"მრავალმხრივ სასარგებლო საქმე კეთდება, რითაც ყველა მხარე კმაყოფილია"
ქეთო გოგოხია
23.09.2024

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება. გადაწყვეტილება მთავრობამ დარგის ხელშეწყობის მიზნით მიიღო. ამით ყველა პირობა შეექმნა ფერმერებს, რომ ჩაუბარებელი მოსავალი არ დარჩეს და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. 

წინასწარი მონაცემებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი, დაახლოებით, 50 ათასი ტონა იქნება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.

პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაუწევს კოორდინაციას. ხილის გადამმუშავებელი საწარმოებს, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებულება ეკისრებათ, საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია. 

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსის ლაშა შალამბერიძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, არასტანდარტულ ვაშლს 16 ქარხანა ჩაიბარებს. აქედან 10 შიდა ქართლშია. ამ დროისთვის 2 500 ტონა ვაშლი  ჩაბარებულია. 

„ჩვენი ფერმერებისთვის ვაშლი ერთ-ერთი პრიორიტეტული კულტურაა. ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის, შიდა ქართლში ძალიან ბევრი ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური  ბაღი გაშენდა.  სახელმწიფოს დახმარებით ეწყობა ვაშლის პლანტაციები და ეს პროცესი გრძელდება. მიუხედავად ამისა, საქართველოში ნარჩენი ვაშლი მაინც რჩება. მისი გამოყენება შესაძლებელია გადამმუშავებელ წარმოებაში.

როგორც ცნობილია, არასტანდარტული ვაშლისგან კეთდება კონცენტრატი, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო პროდუქციაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ფერმერების მხარდაჭერა, რომლებიც იმსახურებენ თავიანთი შრომის შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. სახელმწიფოს პოლიტიკა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად მიიღონ აგროპროექტებში მონაწილეობა, მათ შორის, ,,დანერგე მომავალი" და მასიურად გააშენონ ინტენსიური ბაღები, რაც ხარისხის და ფერმერების კეთილდღეობის გარანტია", - აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ ვაშლის სუბსიდიის პროგრამის შეფასებისას.

თავის მხრივ, ქარხნების წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ არასტანდარტული ვაშლის მთელ მოსავალს ჩაიბარებენ და ფერმერებს მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს, პროცესი რაც შეიძლება კომფორტული იყოს და მოწეული მოსავლის დაბინავება ყველამ უპრობლემოდ შეძლოს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარე ხილისა და ბოსტნეულის წვენების მწარმოებელი კომპანიის, შპს ,,ნატურალი 7"-ის დირექტორი  მერაბ ქუჩუკაშვილი ,,რეზონანსთან" აცხადებს, რომ მზადაა, 13 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბაროს. მან სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ეხმარება დარგს და ყველა ფერმერს, უდანაკარგოდ შეძლონ მოსავლის დაბინავება, რაც უამრავი მოქალაქის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი სეზონი წარმატებული იყოს.როგორიც არ უნდა იყოს მოსავალი, არავინ დაზარალდება. ამის პირობას ვაძლევთ გლეხებს, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, საამისოდ მათ გვერდითაა მთავრობაც და კერძო სექტორიც. 

წინასწარი პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით 50 000 ტონამდე იქნება არასტანდარტული ვაშლის რაოდენობა, აქედან 12-13 ათას ვაშლს ჩვენი ქარხანა ჩაიბარებს. გუნდი მობილიზებულია და წარმატებით თანამშრომლობს ყველა მხარესთან, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. ჩვენი კომპანია 2007 წლიდან არის ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში ფერმერებს შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვეხმარებოდით მოსავლის რეალიზაციაში. ახლა, როდესაც მთავრობაც აქტიურია და სპეციალური პროგრამა ამუშავდა, ფერმერებთან კომუნიკაციაც უფრო გაგვიმარტივდა. 

ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე კეთდება. ასე რომ არ იყოს, ხალხი სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდებოდა და  ქარხნებსაც გაგვიჭირდებოდა. მრავალმხრივ  სასარგებლო საქმე კეთდება, რითაც ყველა მხარე კმაყოფილია", - განაცხადა მერაბ ქუჩუკაშვილმა.

სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობენ ფერმერებიც და აცხადებენ, რომ მეტი მოტივაცია მიეცათ, გაზარდონ მოსავლიანობა და პროდუქცია უდანაკარგოდ გაყიდონ. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში მცხოვრები ტარიელ მუნჯიშვილი მრავალი წელია მხარეში ერთ-ერთი წარმატებული ფერმერია. მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, კურკოვანი და მარცვლოვანი კულტურა 12 ჰექტარზე აქვს გაშენებული. აქედან 3 ჰა-ზე ვაშლის ბაღია, რისთვისაც სახელმწიფოსგან გრანტის სახით 30 000 ლარი მიიღო. ფერმერი წელს 130 ტონამდე  ვაშლის მოსავალს ელოდება, აქედან 50 ტონა ახალგაშენებული ბაღებიდანაა. 

„მოსახლეობა კმაყოფილია და  ცდილობენ ოჯახის შემოსავალი გაზარდონ. ცხადია, დანაკარგი ყოველთვის არის, განსაკუთრებით ძველ ბაღებში, ახალგაშენებულ, ინტენსიურ ბაღებში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. მათი დანაკარგი 5%-ს არ აღემატება, როცა ძველი ბაღების შემთხვევაში შეიძლება 30% იყოს. ასეა ჩემს მეურნეობაშიც. 

100 ტონა ვაშლი მომყავს ძველ ბაღებში, სადაც 30 ტონამდე არასტანდარტულია. მისი ჩაბარების პრობლემა შარშან არ შემქმნია, რადგან დარგი სუბსიდირებული იყო. წელსაც ანალოგიურადაა, რაც ხარჯის კომპენსირების შესაძლებლობას მაძლევს. დღეს სოფლის მეურნეობის დარგში ისეთი სახელმწიფო პროგრამებია შექმნილი, რომლებიც ფერმერებს იდეების განხორციელების საშუალებას მაქსიმალურად აძლევს. ფეხზე დადგა მოსახლეობა, ვისაც შრომა არ ეზარება, იცის, რომ დასახულ მიზანს", - უთხრა ,,რეზონანსს" ტარიელ მუნჯიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გადამუშავდა 21 768 ტონა ვაშლი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2.2 მილიონი ლარი გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×