
სოფლის მეურნეობაში მუშახელის დეფიციტი 2024 წელსაც დიდ პრობლემას შექმნის. აგრარულ სფეროში, განსაკუთრებით სეზონურ სამუშაოებზე, რეგიონებში კადრებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა. ანალოგიური ვითარებაა სამეწარმეო ბიზნესშიც, რაც მაღალი რგოლიდან დაწყებული, ქვედა საფეხურამდე, ნებისმიერი კვალიფიკაციის კადრს ეხება.
მეწარმეები ფიქრობენ, რომ პრობლემა, ძირითადად, მაღალი ემიგრაციით არის გამოწვეული, რაც ბოლო წლებში პანდემიის დასრულებამაც ხელი შეუწყო. საუბარია ასევე მენტალურ პრობლემაზეც, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომაზე უარს ამბობს და ახლობლებისგან გამოგზავნილ ფულზეა დამოკიდებული ან სოციალური შემწეობის ამარა ამჯობინებს ყოფნას.
პრობლემაა ყველა დარგში, მუშახელი ჭირს როგორც დაფნის, ასევე თხილის, ყურძნის, ციტრუსის და სხვა კატეგორიის მოსავლის წარმოებაში.
წინანდალელი ფერმერის ოთარ ბერძენიშვილის ინფორმაციით, კახეთში სეზონურ მუშახელის დიდი პრობლემაა, ვინაიდან სტაბილურ სამსახურს ეძებს ყველა და ასეთი კი ღვინოს ქარხანა და სასტუმროებია, სადაც სამუშაოს მაძიებლების უმეტესობა საქმდება.
,,დღიური მუშახელი არ არის სოფელში, რეგიონში უამრავი სასტუმრო და ღვინის ქარხანაა, სადაც მუშაობს ხალხი, მინდორში კი აღარავინ გადის. გვიჭირს დამხმარეების შოვნა. ჯერჯერობით ავუდივართ საქმეს, რადგან ადგილობრივები დასავლეთ საქართველოდან შემოსული ადამიანებით ჩავანაცვლეთ. ყურძნის კრეფაა თუ სხვა სამუშაო, ხალხი ძირითადად სამეგრელოდან ჩამოგვყავს. დღიური ქირა 60 ლარზე ნაკლები აღარ არის.
ზოგადად რთული ვითარებაა იმ კუთხით, რომ სოფელი ვერ ვითარდება. ელემენტარულად საქონელი გაყიდა ხალხმა, სოფელში ნახირი აღარ არის, ეს არის კატასტროფა. წინანდალში საქონლის სულადობა 1500-მდე იყო და 50 პირუტყვს ვეღარ დაითვლი. სტაბილურ სამსახურს ეძებს ყველა, შრომამ ფასი დაკარგა", - უთხრა ,,რეზონანსს" ოთარ ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება სამეგრელოს, ხალხი, ძირითადად, თხილის კრეფაზე საქმდება. თუკი წინა წლებში დეფიციტი იყო, ბოლო ორი წელია, მდგომარეობა ამ მხრივ ცოტათი გამოსწორდა, რაც ჩვენთან საუბრისას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი თოდუამ დაადასტურა.
,,წელს ბაზარზე სამუშაო ძალის დეფიციტი არ იგრძნობა და გაცილებით უკეთესი ვითარებაა, რაც 2-3 წლის წინ იყო. ახლა მკრეფავების დღიური ანაზღაურება 50-60 ლარია. მნიშვნელოვანია, რომ წამლობასთან ერთად მოხდეს მოსავლის დროული დაბინავება, რათა ხარისხი და სტანდარტი გავაუმჯობესოთ. წელს მუშახელი არ გვიჭირს. კარგია ისიც, რომ ფერმერთა აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახებით თავად ერთვება პროცესში, ადრე კი, სამწუხაროდ, მხოლოდ მკრეფავებს ელოდებოდნენ. მუშახელზე მოთხოვნას ესეც ზრდიდა, ახლა სიტუაციაც დაბალანსდა", - აღნიშნა თოდუამ.
აღსანიშნავია, რომ მუშახელის სიმცირეს განიცდის დაფნის წარმოება. როგორც დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორმა დავით კუტალიამ განაცხადა, მუშახელის პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო წლებში გამწვავდა.
„მუშახელის პრობლემა ყოველთვის არის, განსაკუთრებით ბოლო წლებია. ხალხი გასულია: ზოგი ევროპაშია, ზოგი არ არის შრომისუნარიანი, ზოგს ეზარება და ასე შემდეგ. თან ახლა არის მოცვის და თხილის კულტურის აღების პერიოდი. ხალხი, ძირითადად, აქეთკენ გადაერთო. მიმდინარე პერიოდში ჩვენ ძალიან გვიჭირს, მაგრამ როგორც კი იმ კულტურების დაბინავება მორჩება, დაფნასაც ეშველება“, - განაცხადა კუტალიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან".
მან მუშახელის ანაზღაურებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღიურად ხელფასი, საშუალოდ, 70-80 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„საბოლოო ჯამში, პრობლემა მუშახელის მხრივ ნამდვილად გვაქვს. ზოგიერთს გამომუშავებით აქვს ხელფასი, ზოგს - დღიურად. ზოგი დღეში - 30 ლარს "აკეთებს", ზოგი - 50-ს, ზოგი - 120 ლარს, საშუალოდ 70-80 ლარის ფარგლებშია დღიური ანაზღაურება,“ - აღნიშნა დავით კუტალიამ.
აღმოჩნდა, რომ კადრების გარკვეულ პრობლემას განიცდის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმერული მეურნეობა ,,აგროქიზიყი". როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა განაცხადა, ვითარება იმდენად მძიმეა, რომ იძულებული არიან, გარედან უცხო სამუშაო ძალა შემოიყვანონ ან შეამცირონ წარმოება, სხვა არჩევანი რეალურად არ არის.
,,ფიზიკურად ძალიან რთულია ამ საკითხის მოგვარება. რჩება ორი გზა: წარმოების მოცულობის შემცირება ან გარედან მუშახელის შემოყვანა. პარადოქსია, მაგრამ როცა დასაქმების ასეთი პრობლემაა ქვეყანაში, წარმოებაში მუდმივად ვეძებთ კადრს და ვერ ვშოულობთ. ჩემი აზრით, პრობლემა მიგრაციას უკავშირდება, ყველაზე მეტად კი მაინც სოციალური პროექტების ,,დამსახურებაა". ხალხი მიეჩვია სახელმწიფოს კმაყოფაზე ცხოვრებას და მუშაობა ეზარება. როგორმე უნდა შეიცვალოს ეს მიდგომა, ასე არ შეიძლება გაგრძელდეს", - განაცხადა ბექა გონაშვილმა.
სწორედ მუშახელის სიმცირეს მიიჩნევს ერთ-ერთ პრობლემად ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი, რომლის განცხადებითაც, სოფლის მეურნეობა ვერ იქცა იმ მომგებიან დარგად.
,,ხილის და ბოსტნეულის წარმოება ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, პირველ რიგში, ეს არის კლიმატური პირობები - როგორი ამინდი იქნება წლის განმავლობაში. 2023 წელი იყო ნაკლებად მოსავლიანია და წელს უფრო კარგი შედეგებია და შესაბამისად, ექსპორტიც უნდა გაიზარდოს. გარკვეული პროგრამები, რომელიც არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ამოქმედებული, იგივე „დანერგე მომავალი“ ან „აწარმოე საქართველოში“ თავისთავად მოკლევადიან პერიოდზე არ არის გათვლილი და რამდენიმე წელიწადში ზრდის ტენდენცია უნდა იყოს სახეზე.
ქართული ხილისა და ბოსტნეულის ხარისხი და გემოვნური თვისებები ბევრად უკეთესია, ვიდრე იმპორტული პროდუქტის შემთხვევაში, თუმცა ჩვენ თვითღირებულება ძვირი გვიჯდება. ირანი და აზერბაიჯანი რომ ავიღოთ, იქ ენერგორესურსები შედარებით იაფია და შესაბამისად, პროდუქციაც იაფი გამოდის. იქ მუშახელიც იაფია. ჩვენთან კი ხალხის გადინება მოხდა საზღვარგარეთ და შესაბამისად, ძალიან ბევრი მიწა არის დაუმუშავებელი. კადრები ჭირს, არც დღიური მუშახელია საკმარისი. ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, რაც მერე უკვე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობაზეც ასიახება", - აღნიშნა ბეჟიტაშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.