წარმოუდგენლად დიდი ხარჯის გაღება მოუწევს ყოველწლიურად სტომატოლოგს და იძულებული იქნება პაციენტებს ჯიბიდან ამოიღოს
გვანცა წულაია
24.09.2024

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სამედიცინო მომსახურება კიდევ გაძვირდება. სტომატოლოგიური მომსახურება ისედაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ღირებულებაც კლინიკებში იქნება. გაძვირების მიზეზი კი ახალი რეგულაციაა. 

უფრო კონკრეტულად კი, 432-ე დადგენილების მე-7 პუნქტის მიხედვით სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვასა და ტრენინგებზე დასწრების ვალდებულებას აკისრებს. სტომატოლოგმა საქმიანობის გასაგრძელებლად ტრენინგების გავლით, წელიწადში 20 ქულა უნდა მოაგროვოს. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ღირებულებისა და ქულების რაოდენობის მიხედვით განსხვავდება. ფასი 250 ლარიდან იწყება და 6 ათას ლარამდე მერყეობს. ტრენინგის ღირებულება ქულების რაოდენობის მიხედვით არ განისაზღვრება. ფასს კურსის ხარისხი განაპირობებს. მაგალითისთვის, არსებობს 2-ქულიანი პროგრამა, რომელიც 1500 ლარი ჯდება. საშუალოდ, 20 ქულის მოსაგროვებლად სტომატოლოგს წელიწადში 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.

ქვეყანაში სტომატოლოგიის შესწავლა ისედაც ძვირი ჯდება. ახალი რეგულაცია კი დარგის სპეციალისტებს ხარჯებს საგრძნობლად გაუზრდის, რაც ბუნებრივია, რომ მომსახურების ფასზე აისახება.

700-ზე მეტმა სტომატოლოგმა „ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგას“ მიმართა. მათი სახელით ჯანდაცვის სამინისტროში შეტანილ წერილს სათანადო უკუკავშირი არ მოჰყოლია. 

როგორც „ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის“ ხელმძღვანელმა ირინა ბერკაციშვილმა განაცხადა, ტრენინგების ფასის გარდა სტომატოლოგებისთვის პრობლემურია კანონის ამოქმედების ვადაც. 

,,სტომატოლოგი, რომელიც მუშაობს, რა თქმა უნდა, ტრენინგებს ისედაც გადიოდა, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ჩვენ ისედაც უწყვეტ სამედიცინო განათლებას ვიღებთ და დიდ თანხებს ვხარჯავდით, რადგან დიდი კონკურენციაა სტომატოლოგიურ კლინიკებს შორის. გვიკავშირდებიან სტომატოლოგები და გვეუბნებიან, რომ ძალიან საინტერესო ტრენინგებს ვერ გადიან, რადგან თანხას ვერ იხდიან. ზოგს უკვე გავლილი აქვს ტრენინგი და თავიდან უწევთ გავლა, რადგან თავის დროზე ამ ტრენინგში ქულა არ მიუღია, ამიტომ უწევთ თანხის თავიდან გადახდა. 

მარტივი მათემატიკაა. მე ჩემს განათლებაში ამდენი წლის განმავლობაში ვხარჯავ ათი ათასობით ლარს, რათა განვვითარდე და შენ მაიძულებ თავიდან გავიარო ნასწავლი, რათა ქულები დავაგროვო, ეს ძალიან ძვირი ჯდება. როდესაც ექიმს გაეზრდება ხარჯი, რა თქმა უნდა იძულებული ხდება ეს თანხები პაციენტებისგან ამოიღოს.

432-ე დადგენილება ძალაში თვითონ შევიდა 2023 წლის 30 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პუნტქს აწერია, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შედის ძალაში. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ვადა გვქონდა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონი მომართულია იმისთვის, რომ ამაღლდეს სამედიცინო სერვისის ხარისხი, რომ ჩვენ კვალიფიკაცია ავიმაღლოთ. მე მინდა გარკვევით, ვთქვა, რომ კვალიფიკაციის ამაღლებას არც ერთი სტომატოლოგი არ ეწინააღმდეგება”, - განაცხადა ბერკაცაშვილმა.

სტომატოლოგებისთვის ბუნდოვანია სანქციების საკითხიც. მათი თქმით, უცნობია ვის ეკისრება პასუხისმგებლობა - სტომატოლოგს თუ კლინიკას, ვინ იხდის ჯარიმას ექიმი თუ კლინიკა. მსგავსი კითხვების ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი არ ჩანს.

,,არ ვიცით რა სახის სანქციები ეკისრება დარღვევის შემთხვევაში. არ არის განმარტებული კანონში. ასევე, არ არის მკაფიოდ ახსნილი ვინ ჯარიმდება სტომატოლოგი თუ კლინიკა. კულუარული ინფორმაციით, ვიცი რომ დაჯარიმდება სტომატოლოგი და მას საქმიანობის უფლება შეუწყდება. კითხვა გვაქვს, საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში რა ვალდებულება დაეკისრება სტომატოლოგს? გამოცდა იქნება ჩასაბარებელი? თუ როგორ უნდა დაიცვას თავისი დიპლომი ექიმმა? მაგალითად, რა ელის იმ სტომატოლოგს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ამ ეტაპზე ვერ ჩამოვა და იანვრამდე ვერ მოაგროვებს საჭირო რაოდენობით ქულებს? რა ელით დეკრეტში გასულ ექიმებს? 

ჩვენ ვითხოვეთ მინისტრთან შეხვედრა. იმედი გვქონდა, რომ შევხვდებოდი და პასუხს გაგვცემდა. სამწუხაროდ მოვიდა წერილი, სადაც გარკვევით გაგვცეს პასუხი, რომ ჩვენ გვქონდა წელიწად-ნახევარზე მეტი ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან. სამწუხაროდ ჩვენმა სამინისტრომ არ ჩაგვთვალა იმის ღირსად, რომ პასუხი გაეცა პრობლემურ საკითხებზე. ძალიან შეურაცხყოფილები დავრჩით”, - განაცხადა ირინა ბერკაცაშვილმა.

ვალდებულების ამოქმედებამდე 4 თვეზე ნაკლებია დარჩენილი, სტომატოლოგებს კი მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ. ირკვევა ისიც, რომ წერილი შეტანილია პრემიერ-მინისტრის სახელზეც. 

როგორც სტომატოლოგმა თეო არაბულმა განაცხადა, სფეროს წარმომადგენლებს მომსახურების გაძვირების გარდა, სხვა გზა არ დარჩებათ.

`რა თქმა უნდა პრობლემაა აღნიშნული დადგენილება. ქულების მოგროვებაა მთავარი. სტომატოლოგებმა წელიწადში 20 ქულა უნდა დავაგროვოთ ტრენინგების გავლის გზით, რაც დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ხარჯი ერთია და, რა თქმა უნდა, პრობლებაა, ამის გამო მომსახურების გაძვირება მოგვიწევს, ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ მეორეა ის საკითხი, რომ ჩვენ ეს სფერო უკვე შესწავლილი გვაქვს, ტრენინგებს ისედაც გავდივართ, და ახლა იმის გამო, რომ ქულები მივინიჭოთ, ახლიდან გვიწევს იგივე ცოდნის მიღება. ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია? 

ვიცით და გვესმის, რომ სტომატოლოგია ძვირი სამედიცინო მომსახურებაა და კიდევ გაძვირება პრობლემა იქნება. პაციენტებთან ერთად, ეს არც ჩვენ გვსურს, მაგრამ ასეთ პირობებში, უბრალოდ, სხვა გზა არ გვექნება, რადგან ხარჯი მნიშველოვნად გაგვეზრდება.

რამდენადაც ვიცი, წერილი გაგზავნილია როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ისე ირაკლი კობახიძესთანაც და ამ ეტაპზე გამოხმაურება არ არის. არ ვიცით ბევრი რამ. დადგენილებაში ზუსტად არ არის ყველაფერი განმარტებული, ბევრი კითხვა გვაქვს და პასუხს ამაზე არავინ გვცემს”, - განუცხადა `რეზონანსს” სტომატოლოგმა თეო არაბულმა.

უცნობია, სავალდებულო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციის რა სახე და მოცულობა იქნება განსაზღვრული.

ამასთან, ახალი რეგულაციის ამოქმედებაში სტომატოლოგები ბევრ რისკს ხედავენ. ამბობენ, რომ დაჯარიმების პროცესის დაწყება სტომატოლოგიური მომსახურების იატაკქვეშეთში გადატანას შეუწყობს ხელს. გაზრდილი ფასების გამო, კი ბევრი პაციენტი სწორედ კანონის მიღმა მოქმედ კლინიკებს მიმართავს, სადაც მომსახურებაში დაბალ ფასს გადაიხდის.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×