შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მდგომარეობა აქამდე არც ერთი არჩევნების წინ არ ყოფილა
ქეთო გოგოხია
30.09.2024

საქართველოს ეკონომიკის სწრაფ წინსვლას ვერც არჩევნები აფერხებს. პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი განუხრელად იზრდება და უკვე აგვისტოს მდგომარეობით, 12% შეადგინა, ხოლო 8 თვის საშუალო მაჩვენებელი უკვე 10%-ია. ორნიშნა მაჩვენებელზე განსაკუთრებით ორმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, ლარის სტაბილური კურსი და ღია ეკონომიკა, რამაც წინასაარჩევნო პერიოდშიც შეინარჩუნა მიმზიდველობა. 

ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ ოქტომბრის შემდეგაც, როგორი შედეგიც არ უნდა აჩვენოს არჩევნებმა, ტენდენცია გაგრძელდება. მთავარია, ხელოვნურად არ დამძიმდეს სიტუაცია და პოლიტიკური მდგომარეობა უკიდურესად არ დაიძაბოს.

ეკონომიკისა მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, აგვისტოში ექსპორტის 30-პროცენტიანი ზრდა აღინიშნა და 640 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. საყურადღებო აღმოჩნდა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, განათლების და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული აქტივობები.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება. არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა მატების მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინია, რომ ქვეყანაში მშპ-ს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზი. ეს კი ნიშნავს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის მაღალი ტემპი მოულოდნელი არც ექსპერტებისთვის ყოფილა. ანალიტიკოსების შეფასებით, მიღწეული შედეგი ტრანზიტიდან მიღებულ შემოსავლებს, საექსპორტო მაჩვენებლების ზრდას და ლარის კურსის სტაბილურობას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, როგორც ეკონომისტმა პაატა შეშელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, აღმავალ ტრენდს ვერც არჩევნები შეაჩერებს და პოზიტიური დინამიკა წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

,,ქართულ ეკონომიკაში ორნიშნა ზრდას ველოდი, ეს სავსებით რეალური მაჩვენებელია. ღია ეკონომიკით ბევრ  ქვეყანას გავუსწარით, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაც ბევრად გაუმჯობესებულია და ამ მხრივ  ეკონომიკა საკმაოდ დიდ სარგებელს იღებს. აქედან გამომდინარე, სრულიად მოსალოდნელია, რომ ორნიშნა მაჩვენებელს მივაღწიეთ, ყველა პირობაა ამისთვის და ნეგატიურ გავლენას ვერც არჩევნები მოახდენს. 

გრძელვადიანი ინვესტირებისთვის არჩევნებს შესაძლოა, გავლენა ჰქონდეთ, მაგრამ მოკლევადიან მოსარგებლეებს, არანაირი დაბრკოლება არ აქვთ. შეიძლება, ინვესტორების ნაწილი სიფრთხილეს იჩენს, მაგრამ ტვირთნაკადებზე ეს არ აისახება. მიმდინარე ოპერაციებისა და ეკონომიკის ხარჯზე ვინც მუშაობს, მათ საქმიანობას არჩევნები ვერანაირად ვერ შეაფერხებს", - განაცხადა შეშელიძემ და დასძინა, რომ ქვეყნის მიერ აღებულმა მშვიდობიანი პოლიტიკის კურსმაც დადებითად იმოქმედა, რაც ინვესტიციების სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.

,,გეოპოლიტიკური ვითარება მძიმეა. ყველა ჩვენი მეზობელი ერთმანეთთან ომობს. ამ დროს საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკური კურსი ინვესტორებისთვის კარგი სიგნალია. ეს მოცემულობა არც არჩევნების შემდეგ შეიცვლება. როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, მშვიდობა და კეთილდღეობა ყველას ინტერესშია. 

არჩევნების წინ მთავრობა, ყველა ტრიბუნიდან ლაპარაკობს, რომ ღია ეკონომიკა უნდა შენარჩუნდეს, არ მგონია, ოპოზიციასაც განსხვავებული მიდგომა ჰქონდეს. თუკი  ხელოვნურად არ არევენ სიტუაციას, არ მგონია, ტენდენცია შეიცვალოს. ლარის კურსმაც დაგვანახა, გრძელვადიან პერსპექტივაში რისი გაკეთებაა შესაძლებელი და როგორც კი სტაბილურობის ნიშნები გამოიკვეთა, ეს ეკონომიკაზეც ადეკვატურად აისახება", - აღნიშნა შეშელიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ამდენად, სპეციალისტები საქართველოს ეკონომიკის მიღწევებს უდავოდ აღიარებენ და საფრთხეს ვერ პოლიტიკური პროცესების ფონზე ხედავენ. მოლოდონია, რომ არსებული ტემპი შენარჩუნდება. როგორც ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის  ოპტიმისტურ ნიშნულზე, რამაც თვალში საცემი შედეგი განაპირობა.

,,აშკარაა, რომ რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე საქართველომ თავისი პოზიციები აშკარად გაიუმჯობესა. ანგარიშგასაწევია ექსპორტის მიღწევები, ასევე ტურისტული სფერო, რომელმაც საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა და საგრძნობლად გაიუმჯობესა პოზიციები. ფაქტობრივად ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მწყობრშია. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური მაჩვენებლები მოულოდნელი არ არის. 

ტენდენცია გაგრძელდება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნდება, ორნიშნა ნიშნული გვექნება არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, მთავარია პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხე არ დაემუქროს. 

რაც შეეხება დარგობრივ ჭრილს, შემთხვევითი არ არის, რომ უძრავი ქონების სფერო ეკონომიკურ ზრდაზე შეტანილი წვლილით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. გარდა ამისა, იზრდება საგარეო მოთხოვნა, მათ შორის ფულადი გზავნილები დიდი სისწრაფით მატულობს, რაც უკვე საქართველოდან ჩვენი მოქალაქეების გადინების ფაქტით არის გამოწვეული. ადამიანები სამუშაოს ქვეყნის გარეთ ნახულობენ და აქ აგზავნიან ფინანსურს რესურს, ეხმარებიან სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს, რაც ეკონომიკურ ზრდაზე მასევე  დადებითად მოქმედებს“, -  განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, ხოლო 8 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 10%-ია. აგვისტოს წინასწარი მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 30%-ით, ხოლო იმპორტი 4.8%-ით შემცირდა. აგვისტოში ქვეყანაში 5 700-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 6.7%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×