"საჯარო უწყებებს კერძო სექტორიც აუბამს მხარს და რამდენიმემ გამოთქვა კიდეც სურვილი, რომ თავიანთ პროგრამაში სტუდენტები ჩასვან"
გვანცა წულაია
01.08.2024

უმაღლესდამთავრებულების ანაზღაურებად სტაჟირებაზე განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. ახლაგაზრდებს სამთავრობო უწყებებში დასაქმების შესაძლებლობა მიეცათ. როგორც განათლების ექსპერტებისგან ითქვა, კურსდამთავრებულები ყურადღებას სამომავლო დასაქმებაზე გაამახვილებენ და ხელფასის ოდენობა მათთვის მეორე პლანზე გადაიწევს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სტაჟირებისთვის გამოყოფილი ანაზღაურება არცთუ დაბალია და თვეში 500 ლარს შეადგენს.

დღეიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება და კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა კი 3000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა.

შესაბამის დეტალებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ სტაჟირება კურსდამთავრებულებისთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის.

„ეს საკითხი დავამუშავეთ, მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. უკვე ცხადდება კონკურსი, კურსდამთავრებულებს 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით განაცხადების შემოტანა შეეძლებათ. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება. უწყებებმა სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები, 2-ეტაპიანი კონკურსი ჩატარდება, საბუთების გადარჩევა, შემდეგ იქნება, ასევე, გასაუბრებები და მთლიანობაში, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში, რაც მათთვის შექმნის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს, ისინი საჯარო სამსახურის სისტემაში შევლენ, საჯარო სისტემის მუშაობას გაეცნობიან, რამაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას", - განაცხადა კობახიძემ.

მოლოდინია, რომ ანაზღაურებადი სტაჟირება კურსდამთავრებულებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება. როგორც სოციოლოგმა და აკადემიკოსმა პაატა აროშიძემ განაცხადა, უფრო მეტი ყურადღება პროფესიულ განვითარებასა და სამომავლო დასაქმებაზე გაკეთდება, ვიდრე ანაზღაურებაზე. 

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სტაჟირება, რადგან ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულია სასწავლო პრაქტიკის კომპონენტი და სრულიად შესაძლებელია, რომ ეს მიმართულება ჩანაცვლდეს ანაზღაურებადი სტაჟირებით. კარგია, რომ ეს მოხდება სამთავრობო უწყებებში, რადგან სტუდენტების 90% ისწრაფვის სახელმწიფო სამსახურსკენ. ეს იმის გამო, რომ ახალგაზრდას საჯარო სამსახურში დატოვების უფრო დიდ იმედი აქვს. საჯარო სამსახური უფრო მეტად სტაბილურად აღიქმება, ვიდრე კერძო სექტორი. 

სტუდენტების უმეტესობის აქცენტი საჯარო სამსახურისკენ არის მიმართული. შესაბამისად, სტაჟირებას კურსდამთვარებული გამოიყენებს გამოცდილების მისაღებად, მაგრამ, ამასთან ერთად, მათთვის შესაძლებელია ფინანსური მდგენელი გაიუმჯობესოს. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ საჯარო უწყებებს კერძო სექტორიც აუბამს მხარს და რამდენიმემ გამოთქვა კიდეც სურვილი, რომ თავიანთ პროგრამაში კურსდამთავრებულები ჩასვან. 

გასაგებია, რომ როდესაც ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა არასახარბიელოა, მთავარი მოტივატორი არის ხელფასი, მაგრამ ამ მხრივ მხოლოდ ანაზღაურება არ არის გადამწყვეტი. არსებობს შინაგანი მოტივაცია, თუნდაც კარიერულ წინსვლაზე ორიენტაცია, გამოცდილების მიღება, იმის გაცნობიერება, რომ მომავალში კონკურენტუნარიანი კადრად იქცევა და ა.შ.  სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დაინტერესება მაღალი იქნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა აროშიძემ და დასძინა, რომ 3000 ადამიანი დასაქმების სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის, ამიტომ არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ ეს პროგრამა შრომის ბაზარზე გარდატეხას მოახდენს.

მთავრობის გადაწყვეტილებას განათლების სფეროს ექსპერტებიც მიესალმებიან, თუმცა როგორც მუხრან გულიაშვილმა განაცხადა, საჯარო უწყებებში ისედაც ბევრი ადამიანი მუშაობს და საკითხავია, რამდენად საჭიროა დამატებითი თანამშრომლები სახელმწიფო სფეროში.

„ვფიქრობ, რომ კურსდამთვრებულებისთვის საინტერესო იქნება და ალბათ, უფრო მეტად სამომავლო დასაქმებაზე იფიქრებს ყველა, მაგრამ ცალკე საკითხია ის, თუ რეალურად რა მიზანს ემსახურება ეს პროგრამა. ანუ, ასწავლიან თუ არა რაიმე უნარ-ჩვევებს, რაც ახალგაზრდებს შემდეგ გამოადგებათ. ბევრი მსგავსი პროგრამის შესახებ გვსმენია და მომხდარა ისე, რომ სტაჟიორებს სამი თვის შემდეგ სახლში უშვებენ, მაგრამ ალბათ ხარისხზეც იქნება დამოკიდებული. 

ჩემი აზრით, დიდად არ მოხდება ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რამდენი იქნება ხელფასი. ყველას აქვს პერსპექტივაში საჯარო სამსახურში დასაქმების განცდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ სამომავლო პერსპექტივასა და სამსახურის დაწყებაზე გაკეთდება აქცენტი კურსდამთავრებულების მხრიდან. 

სხვა საკითხია, ხალხის დამატება რამდენად საჭიროა ისედაც გადავსებულ სახელმწიფო სტრუქტურებში. საჯარო უწყებებში ისედაც ბევრი ადამიანი მუშაობს და საკითხავია, რამდენად აუცილებელია დამატებითი თანამშრომლები სახელმწიფო სფეროში. როდესაც ერთი ადამიანის საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ ადგილზე 2-3 კადრია გაფორმებული. ეს საქმისთვის ცუდია, ვიდრე კარგი. არა მგონია, რომ დღეს დამატებით  სამუშაო ძალა სჭირდებოდეს სახელმწიფო უწყებებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ მუხრან გულიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×