
საქართველოში ელექტრომობილები პოპულარობით ვერ სარგებლბს. ქვეყანაში ყოველთვიურად დაახლოებით 100 დენზე მომუშავე ავტომობილი შემოდის, რაც ძალიან ცოტაა. სიმცირის მიზეზი კი, პირველ რიგში, დასატენი ობიექტების ნაკლებობა და ასევე დრო, რომელიც მანქანას დასამუხტად სჭირდება.
საქართველოში ელექტრომობილიების რაოდენობა ძალიან. ქვეყანაში 6 662 (გასულ წელთან შედარებით 1610-ით მეტია.) დენზე მომუშავე ავტომობილია. ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 1 729 081 ავტომანქანაა რეგისტრირებული (ზრდა წინა წელთან შედარებით 48 645-ია).
ევროპისა განსხვავებული სიტუაციაა საქართველოში. იქ თუ ელექტრობომილები დიდი პოპულარობით სარგებლობს, საქართველოში ასე არ არის და როგორც `რობანი მოტორსის” ხელმძღვანელი ელგუჯა ჯამაგიძე მიიჩნევს, ამის მიზეზი შეუსაბამო ინფრასტრუქტურაა.
"ევროპაში მრავლადაა დამტენები, პატარა ოფისებთანაც კი არის დამონტაჟებული. საქართველოში კი, არც ერთ ოფისთან არ შეგვხვდება დასამუხტი აპარატი. აღარ მაქვს საუბარი იმაზე, შესაბამისი ადგილები იყოს გამოყოფილი. ძალიან ბევრი საუბარი იყო ამაზე, ტენდერიც გამოცხადდა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ და არ კეთდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კეთილი ნება არ არსებობს და ამის გარეშე არაფერი გამოვა.
ჩემი აზრით, მერიამ უნდა დადგინოს, რომ ახალ აშენებულ კორპუსებთან ავტოსადგომის 10% უნდა იყოს ელექტრო. ისე არ უნდა გასცენ მშენებელობის ნებართვა, მაგრამ ესა არავის არ აინტერესებს და აზრი ამიტომაც ეკარგება. ვისაც საკუთარი სახლი აქვს, ავტომობილს ეზოში დატენის, მაგრამ ვინ კორპუსში ცხოვრობს იმათ რა ქნან?
ალბათ, 10 წლის შემდეგ, როდესაც 500 კილომეტრს გადააჭარბებს ელექტრომობილის აკუმულატორის რესურსი, საქართველოსთვის საინტერესო გახდება ეს მანქანები, რადგან თბილისიდან ყველა სასაზღვრო მიმართულებით შესაძლებელი იქნება მისვლას.
ნუ ვიტყვით იმას, რომ ელექტრომობილი მუდმივად ივლით. თუ ავტომობილი სწრაფად და ხშირად იტენება, შესაბამისად, აკუმულატორის მედეგობა, წარმადობა, მცირდება. როდესაც ელექტრომობილი სწარაფად იტენება, აკუმულატორს ადგება ძალა და ის სწრაფად გამოდის წყობიდან. მასაც თავისი რესურსი აქვს”, - განაცხადა "რეზონანსთან” ელგუჯა ჯამაგიძემ და დასძინა, რომ ფინანსური თვალსაზრისით არ არის ძვირი ელექტრომობილის დატენვა.
ასევე გაუმართავი ინფრასტრუქტურა დაასახელა მიზეზად ავტომობილების იმპორტიორთა კავშირის თავჯდომარემ ლაშა დარბაისელმა და დასძინა, რომ როგორც ბენზინგასამართ სადგურებია მრავლად, ისე უნდა იყოს დასატენი აპარატებიც.
"ძალიან კარგია, რომ აქციზით არ იბეგრება ელექტრობომილები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შედეგი დაიდოს და ავტოპარკი განახლდეს.
საქართველოში ყოველი ფეხის ნაბიჯზე არის ბენზინგასამართი სადგურები, ასევე უნდა იყოს დამტენებიც. თბილისის ყველა ზონალურ პარკინზე უნდა დამონტაჟდეს დასამუხტი აპარატი. ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ამის გარდა, ქალაქის გარეთაც აუცილებელია. მაგალითად, ევროპასა და აშშ-ში დამტენები დაახლოებით იმ რაოდენობითაა დამონტაჟებული, როგორც ჩვენთან არის ჩასარიცხი აპარატები. საქართველოში რამდენი "პრიუსიც” დადის, იმდენი ელექტრომობილია ამერიკაში. ეს იმიტომ, რომ იქ სახელმწიფოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს მოწყობილი.
საქართველოს მოსახლეობის სოციალური შესაძლებლობებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ვერ იყიდის ისეთ ელექტრომობილს, რომლებიც ფარავენ 500-600 კილომეტრს. თავად ავტომობილის დატენვა ჯერჯერობით არ ჯდება ძვირი და იმედს ვიტოვებთ, არ გაძვირდება”, - განუცხადა "რეზონანსს” დარბაისელმა.
დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით 60-70 დამტენია დამონტაჟებული, მათგან ხოლო 10 სწრაფი დამმუხტველი.
"აი სფეისის” გენერალურმა დირექტორის დავით იოსავას შეფასებით, კომპანიებისთვის დამტენების მონტაჟი ძალიან ძვირი ინვესტიციაა, რომლისგანაც ამონაგების მიღება ხანგრძლივი პროცესია. სახელმწიფოს სექტორის წახალისებისთვის არაფერი გაუკეთებია.
„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი წახალისება ყოფილა. ერთი წელია დაერთების საფასურის განახევრების პროგრამა მუშაობს, მაგრამ ეს არის თავიდან საინსტალაციო ხარჯები. შემდეგ ტარიფები კომპანიებისთვის მაღალია, შესაბამისად, ამოღების პერიოდი ძალიან დიდ დროს მოიცავს.
დამტენების დამონტაჟების კუთხით, საცხოვრებელ კომპლექსებში მოთხოვნამ ძალიან წამოიწია წინ. როდესაც ერთი დამტენი მწყობრიდან გამოდის, ადგილზე სიგიჟე ხდება, რადგან იმ ერთ დამტენზე ბევრი ადამიანია დამოკიდებული.
წინ წამოიწია ჰორეკა სექტორმაც. პროექტირებისას, როდესაც ადგილზე ერთი დამტენი უნდა დამონტაჟდეს, გაყვანილობას აკეთებენ ხუთი დამტენისთვის, რომ სამომავლოდ უფრო ნაკლები ხარჯი იყოს. დაახლოებით 60 კვტ-იანი დამტენის პარამეტრით, 20-დან 30 წუთამდე რომ ავიღოთ, 15-დან 20 ლარამდე ღირს. კურსით თუ ვიმსჯელებთ, ნორვეგიასთან ახლოს ვართ“, - განაცხადა "ბიზნეს მედია ჯორჯიასთან” დავით იოსავამ და დასძინა, რომ თუ კომპანიისთვის საშეღავათო ტარიფები იქნება, სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში, ეს სექტორს წაახალისებს და პროექტი ბევრისთვის უფრო საინტერესო გახდება.
"ჩვენი პრობლემა არის, ძირითადად, მაღალსართულიან შენობებთან. შესაბამისად, ყველას არ აქვს "გარაჟი", რომ საკუთარი სატენით ისარგებლოს შესაბამისად, საზოგადოებრივი დამტენით სარგებლობა უწევს.
თვეში დაახლოებით 100 ელექტრო მანქანა შემოდის. ამასთან, გაიზარდა მანქანების ღირებულებაც. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა თუ არ დაეწია, სადღაც ეს სიტუაცია გაიჭედება. ადამიანი მანქანას თუ ყიდულობს და ვერ ტენის ან რიგში დგას, ბუნებრივია, ეს პრობლემაა. ახალ მანქანას 50 კვტ არ ჰყოფნის, საჭიროა 100-150 კვტ სიმძლავრე, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩვენთან უნდა გამოჩნდეს რამე წამახალისებელი პროგრამა ან საშეღავათო ტარიფები. სულ მცირე 1-წლიანი საშეღავათო ტარიფების პროგრამა რომც იყოს, პროექტი უკვე საინტერესო იქნება”, - აღნიშნა იოსავამ.