიც", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.
მისი შეფასებით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ აპელირებას მოეხდინათ არა საშუალო ხელფასზე, არამედ მედიანურ ხელფასზე, რომელთან მიმართებაშიც მოსახლეობის ნახევარს უფრო მაღალი ხელფასი აქვს და მეორე ნახევარს - უფრო დაბალი.
,,საქართველოში 1000 ლარის ფარგლებშია მედიანური ხელფასის მაჩვენებელი. მოსახლეობის კეთილდღეობის დასადგენად სარგებლობენ საშუალო ხელფასის დინამიკით, მაგრამ ამავე დროს საზოგადოებაში საკმაოდ ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც ერთი წევრიც არ ჰყავს დაქირავებით დასაქმებული. კერძოდ, თითქმის 1,1 მილიონი ოჯახია საქართველოში, ხოლო ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 870 ათასია. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ ოჯახში, განსაკუთრებით ქალაქში, შეიძლება ოჯახში 3-4 წევრი იყოს დასაქმებული, აღმოჩნდება, რომ შინამეურნეობის დიდ ნაწილს შინამეურნეობას არც ერთი წევრი არ ჰყავს შრომისუნარიანი ასაკის, რომლებიც ხელფასს იღებენ", - დასძინა სტატისტიკოსმა.
საცხოვრებელი ხელფასის დაფიქსირებულ მაჩვენებელს სუბიექტურ შეფასებად მიიჩნევს ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი, რომლის შეფასებითაც, განსხვავებულია ხელფასის მიმღებთა კატეგორია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის გამოც ანაზღაურების მოცულობა და ხარჯიც განსხვავებულია.
,,ძალიან სუბიექტურია ეს შეფასება. გააჩნია სად ცხოვრობს ადამიანი - დედაქალაქისა და რეგიონისთვის სხვადასხვაა კრიტერიუმებია. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბინის ხარჯის მქონე ადამიანისთვის ესეც კი დაბალი მაჩვენებელია. 1700 ლარი ოჯახის ორ წევრს რომ ჰქონდეს დარიცხული, გამოდის, რომ გადაიხდიან ქონების გადასახადს, რომელიც ფუფუნების გადასახადად ითვლება. გამოდის, რომ ის თანხა, რომელიც ნორმალური ცხოვრებისთვის არის განსაზღვრული, ქონების გადასახადით იბეგრება.
გარდა ამისა, შემოსავალთან ერთად მატულობს მოთხოვნილებებიც. მობილური ტელეფონი 30 წლის წინ ამ კატეგორიაშიც ვერც შევიდოდა ან ინტერნეტისა და კომპიუტერის ქონა, მაგრამ დღეს ეს ყოველდღიური აუცილებლობაა. ეკონომიკა იზრდება და შემოსავლებიც უნდა მატულობდეს. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ეს მაჩვენებელიც გაიზრდება", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" მერაბ ჯანიაშვილმა.
როგორც ,,ღირსეული შრომის პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში არსებული ანაზღაურება ამჟამად საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია. ,,კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა.
"სახელმწიფოს მონაცემების თანახმად, მედიანური ხელფასი - თანხა, რომელიც მშრომელებს ორ თანაბარ ჯგუფად ყოფს – 2022 წლისთვის თვეში 1 040 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა 50% ამ თანხაზე ნაკლებს იღებს. საშუალო ხელფასიც კი 2022 წელს თვეში მხოლოდ 1 543 ლარს შეადგენდა, რაც საცხოვრებელ ხელფასთან შედარებით დაბალია“ - ნათქვამია კვლევაში.