პაატა შეშელიძე: "მშვიდობა და კეთილდღეობა ყველას ინტერესშია. არ მგონია, არალეგიტიმურობამდე მივიდეს საქმე, ეკონომიკა ჯანსაღი და სტაბილურია"
ქეთო გოგოხია
14.10.2024

არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი, პრაქტიკულად, ეჭქვეშ აღარ დგას, თუმცა არავინ დავობს, რომ გარკვეული დაძაბულობა მოსალოდნელია, რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკაში უარყოფითი პროცესებიც წარმოშვას. ასეთ ვითარებაში ფინანსური ნაკადები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ეს დიდ პრობლემებს არ გამოიწვევს. სპეციალისტები მთავრობას ექსპორტის ხელშეწყობასა და ზრდისკენ მოუწოდებენ, რაც ეკონომიკას მეტ სტაბილურობას მოუტანს.

რაც უფრო ახლოვდება 26 ოქტომბერი, არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბარი სულ უფრო იშვიათად ისმის. რევოლუციურ ძვრებსა და ხელისუფლების გადაყენების მცდელობაზე საუბარიც ბოლო დროს ნაკლებადაა. უცხოელმა პარტნიორებმაც პოზიციები მეტ-ნაკლებად შეარბილეს. ახლა მთავარია ექსცესების გარეშე ჩატარდეს არჩევნები და ლეგიტიმურად ჩაითვალოს.

როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარმა, პროფესორმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა აღნიშნა საფრთხე პროვოკაციულ ქმედებებშია, რისი მცდელობაც, სავარაუდოდ, იქნება, თუმცა არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხდება ამ შემთხვევაშიც ნაკლებად მოსალოდნელია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტად შესაძლოა საფინანსო ბაზარზე შეიქმნას პრობლემა და ფინანსური ნაკადები შემცირდეს, რომლის კომპენსირებასაც ხელისუფლება ალტერნატიული გზებით უნდა შეეცადოს. 

,,არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი დღეს უკვე ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა რისკები სხვადასხვა მიმართულებით მაინც არსებობს. თვითონ კენჭისყრის დღის ნორმალურად წარმართვა პრობლემაა, რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის. არ არის გამორიცხული პროვოკაციები, იგივე უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფების გააქტიურება. ეს რისკები არ უნდა გამოირიცხოს. 

არჩევნების დღე ექსცესების გარეშე თუ ჩაივლის, ძალიან კარგი  იქნება. გამძაფრების რისკი ძალიან დიდია. ამისკენ მიმართულია ბევრი ადამიანის ინტერესი როგორც აშშ-დან ასევე ევროპიდან, რომ აირიოს სიტუაცია. ამას აკეთებდნენ უამრავ ქვეყნებში და გამორიცხული არც საქართველოა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ კენჭისყრის პროცესს. 

ბოლოდროინდელი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დასავლეთის მხრიდან დაფინანსებები თავისთავად შემცირდება. მოიკლებს ფინანსური ნაკადები. ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია მაქსიმალურად მოხდეს ექსპორტის სტიმულირება. 

ექსპორტის წახალისება და წარმოების ხელშეწყობა ქმნის, პირველ რიგში, სამუშაო ადგილებს  და თანაც იმპორტზე დამოკიდებულება მცირდება. რაც მთავარია,  სავალუტო ნაკადებზეც დადებითად აისახება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვახტანგ ხომიზურაშვილმა.

აქედან გამომდინარე მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს ალტერნატიულ საშუალებებზე, რათა გარკვეულწილად დაკომპენსირდეს შემცირებული სავალუტო ნაკადები. მაგალითად, დაბალანსდეს ტურიზმით ან თუნდაც ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით, რაც ქართულ ეკონომიკას სასიკეთოდ წაადგება და რისკებისგან დაიცავს.

ეკონომისტების ნაწილს უფრო პოზიტიური მოლოდინი აქვს და ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობას არჩევნები ვერ შეაფერხებს. "ახალი ეკონომიკური სკოლის" ხელმძღვანელის პაატა შეშელიძის შეფასებით, არჩევნების ლეგიტიმურობის საფრთხე დღეს უკვე არ იკვეთება, მთავარია დაძაბულობა მოიხსნას და საბოლოო შედეგები მხარეებმა ადეკვატურად მიიღონ, რომ პოლიტიკურმა პროცესმა ეკონომიკური განვითარების დადებითი დინამიკა არ შეცვალოს.

როგორც შეშელიძემ აღნიშნა, ოქტომბრის შემდეგაც, როგორი შედეგიც არ უნდა აჩვენოს არჩევნებმა, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, სტაბილურობას შეინარჩუნებს ლარი და ინვესტიციების კუთხითაც ნაკლებად არის პრობლემა მოსალოდნელი, რისი გარანტიც პოლიტიკური სტაბილურობა უნდა გახდეს.

,,ქართული ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება, ყველა პარამეტრი მწყობრშია და არჩევნები ამ პროცესს, სავარაუდოდ, ვერ შეაფერხებს. საქართველოს მშვიდობიანი კურსი, ეკონომიკის ღიაობა და გაცვლითი კურსი დამაიმედებელია. უცხოელი პარტნიორების რიტორიკაც ბოლო პერიოდში ცოტათი შერბილდა. არ მგონია, სიტუაციის არევა ახლა ვინმეს ინტერესებში შედიოდეს. რაღაც ძალები შეიძლება ცდილობდნენ ამას, მაგრამ მასობრივი ხასიათი არ აქვს და არც ექნება.   

თითქმის ყველა თვალსაზრისით, ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღად გამოიყურება და სტაბილურობას ინარჩუნებს, რასაც ახლა ყველაზე ნაკლებად ელის საფრთხე. ინვესტიციების მხრივაც რისკებს არ უნდა ველოდოთ, როცა მთელ მსოფლიოში დაძაბულობაა და რეგიონში გვაქვს საომარი მდგომარეობაც, საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და მუდმივად წინ მიიწევს. ეს მოცემულობა არც არჩევნების შემდეგ შეიცვლება, რაც კარგი სიკგნალია ინვესტორებისთვის. 

როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, მშვიდობა და კეთილდღეობა ყველას ინტერესშია. არ მგონია, არალეგიტიმურობამდე მივიდეს საქმე, თუკი  ხელოვნურად არ არევენ სიტუაციას, მსგავსი შეფასებები არ უნდა იქნას დაშვებული, სტაბილიზაციის ნიშნები გამოიკვეთილია და როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ტურიზმიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება და არჩევნების შემდეგაც საფრთხეს ამ მიმართულებითაც ვერ ვხედავ. იგივე ითქმის ლოგისტიკაზეც. საქართველოს დერეფანი ანგარიშგასაწევია, გაზრდილია სატრანზიტო ფუნქცია და ამ მხრივ  ეკონომიკა საკმაოდ დიდ სარგებელს იღებს. ყველა პირობაა სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც არჩევნების შემდგომ პერიოდშიც აქტუალობას არ დაკარგავს", - აღნიშნა შეშელიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც ვხედავთ, ქართველი ექსპერტები ექსპორტზე დიდ იმედს ამყარებენ და ამ განწყობას სტატისტიკური მონაცემებიც ეხმიანება. 2024 წლის აგვისტოს წინასწარი მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 30%-ით, ხოლო იმპორტი 4.8%-ით შემცირდა. აგვისტოში ქვეყანაში 5 700-მდე ახალი საწარმოც დარეგისტრირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×