"რაც უფრო მოახლოვდება 26 ოქტომბერი მით უფრო მეტად გაამძაფრებენ სიტუაციას, მეტი ბრალდება და დეზინფორმაცია წამოვა"
გვანცა წულაია
25.09.2024

მოახლოებული არჩვენების ფონზე საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში ისევ ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება არც ერთხელ არ დადასტურებულა, წნეხი მაინც იზრდება. ამჯერად საუბარია ავტომობილებზე, თითქოს, აკრძალვის მიუხედავად, რუსეთში ახალი, ძვირად ღირებული მანქანები, საქართველოს გავლით შედის. 

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ საქართველო სანქციების გვერდის ავლაში არაერთხელ დაადანაშაულეს, რაც ფაქტებით ვერავინ დაადასტურა - ვერც ქვეყნის შიგნით ჩასაფრებულმა ოპოზიციამ და ვერც გარე ძალამ, ვისაც საქართველოში სიტუაციის არევა სურს. 

ამჯერად ბრიტანულმა ტელევიზია "სქაი ნიუსმა” მოამზადა მასალა, რომლის თანახმადაც, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირად ღირებული ავტომობილები რუსეთში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს გავლით მაინც შედის. საგამოძიებო სიუჟეტის ავტორი წერს, რომ ნახა, თუ როგორ გადაჰყავთ ძვირადღირებული დასავლური წარმოების ავტომობილები რუსეთში საქართველოდან. 

"მას შემდეგ, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა სანქციები დააწესეს, საქართველომ საკუთარი აკრძალვები შემოიღო რუსეთში მანქანების გაგზავნაზე, თუმცა არსებობს მისგან თავის არიდების უამრავი საშუალება, რაც შესაძლებელს ხდის მანქანების გადაზიდვას", - წერია სტატიაში. 

გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ სანქციებისთვის თავის არიდებას არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ სხვა, ომისთვის უფრო მნიშვნელოვანი რესურსების (მაგალითად, ელექტრონული ნაწილებისა და რადარების) გადატანის დროსაც ახერხებენ. თუმცა, ძვირად ღირებულ მანქანებზე ყურადღება იმიტომ გამახვილდა, რომ მათი დამალვა რთულია.

"მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს ავტომწარმოებლები და ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ არაოფიციალური სავაჭრო გზების აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებს, ჩვენი გამოძიების ალბათ ყველაზე საოცარი დასკვნა არის ის, რომ საქართველოში ადგილზე არავინ ცდილობს, დამალოს, რაც ხდება. ყველამ იცის, რომ ეს მაღალი ხარისხის ევროპული მანქანები რუსეთში არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ისინი საზღვარს ყოველდღე სათითაოდ მაინც კვეთენ. ყველამ იცის, რაც ხდება, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს, რომ შეაჩეროს”, - აღნიშნულია "სქაი ნიუსის” სტატიაში. 

რამდენიმე თვის წინ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის დელეგაცია ეწვია, რომელთაც დაადასტურეს, რომ ქვეყანაში არანაირი `შავი ხვრელი” არ არსებობს. მიუხედავად ამისა, სანქციების გვერდის ავლაში ქვეყნის დადანაშაულება მაინც არ წყდება. 

როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, საკითხის თავიდან წამოწევა შესაძლოა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდეს. 

"რთული იქნება იმის თქმა, თუ რატომ ხდება ახლა ამ საკითხის კვლავ გააქტიურება. ერთადერთი რაც შეიძლება ჩავთვალოთ არის ის, რომ პოლიტიკურ პროცესებთანაა დაკავშირებული. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა გამოცემაში ამა თუ იმ პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ინტერესის გამტარებლების სტატია თუ ინფორმაცია გავრცელებულა. 

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო მიერთებულია ყველა სანქციას და იცავს სავალდებულო ნორმებს. სანქციების გვერდის ავლაზე საუბარი დაიწყო დიდი ხნის წინ, უკრაინაში ომის წამოწყების შემდგომ. მერე საუბარი გაგრძელდა რუსეთისთვის შეზღუდვების დაწესების დროს და ასევე სხვადასხვა პერიოდშიც, მაგრამ რეალურად, არც ერთხელ მომხდარა იმის დადასტურება, რომ საქართველო სანქციებს რაღაც მხრივ გვერდს უვლის, რადგან ფაქტია, რომ მსგავსი რამ არ ხდება”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ. 

ეკონომისტმა კონკრეტულად ავტომობილების საკითხეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი სხვა ქვეყანას საქართველოდან ნაყიდი ავტომობილი რუსეთში გააქვს, ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის და შესაბამისად, ბრალლდებაც აბსურდულია.  

"რაც შეეხება უშუალოდ ავტომობილებს, საქართველო, თითქოს, იარაღად არის გამოყენებული, რადგან ფაქტია, რომ მხოლოდ ჩვენ ჩაგვიკეტეს რუსეთის მიმართულებით მანქანების გაყვანის შესაძლებლობა. ავტომობილების რუსეთში ექსპორტი არ აუკრძალიათ არც სომხეთისთვის, არც ყირგიზეთისთვის და არც ყაზახეთისთვის, გამონაკლისი მხოლოდ საქართველოა. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ რუსეთში ავტომობილები არ გასულიყო.  

შემდგომ გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა, საქართველოდან ავტომობილი იყიდება სხვა ქვეყანაში და შემდგომ მათგან შედის რუსეთში. ეს არის აბსურდული ბრალდება, რადგან წარმოუდგენელია, საქართველომ გააკონტროლოს სხვა სახელმწიფოდან გაყიდული ავტომობილი სად მიდის. 

ბრალდება, ჩემი აზრით, არის თითიდან გამოწოვილი, რადგან მას შემდგომ რაც მხოლოდ საქართველოს აუკრძალეს ავტომობილების რუსეთში გაყიდვა, ჩვენი ქვეყანა პირნათლად იცავს ამ პირობას და თუ სხვა სახელმწიფო ყიდის, ეს საქართველოს პრობლემა ნამდვილად არ არის”, - დასძინა "რეზონანსთან” კაპანაძემ.   

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მსგავსი ბრალდებები გახშირდება. იგივე პოზიცია აქვთ `ხალხის ძალაშიც”. როგორც პარტიის წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, დეზინფორმაციული წნეხი მოიმატებს, თუმცა უსაფუძვლო ბრალდებები არ დადასტურდება. 

"ეს არის ოპოზიციის ლობისტების მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის - რაც შეიძლება მეტად გააღიზიანონ ქართველი ხალხი და იბრძოლონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ეს ყველაფერი, ისევე როგორც გუშინდელი აშშ-ში ტრიუკი (პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმება), სამარცხვინოა. ძალიან არ მინდა პატრნიორებზე, თუ პატრნიორები ჰქვიათ მათ, ცუდად საუბარი, მაგრამ ბაიდენი ყველაზე ნაკლები ზრდილობით გამორჩეული პრეზიდენტია აშშ-ს ისტორიაში. მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ დარჩათ, რომ ბაიდენმა ქართველებს მოუწოდოს, არჩევნებში ხმა არ მისცენ ხელისუფლებას, ამის გარდა სხვა ყველაფერი იკადრეს. აღარ იციან სისხლი საიდან გამოიდინონ, რომ როგორმე მომაკვდავი ოპოზიცია გააცოცხლონ. 

რაც გუშინ აშშ-ში მოხდა, ამის პასუხს ოპოციზიაც და ამერიკაც მიიღებს აუცილებად 26 ოქტომბერს. ეს იყო არა ირაკლი კობახიძის, არამედ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რომელსაც არ ეშლება სტუმარმასპინძლობა. საარჩევნოდ ძალიან შეეშელათ და მიხვდებიან, რომ გამოუსწერებელი შეცდომა დაუშვეს. 

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ასეთი არაპატრნიორული საქციელი და ბრალდებები გაძლიერდება. დეზინფორმაცია მოიმატებს. საერთოდ, ოპოზიცია და უცხოეთში მყოფი მათი ლობისტები იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რომ უღირს საქციელზე მიდიან, თან უკვე მერამდენად. მათ არჩევნებში ხმების აღება და გამარჯვება რომ გარანტირებული ჰქონდეთ, ასეთ ნაბიჯებზე არ წავიდოდნენ. 

რაც უფრო მეტი დღე გავა და უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტად გამძაფრდება და გამწვავდება სიტუაცია. მეტი ბრალდება და დეზინფორმაცია წამოვა. პიკამდე მივლენ, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვათ”, - განუცხადა "რეზონანსს” თამარ ჩიბურდანიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×