მშობლებს სასკოლო ხარჯი გაეზარდათ, თითო მოსწავლის მომზადება, სულ მცირე 500 ლარი ჯდება, რის შესაძლებლობას ოჯახების დიდი ნაწილი მოკლებულია. ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებსა თუ მაღაზიებში სასკოლო ნივთების ფართო არჩევანია, თუმცა სურვილის დაკმაყოფილება მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები და პერსონალური კომპიუტერები უფასოდ რიგდება, ოჯახებს ხარჯი ყოველწლიურად ეზრდებათ.
სასკოლო სეზონის მოახლოება განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვება მრავალშვილიან ოჯახებს. ყველა საჭირო ნივთის შეძენა და მოსწავლის სრულყოფილი ჩაცმა-დახურვა საკმაოდ დიდ დანახარჯს მოითხოვს. ექსპერტები გაზრდილ ხარჯებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონსა და ინფლაციას უკავშირებენ, პრობლემას ფართო ჭრილში განიხილავენ და მიზეზად განათლების სფეროსადმი სახელმწიფოს არასწორ დამოკიდებულებას ასახელებენ.
ზოგადად სიძვირე პრობლემაა, მაგრამ ასევე არის სტრუქტურული პრობლემები - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" განათლების სფეროს ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ და დასძინა, რომ სისტემა ისეა მოწყობილი, მოსწავლეს მთელი წლის განმავლობაში არაერთი საგანს გავლა უწევს, რომლებიც ცალკე დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
,,თითოეულ საგანში არის სახელმძღვანელოები, რომელბიც რიგდება, მაგრამ არის საგნები, რომლებიც დამატებით მასალებს საჭიროებენ. სახატავ რვეულებს, ფურცლებს, გუაშებს და ა.შ. ცხადია, ეს იწვევს ხარჯის ზრდას, რომელის გაწევაც ყველა ოჯახს თანაბრად არ შეუძლია. არც სკოლებს აქვთ რესურსები, რაღაც ნაწილი დააკმაყოფილოს და ელემენტერული ნივთების შეძენა ბავშვებს არ უწევდეთ. თუნდაც ისეთები, როგროიცაა, მაკრატლები, ფანქრები და ა.შ.
უნდა ითქვას, რომ განათლების სისტემის ნაწილი მოსწავლეების კეთილდღეობაზე ზრუნვას არ ემსახურება, არაა ბავშვზე ორიენტირებული. ეს ჩანს ძალიან ბევრ საკითხებში. მართალია, სახელმწიფოს მხრიდან საკამოდ დიდი თანხებია გამოყოფილი, შედეგი მაინც არაა. ზოგიერთი სკოლა მას მთელი წლის მანძილზე ვერც ითვისებს და უკან ბიუჯეტში აბრუნებს. ეს ხდება იმიტომ, რომ სისტემა დასჯაზეა ორიენტირებული. დირექტორს ურჩევნია, არ დახარჯოს ეს თანხა, რადგან ხარჯვის დროს თუ შეცდომა მოუვიდა, შეიძლება თანამდებობაც დაკარგოს. არა აქვს მნიშვნელობა კარგ საქმეს ახმარს თუ ცუდს",- განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ჯანაშიამ.
მისივე თქმით, საჭიროა დირექტორებმა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მათგან ელის და ითხოვს ბავშვებზე ზრუნვას. ჰქონდეთ ნება იმისა, რომ ბავშვების კეთილდრეობას მოახმარონ ის ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც გააჩნიათ.
,,განათლების სისტემაში არსებული თანხების მიზნობრივი და სწორი ხარჯვა მშობლებს საშუალებას მისცემს ხარჯები შეუმსუბუქონ. დირექტორებს უნდა ჰქონდეთ იმის პირობები, რომ მოსწავლის კეთილდრეობაას მოახმარონ გამოყოფილი სახსრები. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებენ კარგი საქმის კეთებას. შეიმუშავებდნენ პროგრამებს და დაეხმარებოდნენ ოჯახებს, რომლებსაც უჭირთ ამ თუ იმ ნივთის შეძენა.
მასწავლებლები პირად საუბრებში ჰყვებიან, რომ ხშირ შემთხვევაში თავიანთი ხელფასებიდან ბევრ საჭირო და აუცილებელი ნივთებს ყიდულობენ. სკოლის შიგნით უნდა შეიქმნას სოციალური პროგრამები და მოსწავლეს, მშობელს ტვირთად არ აწვებოდეს ამა თუ იმ საგნისთვის საჭირო ნივთის შეძენ", - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ და დასძინა, რომ მთავარია სისტემის მიმართ კულტურა, ცნობიერება, პოლიტიკა შეცვალოს, რადგან ბევრი არამიზნობრივი ხარჯია. მაგალითად, განათლების სისტემაში შემოწმებაზე უფრო მეტი ფული იხარჯება, ვიდრე განვითარებაზე. რაც არასწორია და ასეთი მიდგომა აუცილებლად შესაცვლელია.
სასკოლო სეზონის მოახლოებასთან ერთად გაზრდილ ხარჯებს ქვეყანაში შექმნილ ინფლაციურ ფონს უკავშირებს განათლების დარგის სპეციალისტი მუხრან გულიაშვილი.
,,ქვეყანაში შექმნილი ზოგადი ინფლაციური მდგომარეობა აძვირებს თითოეულ ხარჯს. ჩემი შვილი წელს პირველად მიდის სკოლაში და ძალიან დიდი თანხა დაგვეხარჯა. ცხადია, იგი მუდმივად მზარდია და მხოლოდ სასკოლო სეზონის დაწყებით არ შემოიფარგლება.
მშობლების დანახარჯის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობით. ნებისმიერი პროდუქტის ფასი მუდმივად იზრდება. მსყიდველობითი უნარი კი იგივეა. 5 წლის წინ 500 ლარად რა პროდუქციასაც შეიძენდი, დღეს იგივე პროდუქციის შესაძენად 1000 ლარამდეა საჭირო. ამდენად, ქვეყანაში შექმნილი ზოგადი მდგომარეობის გამო უძვირდება ოჯახებს ბავშვის სასკოლოდ მომზადება. ინფლაციაა, რომელიც დიდ ტვირთად აწვება მოსახლეობას. ამ ხარჯს წიგნებიც რომ ემატებოდეს, ალბათ მოსახლეობის 80% ბავშვს სკოლაში ვერ წაიყვანდა", - განაცხადა ,,რეზონანსთან" გულიაშვილმა და დასძინა, რომ გრდა სასკოლო ნივთებისა არის ათასი წვრილმანი, რომელიც სკოლის მოსწავლეს აუცილებლად სჭირდება. აუცილებელია გაიხსნას სასკოლო წრეები, რომლებიც საგნებზე არ ნაკლებ მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, განათლების სისტემაში ბევრი რამ შესაცვლელი და დასახვეწია. სამწუხაროდ, სფერო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლემ საკუთარი ქვეყანა, ისტორია გაიცნოს, ნიჭი გამოავლინოს და იმ მიმართულებით განვითარდეს, რაც მის ინტერესშია.
,,კარგია, რომ წიგნები და პერსონალური კომპიუტერები უფასოა, მაგრამ რეალურად თუ ბავშვის ზრუნვაზეა საუბარი წრეებიც, კვებაც უფასო უნდა იყოს. ასეა ისეთ ქვეყნებში, რომლებიც განათლებას სერიოზულად უდგებიან. მიუხედავად იმისა, რომ სფეროს ბიუჯეტი იზრდება, მაინც ვხდეავთ, რომ სწავლის ხარისხი არ იზრდება და პირიქით, შედეგები გაუარესდა. ხედვა აღარ ჩანს იმისა, თუ რა უნდათ განათლებისგან.
თანამდებობებზე ისეთი ხალხი ინიშნება, რომლებსაც საჯარო სკოლასთან არც კი გაუვლიათ. მსგავსი მიდგომა პრობლემების სპექტრს ზრდის. წამოგიდგენიათ, არის სკოლები, სადაც მშობელს ახდევინებენ საკლასო ოთახის მორთვის ფულს. ეს ყოვლად დაუშვებელია. ვფიქრობ, ბოლო წლებში კორუფცია შეიპარა ამ სისტემაში. ცხადია, ზედა რგოლებს ვგულისხმობ და არა მასწავლებლებს. ამიტომაც, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში პერსპექტივას ვერ ვხედავ სკოლებში რამე დადებითისკენ რომ შეიცვალოს",- აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მუხრან გულიაშვილმა.
მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე და ა.შ. სასკოლო ნივთების ფართო არჩევენია. ფასებიც ყველგან განსხვავებულია. არჩევანის მრავალფეროვნების მიუხედავად ბავშვების სასკოლოდ გამზადება უჭირს ნინო გელიაშვილს. ის ორი შვილის დედაა და როგორც ყველა მშობელი ცდილობს ბავშვები ასიამოვნოს და შესაძლებლობების ფარგლებში სასწავლო წელი გაულამაზოს.
,,მეოთხე და მეხუთე კლასში არიანჩემი შვილები. მათი სასკოლო მომზადება არც თუ ისე მცირე ხარჯთანაა დაკავშირებული. მე და ჩემმა მეუღლემ თადარიგი ზაფხულშივე დავიჭირეთ, ნაწილი ნივთებისა მაშინ ვიყიდე, ვცდილობ ეკონომიურად შევძლო და დიდ დანახარჯს გავექცე, მაგრამ მაინც არ გამომდის. ბევრი წვრილმანი იჩენს თავს, რაშიც არც თუ ისე ცოტა თანხა მეხარჯება.
ორივე ბავშვის მომზადებაში 1000 ლარამდე უკვე დახარჯული მაქვს. ჩანთები, პანელები, საკანცელარიო ნივთები, გადასაკრავები და მსგავსი წვრილმანები ორივე ბავშვზე 400 ლარამდე დამიჯდა. შეიძლება სკოლაშიც დამატებით რამე მომთხოვონ. მოკლედ, ძალიან ძვირი სიამოვნებაა ბავსვი ისე გამოაწყო, როგორც მას და მშობლის გულს გაუხარდება. მართალია, წიგნებს არ ვყიდულობთ, მაგრამ ხარჯი მაინც საკმაოდ დიდია", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ნინო გელიაშვილმა.