ტუროპერატორები პირდაპირ ამბობენ, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდება
ირმა ჩიტაია
26.09.2024

ტურისტულ მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად ფასები კატასტროფულად მატულობს. ამ პროცესს ხშირად რეალური საფუძველი არ აქვს და გაძვირება ინერციით ხდება. სფეროს სპეციალისტები მიმდინარე პროცესს არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზრდილი ფასი და მომსახურების შედარებით დაბალი ხარისხი ტურიზმს დააზარალებს. ნაწილი კი თვლის, რომ ნაკლები, მაგრამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვა ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს.

რაც არ უნდა დიდი იყოს მოთხოვნა, თუკი ფასი ძალიან გაიზარდა, ცხადია, ეს  მომხმარებელში უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს ეხება, როგორც ადგილობრივ და უცხოელ ტურისტსაც. ექსპერტი მანანა ალადაშვილის აზრით, თუ საკითხი არ მოგვარდა და გაძვირებას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაც არ დაერთო, პრობლემები გარდაუვალი იქნება. 

,,პირველ რიგში, მომსახურების დაბალ ხარისხს  კადრების დიდი დეფიციტი ქმნის. სამწუხაროდ, კადრები არ არიან  სათანადოდ გადამზადებულნი. მთავარია ის სერვისი მიიღოს ტურისტმა, რაც არსებულ ტარიფებს შეეფერება. ფაქტია, ბოლო დროს ღირებულებამ კატასტროფულად მოიმატა. შარშან ერთ პერსონაზე მომსახურება 70 ლარი იყო, დღეს უკვე 100 ლარი გახდა. უკვე რეკომენდაციასაც ვეღარ ვუწევთ ტურისტებს, რომ მარნებში შევიდნენ. მომსახურება აბსოლუტურად იგივეა, უბრალოდ, ფასი ხელოვნურად გაიზარდა. 

თუ ასე გაგრძელდა, საბოლოოდ მსურველთა ნაკადის შემცირებას გამოიწვევს. ანალოგიური ტურისტული პროდუქტი თუკი სხვაგან უფრო იაფია, ჩვენთან რატომ უნდა ჩამოვიდნენ?" - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას მანანა ალადაშვილმა.

ამიტომ რეგულაციების, ან რამე ტიპის კონტროლის მექანიზმის შეიქმნა აუცილებელია. ასე გაგრძელება სფეროს სიკეთეს არ მოუტანს და ტურიზმსაც საფრთხე დაემუქრება. 

,,ნელ-ნელა დავკარგავთ ტურისტებს. თუნდაც ავიღოთ თურქეთის მაგალითი. იქ ფასები მკვეთრად განსხვავებულია, ხოლო მომსახურების ხარისხი - მაღალი. საქართველოში ამდენი ღვინის მარნებია და ღვინის გზა ვართ, როგორ შეიძლება ასე აკეთებდნენ. 

ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ უკეთესია ნაკლები, მაგრამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტი მივიღოთ. ჩემი ხედვით, ასეთი დამოკიდებულება არასწორია. თუ საქართველოში მასობრივი ტურიზმი არ იქნება, სფეროს აღმასვლა გაჩერდება. იმედს ვიტოვებ, ტურიზმის შესახებ მიღებული კანონი მალე ამოქმედდება, ბაზარზე დაიტესტება და შეიძლება უკეთეს შედეგზეც გავიდეთ", - განაცხადა ,,რეზონანსთან"  ალადაშვილმა.

ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რომ მაღალი ფასებია, ამაზე „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძეც საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული ფასები ევროპულს გაუტოლდა, თუმცა ხარისხი მოთხოვნებს არ პასუხობს. წლიდან წლამდე იზრდება სასტუმროს, რესტორნის, ტურისტულ ზონების ტარიფები და ასეთ ვითარებაში, ვიზიტორების მოზიდვა სულ უფრო გაჭირდება.

,,ჩვენთან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მაღალი ფასები. ფასებია ენით აღუწერელი და წარმოუდგენელი. ევროპას დავეწიეთ და გავასწარით ფასებით. უკვე ერთი კაცის ვახშამი თავისი ღვინით 100 ლარი გახდა და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.

ხომ არ შეიძლება საქართველოში ფასი გქონდეს იგივე, რაც არის გერმანიაში, იტალიაში ან ბრიტანეთში. თუ ფასი მაღალია, მაშინ ხარისხიც მაღალი უნდა გვქონდეს. ვეღარ ვეწევით, კბილებით გვიჭირავს ფასი. თან გვინდა, რომ ტურიზმის ხარჯზე განვითარდეს ქვეყანა და აღორძინდეს ეკონომიკა, ამ დროს საკუთარი პროდუქტი, კარტოფილი და პომიდორი არ გვაქვს, რომ შევთავაზოთ, იმპორტით შემოგაქვს“, - განაცხადა მამუკა კელაურაძემ.

განსხვავებული ხედვა აქვს ტურიზმის სფეროს ექსპერტ მარინა მეტრეველს. მისი აზრით, ფასი მეორეხარისხოვანია, საჭიროა ქვეყნაში შემოსულ ტურისტს მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა დახვდეს.  

,,მუდმივად ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს დაბალი მომსახურება და მაღალი ფასები. ბოლო დროს ყველაფერზე გაძვირებულია და ცხადია, ტურისტული მომსახურებაც გაძვირდებოდა. 

იმდენად არეულია მსოფლიოში სიტუაცია, რომ მუდმივად მოელიან პოლიტიკურ არეულობას, ახალი პანდემიის გაჩენას და ა.შ. ასეთ მდგომარეობაში ფასი მალე დაავიწყდებათ კიდეც. მთავარი იქნება ისეთი ადგილის მოძიება სადაც იქნება სიმშვიდე, ნორმალური სიტუაცია."- განუცხადა,,რეზონანსს" მეტრეველმა და დასძინა, რომ  ფასებს არეგულირებს ბაზარი. სიტუაციიდან გამომდინარე ფასი ხან დაიწევს, ხანაც გაიზრდება.  მთავარია სწორი მიდგომა და არსებული პოტენციალის ბოლომდე გამოყენება. ამას თან ერთვის ისიც, რომ არ გვივარგა ინფრასტრუქტურა. 

,,მოგეხსენებათ, ფასი და მომსახურება ჩვენთან  არასოდეს შეესაბამებოდა ერთმანეთს. არც ინფრასტრუქტურა გვივარგა. მაგალითად, როცა უამინდობაა დამსვენებელს იმდენი გასართობი უნდა ჰქონდეს, რომ ბავშვები სახლში არ დასვან. თუ მრავალფეროვანი ინფრასტურუქტურა გვექნება, საინტერესო და მიმზიდველი იქნება საქართველო და დამერწმუნეთ ფულზე ნაკლებად ილაპარაკებენ. 

ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა არ უნდა იყოს მასობრივ ტურიზმზე ორიენტირებული. მთავარია, ნაკლებ, მაგრამ მაღალ მხარჯველუნარიან დამსვენებელზე გაკეთდეს აქცენტი და გათვლა", - განაცხადა მარინა მეტრეველმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×