ცუდი სცენარი ერთბაშად შეიცვალა და გაძვირებას აღარავინ ელოდება
ქეთო გოგოხია
08.07.2024

ხორბლის მსოფლიო ბაზარზე ვითარება შეიცვლა. გაძვირებისკენ აღებული გეზი მოულოდნელად გაიაფებისკენ შებრუნდა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, პირველ რიგში, რუსეთის მიერ მცურავი ბაჟის გაანგარიშების მეთოდიკის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საბაზისო  ფასი 19 000 რუბლამდე გაიზარდა. მეორე კი  სეზონური ფაქტორია, როცა ბაზრის მეწარმეები ძველი მარაგების მოშორებას ცდილობენ და პროდუქცია ბაზარზე შედარებით ნაკლებ ფასში გამოაქვთ. როგორც კი მოთხოვნა-მიწოდების საკითხი დაბალანსდება, ფასიც დარეგულირდება, რაშიც  დღევანდელი მაჩვენებლის შენარჩუნება ან უმნიშვნელო გაძვირება იგულისხმობა.

ამ დროისთვის საერთაშორისო ბაზრებზე  ერთი ბუშელი ხორბლის ფასი 5,60 დოლარის  ფარგლებშია, როცა 1  თვის წინ  6,50 დოლარი ღირდა. გლობალური ტენდენციის ფონზე ხორბლის ქართული წარმოება, ცხადია, ამინდს ვერ ცვლის, თუმცა მოლოდონი მაინც დადებითია. წელს მოსავალი ცოტათი მეტია და ხარისხიც აშკარად გაუმჯობესებულია. ალოობა სულ ახლახან დაიწყო, ფერმერების მთავარი გამოწვევა პროდუქტის რეალიზაციაა, ამიტომ ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ხორბლისა და ფქვილის  მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ბირჟებზე სიტუაციის დასტაბილურებას სექტემბრიდან ვარაუდობს. ამასთან, საუბრობს რამდენიმე მიზეზზეც, რამაც მისი თქმით, ხორბლის გაიაფება გამოიწვია.

,,ჩვენ მივყვებით მსოფლიო და რეგიონალური ბაზრის ტენდენციებს. ქვეყანაში სტაბილურად შემოდის ხორბალი და ფქვილი. გარემო კონკურენტუნარიანია, შეიძლება ითქვას, რომ  ინდუსტრია  სტაბილურად მუშაობს. რაც შეეხება ხორბლის ფასის კლების დინამიკას, ბოლო ერთი თვეა, გრძელდება. სექტემბრიდან კი ფასის კუთხით გარკვეული ცვლილებაა მოსალოდნელი. ვვარაუდობ, რომ ხორბალი გაძვირდება ან მინიმუმ, არსებულ ფასს შეინარჩუნებს. ამ ეტაპზე გაიაფდა იმიტომ, მცურავი ბაჟის გაანგარიშების მეთოდიკა შეიცვალა რუსეთში, ანუ გაზრდილია საბაზისო ფასი  18 000 რუბლიდან 19 000 რუბლამდე, რამაც ფასისა და მცურავი ბაჟის შემცირება გამოიწვია, მათ შორის იმპორტირებულ ხორბალზეც და ეს ეხება საქართველოსაც. 1 ტონა ხორბალი 800 ლარი ღირდა და ახლა არის 750-730  ლარის ფარგლებში.  

მეორე ფაქტორი, რაც ფასზე მოქმედებს, სეზონურია. მოსავლის აღება დაიწყო, შესაბამისად, ხდება ძველი მოსავლის გამოტანა და ახლისთვის ადგილის გათავისუფლება. ეს ნიშნავს, რომ შემოთავაზება მეტია, ვიდრე მოთხოვნა", - აღნიშნა სილაგავამ და დასძინა, რომ ერთ-ორ თვეში დაბალნსდება სიტუაცია და ფასმა შეიძლება ოდნავ აიწიოს. 

,,სექტემბრიდან ფასი მინიმუმ დასტაბილურდება ან აიწევს. საპროგნოზო მოსავალი რუსეთში არ არის მაღალი და ეს მოქმედებს, ხოლო მეორე ფაქტორი ძველ მარაგს უკავშირდება. საკითხის დასმა ისე, რომ რუსეთს იაფი კონკურენტები გამოუჩნდნენ, არასწორია, თუმცა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გაიხსნა უკრაინული  წისქვილი, მათ აქვთ გეგმები, უკრაინული პროდუქტი შემოიტანონ და გადაამუშაონ ადგილზე, რაც ფასის სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვანია", - განაცხადა სილაგავამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

მან ადგილობრივ მარაგზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა იმ როლზე, რაც ამ მხრივ წისქვილკომბინატებს აკისრიათ ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშეც, განსხვავებით ფქვილისგან, რომლის ხანგრძლივი მომარაგება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

,,კრიტიკულ მომენტებში რუსეთიდან ხორბლის შემოტანა რომც შეწყდეს, გვაქვს დრო, რომ ალტერნატიულ ბაზრებზე გადავერთოთ. ფქვილის იმპორტი თავისი არსით, არ არის მოწოდებული მარაგის შექმნაზე, იგი პირდაპირ მიდის პურის ქარხნებში, რომლებსაც არ აქვთ ინფრასტრქუტურა დამარაგებისთვის. მაქსიმუმ, შეუძლიათ ათი დღის მარაგი შექმნან. წისქვილკომბინატებში ეს საკითხი გადაწყვეტილია. 

ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ, რომ მიბმული ვართ რუსეთის ბაზარზე, რაშიც იგულისხმება ის საფრთხე, რაც ექსპორტის შეწყვეტისას შეიძლება დადგეს, თუმცა წისქვილკომბინატების  მეშვეობით ეს რისკი მოხსნილია. ჩვენ 100%-იან პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ სექტორის მუშაობის დროს ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოება აუცილებლად ექნება დაცული", - აღნიშნა სილაგავამ.

რაც შეეხება ქართულ ხორბალს, ახალი მოსავლის მისაღებად სამზადისია როგორც კახეთში, ასევე შიდა ქართლში. ადგილობრივი ფერმერების შეფასებითაც, ხარისხი ნორმალურია. წელს უფრო მეტი ფართობი დაითესა, რაც მოსავლიანობაზეც აისახება.

როგორც სიღნაღელმა ფერმერმა მიხეილ ყანდოშვილმა "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, მთავარია, ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ, სხვა მხრივ, სტაბილურობა შენარჩუნდება.

,,წინა წლების გამოცდილება იყო ძალიან არასასიამოვნო, რადგან მოსავლის გაყიდვის პრობლემა შეიქმნა და მხოლოდ ბოლო დროს დარეგულირდა ეს საკითხი, რამაც ცოტათი შეამსუბუქა წნეხი. ხორბლის სიიაფის გამო ფერმერებს ბოლო 2-3 წელი დიდი ბრძოლა უწევდათ, რომ მოსავალი გაეყიდათ. მთავრობამ ამისთვის სპეციალური მოსაკრებელიც დააწესა ფქვილის იმპორტზე, რამაც ცოტათი შეამსუბუქა მდგომარეობა. 

ახლა დადებით მოლოდინს აჩენს რუსეთში შექმნილი ვითარებაც, როგორც ცნობილია, იქ ხორბლის ფართობები მოიყინა და მოსავალი შემცირდა. ამიტომ ვფიქრობ, ქართული ხორბლის ფასი აიწევს და 1 კგ 65 თეთრის ფარგლებში იქნება, რასაც  საუკეთესო გამოსავალს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ცუდიც არ არის. უკეთესობაა იმასთან შედარებით, რაც დარგმა წინა წლებში გამოიარა. 

ზუსტად რა და როგორ იქნება არ ვიცით. მარცვლეული ჯერ კიდევ იაფია. სახელმწიფოს მიდგომაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ფერმერებს საბანკო ვალედებულებები აქვთ და როგორც მინიმუმ, თვითღირებულებაში მაინც უნდა შეძლონ გაყიდვა. შარშან ამის შესაძლებლობა არ იყო. კარგია, რომ სექტორს ყურადღება ექცევა, ასეთი მიდგომა უნდა შენარჩუნდეს და მეხორბლეების მხარდამჭერი ღონისძიებები უფრო გააქტიურდეს. როგორიც არ უნდა იყოს მოსავალი, რეალიზაციის პრობლემა არ უნდა დადგეს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მიხეილ ყანდოშვილმა. 

რაც შეეხება საპროგნოზო მაჩვენებელს. მოსავლის რაოდენობამ  2022 წელს და 2023 წელსაც 150 000 ტონა შეადგინა. ზუსტი პროგნოზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოლოდონია, რომ წელს ხორბლის საერთო რაოდენობა 170 000 ტონას მიაღწევს. 

ყანდოშვილის თქმით, ბოლო თვეში ძლიერი წვიმები  მოსავლისთვის კარგი იყო. ალოობა კახეთში, ფაქტობრივად, დაწყებულია, ახლა მთავარია ხელსაყრელი ამინდი შენარჩუნდეს და მოსავალი დროულად დაბინავდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×