ოთარ შამუგია: "მთავარი ამოცანაა მევენახეებმა დროულად დააბინავონ მოსავალი და გაზრდილი შემოსავალი მიიღონ"
ქეთო გოგოხია
27.09.2024

,,რთველი-2024"  წარმატებით მიმდინარეობს. მთავრობის მხრიდან  ყველა წინაპირობაა, რომ წლევანდელი შემოდგომა საინტერესო და მრავალმხრივ სასარგებლო  აღმოჩნდეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში მონაწილე ყველა  სობიექტისთვის - ფერმერიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესის ჩათვლით.  დაგეგმილი ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო ღვინის ბაზარზე. 

რთველის სუბსიდიის პროგრამა 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას აძლევს. სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარ-ნახევრად უკვე იბარებს. მევენახეებს, რომლებსაც აქამდე უფრო ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, სხვაობას საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართული ღვინო - ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია ის, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში 70 პროცენტით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. შარშან საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 259 მილიონი დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო, როცა 2012 წელს შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. 35 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა მევენახეების შემოსავალი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ყურძნის კრეფა წელსაც ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო. დღეისათვის, პროცესში  კახეთის თითქმის მთელი რეგიონია ჩართული. 25 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 225 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის,   89 ათას ტონამდე რქაწითელი,  106 ათას ტონამდე საფერავია.  მოსავალი ამ ეტაპისთვის 16 ათასზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 320 მლნ ლარს აღწევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას ინფორმაციით, სახელმწიფომ წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადა და მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. როგორც მინისტრმა რთველი 2024-ის აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა, კერძო სექტორმა მაქსიმალურად მოახერხოს ყურძნის შესყიდვა და შემდგომ უკვე ღვინის რეალიზაცია, რაშიც მთელ დარგს სრული ხელშეწყობა აქვს. გარდა იმისა, რომ მეღვინეებს ყურძნის ჩაბარებასა და რეალიზაციაში ეხმარებიან, მარკეტინგული ღონისძიებების მიმართულებითაც სერიოზული ნაბიჯები იდგმება.

,,სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერამ და კერძო სექტორთან, მეღვინეებთან, კომპანიებთან აქტიურმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს და რაც გამოიხატა როგორც წარმოების, ისე ღვინის ექსპორტის ზრდაში. თუ 10-12 წლის წინ კახეთში ჩვენი მევენახეების შემოსავალი იყო წლიურად 50 მლნ, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მლნ იქნება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. თუ ღვინოზე მოთხოვნა არ იქნება, რასაკვირველია, ყურძნის ფასიც ვერ იქნება შესაბამისი. ამიტომ ჩვენ, ვეხმარებით კომპანიებს, მევენახეებს, დარგს მთლიანობაში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან დამთავრებული მისი რეალიზაციით. 

მსოფლიო ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვან დაფინანსებას მივმართავთ ყოველწლიურად. მხოლოდ და მხოლოდ მეტი მოთხოვნა ღვინოზე განაპირობებს, რომ ყურძენზე ფასი იყოს უფრო მაღალი. შარშან, რქაწითელზე მინიმალური ფასი 90 თეთრის ფარგლებში განისაზღვრა, თუმცა საშუალო ფასი დაახლოებით 1 ლარი და ხუთი თეთრი იყო. წელსაც ველოდებით, რომ ფასი განსაზღვრულ მინიმუმზე მაღალი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.  

კახეთის შემდეგ მინისტრ ყურძნის დაბინავების პროცესს რაჭაში გაეცნო, რომელიც მევენახეობის ერთ-ერთი წარმატებული მხარეა საქართველოში. ოთარ შამუგია რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა.

„რაჭაში რთველი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. დაახლოებით 2000 ტონამდე მოსავალს ველოდებით. დღეის მდგომარეობით 500 ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი მოსავალი გვაქვს. რა თქმა უნდა, შტაბი აქტიურად არის ჩართული პროცესში. ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას, რათა მევენახეებმა შეძლონ დროულად ჩააბარონ, დააბინავონ მოსავალი და გაზრდილი შემოსავალი მიიღონ. 

აღსანიშნავია, რომ წელს რაჭაში პირველად ყურძნის მინიმალური ფასი 8 ლარია. სწორედ ამ ფასში შეუძლიათ მევენახეებს ყურძნის ჩაბარება და აქედან 4 ლარი სახელმწიფო სუბსიდიაა“, -  განაცხადა მინისტრმა.

ცნობილია, რომ რთველი ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს. ამასთან, ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

ამდენად, რეგიონებში ყველა პირობაა შექმნილი, რომ ფერმერებმა მოსავალი უდანაკარგოდ დააბნაბონ და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. შესაბამისად, არც სეტყვისგან დაზარალებული ყურძენი დარჩება ჩაუბარებელი. რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით, 23-24 აგვისტოს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვისა და ქარისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ"  ოპერატიულად, სტიქიის მეორე დღიდანვე დაიწყო. ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასეტყვილ ყურძენს კომპანია თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 2 ლოკაციაზე იბარებდა. მევენახეებმა დაზიანებული, არაკონდიციური  1 კგ ყურძენი  1 ლარად ჩააბარეს. 

 ცხადია, ქართული ღვინის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გლობალური მიღწევები, რაც წლიდან წლამდე უმჯობესდება.  მარკეტინგულმა აქტივობებმა ამ მხრივ დიდი როლი შეასრულა. მეღვინეობის სფერომ დიდ წარმატებას მიაღწია გლობალური მასშტაბითაც, მათ შორის, აშშ-ს ბაზრებზე, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ  აღნიშნა, რომ  2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და  ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის რეალიზაცია უპრეცედენტოდ გაიზარდა. 

,,ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ამაღლდეს არა მხოლოდ კონკრეტულად დარგის პროფესიონალებში, არამედ ზოგადად, რიგით ამერიკელ მომხმარებლებში. მომხმარებელი არის საბოლოო რგოლი ღვინის გაყიდვების ჯაჭვში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ში მომხმარებელზე ორიენტირებულ სარეკლამო კამპანია დაიგეგმა“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მუხუზლამ.

აღსანიშნავია, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია.

აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანია რამდენიმე ეტაპისგან შედგება. კერძოდ, 16-18 სექტემბერს, პრესტიჟული ამერიკული ღვინის გამოცემის „Wine Enthusiast“ ერთ-ერთი რედაქტორი და სადეგუსტაციო კომისიის წარმომადგენლი ემილი სალადინო საქართველოს ეწვია. 23 სექტემბრიდან კი, 2 კვირის განმავლობაში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, აუთდორ კამპანიის ფარგლებში,  ე.წ. 25 ლაითბოქსზე გათავსდა ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები.

26 სექტემბერს ქალაქ ნიუ-იორკში გაიმართა ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა - „გრანდ თეისტინგი“ ღვინის პროფესიონალების, მედიისა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის.

ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში კი ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ადგილი პრესტიჟულ გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსს" დაეთმობა. გამოცემის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ე.წ. ბლოკბანერი და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრება საიტს სარეკლამო ველში გამოუჩნდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ. აღნიშნული გამოცემის საშუალო ნახვა კვირის განმავლობაში 100 მლნ მომხმარებელს აჭარბებს.

წლევანდელ რთველთან დაკავშირებით საინტერესოა ის ფაქტიც, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ  დასაქმების კარგი პრეცედენტი შექმნა და 100-მდე ახალგაზრდა ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე  დაასაქმა. ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ. კანდიდატებს სპეციალური ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში  ჩაუტარეს. დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს.

რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. იგი უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის მიმდინარეობის დროს ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×