"ამის გამოა, რომ ქართული პროდუქცია ძვირი ჯდება, შესაბამისად, კონკურენტუნარიანი არ არის"
გვანცა წულაია
24.09.2024

ადგილობრივი წარმოებისთვის გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადები დიდ პრობლემას წარმოადგენს. კერძო სექტორს, ხშირ შემთხვევაში, მაღალი ტარიფის მომსახურება უჭირს, რის გამოც ვალი უგროვდება. მართალია, რამდენიმე წელიწადი გადგენილი გადასახადები არ გაძვირდება, მაგრამ არც შემცირდება. 

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისგან განსხვავებით კომერციული გაზის ტარიფის ცვლილება სემეკთან შეთანხმებით არ ხდება. გადასახადის ღირებულებას თავად კომპანიები ადგენენ და გადაწყვეტილებაში ვერავინ ერევა. 

კერძო სექტორისთვის ძვირია, როგორც ბუნებრივი აირის, ისე დენისა და წყლის გადასახადი. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ბიზნესს ბოლო 6 წელიწადში ბუნებრივი აირის ტარიფი 72%-ით გაეზარდა, რაც 1 კბ/მ-ზე 54 თეთრია. გაძვირების ძირითად მიზეზს, ხშირ შემთხვევაში, ეროვნული ვალუტის ცვლილება წარმოადგენს. 

ბოლო წლების განმავლობაში კერძო სექტორისთვის ბუნებრივი არის გადასახადი მუდმივად იზრდებოდა. კურსის ცვლილების ფონზე კი, ფასის შემცირების შემთხვევა მხოლოდ 2023 წელს დაფიქსირდა, როცა ტარიფმა თბილისში 11 თეთრით დაიკლო, ხოლო რეგიონებში - 13 თეთრით. 

პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის შეფასებით, ბიზნესისთვის ტარიფები დიდ პრობლემას წარმოადგენს, მაგალითად, წყლის გადასახადი იმდენად მაღალია, რომ კომპანიების ნაწილი თბილისიდან გავიდა. 

"არ ვიცი რამდენად დგას დღის წესრიგში, მაგრამ გავიგე, რომ ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის მომატება სურთ. ბიზნესისთვის გადასახადი ისედაც მაღალია და ამის გამოა, რომ ქართული პროდუქცია ძვირი ჯდება, შესაბამისად, კონკურენტუნარიანი არ არის. მით უმეტეს, დღეს მეწარმეს არ აქვს იმის საშუალება, გაიგოს საათობრივი ან დღიური ხარჯი, ისეა დახუფული მრიცხველები, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ვიღაცებს წვდომა აქვთ. 

წყლის გადასახადიც პრობლემაა. მისი ტარიფი ისე გაზარდეს, მეშინია, ქარხანაში ონკანი ვინმეს ღია არ დარჩეს, დავიღუპები. სწორედ ამიტომ წყალზე მომუშავე კომპანიები ქალაქიდან გაიქცნენ. გავიდა "ნატახტარი”, "კოკა-კოლა" და სხვა. მეტიც, არსებობს შემთხვევა, რომ გადასახადის გამო ბიზნესი დაიხურა. 

რაც შეეხება იმას, თუ ასეთი მაღალი გადასახადების პირობებში როგორ ვახერხებთ პურზე ფასის შენარჩუნებას, იმპორტირებული ხორბლის ფასი დაახლოებით 50 თეთრის ფარგლებშია, ქართული ხორბალი წისქვილკომბინანტებმა 60 თეთრად ჩაიბარეს. წელს ქართული ხორბლის მოსავალი კარგი იყო, დაახლოებით, 200 ათასი ტონაა. ამ დროს ქვეყანაში შემოდის ფქვილიც. ეს ყველაფერი ერთად ფოკუსირდება და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პირველადი მოხმარების საკვების ფასი შევინარჩუნოთ. 

როდესაც პურზე იყო საუბარი, ვთქვით, რომ თუ ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 52 ლარს არ ასცდებოდა, მაშინ ფასის შენარჩუნება გაჭირდებოდა. ახლა 49-51 ლარის ფარგლებშია. 

გარდა ამ ყველაფრისა პრობლემაა პარკირების საკითხი. სადისტრიბუციო მანქანებს ძალიან გაუჭირდათ და განსაკუთრებით პურის მანქანებს, რადგან იგი მალფუჭადი პროდუქცია. ძალიან დიდი ჯარიმებია გამოწერილი ქარხნებზე და, რა თქმა უნდა, აძვირებს პურის თვითღირებულებას. დღე-ღამეში ქალაქს 350 ტონა პური სჭირდება, ამას უნდა მიტანა, მიწოდება, დაცლა, წამოსვლა, ამიტომ პარკირების საკითხი მოსაწესრიგებელია”, - განუცხადა "რეზონანსს” დოლიძემ. 

სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლები, რომლებიც პროდუქციის მოსაყვანად ბუნებრივ აირს იყენებენ, ამბობენ, რომ გაზის ღირებულება ბიზნესის წარმოებას ხშირად აზრს უკარგავს. 

როგორც "ბოსტანის” დამფუძნებელმა ბექა ბარჯაძემ განაცხადა, მისი წარმოება გაზის მაღალი კომერციულ ტარიფს ვერ გაუმკლავდა, დაუგროვდა დავალიანება, რის გამოც "თბილისი ენერჯი" სასათბურე მეურნეობას სასამართლოში უჩივის.

"ბიომეურნეობაში არ შეიძლება გათბობისთვის მეორადი ზეთის, დიზელის გამოყენება, ამიტომ ბუნებრივ გაზზე ვიყავით დამოკიდებული. თავიდანვე ვიცოდით, რომ იქნებოდა სამომხმარებლო ტარიფი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის კომერციული ტარიფი, რამაც, ფაქტობრივად, პირველი წელსვე ძალიან დიდი ვალით დაგვაწყებინა წარმოება.

მერე დაგვილუქეს გაზის მრიცხველი, დავალიანება დაგროვდა, რასაც პერიოდულად ვიხდით. ბოლო ერთი თვეა სასამართლოში შეიტანეს საქმე. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ დავალიანება გვაქვს. რადგან კომერციული ტარიფით მოვიხმარეთ, დაგვითვალეს ამ ტარიფით, რაზეც არ ვიყავით ინფორმირებული. დღეის მდგომარეობით, სასამართლოში გვაქვს საქმე.

გადასახდელია და ეტაპობრივად ვიხდით, რადგან გვაქვს პარალელურად ქათმის ხორცის და კვერცხის წარმოება, საიდანაც შემოსული თანხით ვფარავთთ დავალიანებას პერიოდულად, მაგრამ მაინც გვიჩივლა კომპანიამ და ახლა, ფაქტობრივად, დახურვის პირას ვართ”, - განაცხადა "ბოსტანის” დამფუძნებელმა ბექა ბარჯაძემ.

კერძო სექტორთან ერთად, ექსპეტრებიც საუბრობენ იმის შესახებ, რომ მეწარმეებისთვის მაღალი ტარიფები დიდი პრობლემაა. როგორც ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ განაცხადა, ბიზნესს კომუნალური გადასახადები მძიმედ ტვირთად აწევს. 

"კომერციული ტარიფები ძალიან გაზრდილია და კომპანიები გეგმიურზე მეტ მოგებას იღებენ, თვითღირებულება კი ბევრად ნაკლები უჯდებათ. მაგალითად, წყალზე, რომელიც ჩვენთან ყველა ფეხის ნაბიჯზეა, როგორ შეიძლება ასეთი მაღალი ტარიფი იყოს დაწესებული კერძო სექტორისთვის? ყველაფერს კომერციულს არქმევენ და კატასტროფული ტარიფებია შემოღებული, რომელიც ძალიან მძიმედ აწევს ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეღავათი მოქმედებს, კომუნალური გადასახადები მათთვის დიდი პრობლემაა”, - განუცხადა "რეზონანსს” თემურ ჭიჭინაძემ. 

რადგან ბიზნესისთვის გადასახადები უკვე დადგენილია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს მომავალში არც ელექტროენერგიის და არც ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი არაა.

„კომისიამ გასული წლის ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფი დაადგინა, 3 თეთრით შეამცირა. უახლოეს პერიოდში შემცირებული ტარიფის შენარჩუნება მოხდება. ამდენად, ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი არ არის. ჩვენ ბუნებრივი აირის სექტორშიც გრძელვადიანი ტარიფი დავადგინეთ, შესაბამისად, უახლოეს მომავალში გაზის ნაწილშიც ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი არაა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×