,,შავი პარასკევის" აქციები დაიწყო, თუმცა ბიზნესის მხრიდან შეთავაზებები ფასდაკლებებთან დაკავშირებით უმეტესად არარეალურია. წლობით დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე თამამად შეიძლება თქმა, რომ სავაჭრო ობიექტებში გამოცხადებული ფასდაკლებები უფრო მომხმარებლების მოსაზიდად მიმართული ხრიკებია და დიდ უნდობლობას იწვევს. ამით აიხსნება ისიც, რომ ,,შავი პარასკევის" მიმართ მომხმარებლებს გამოკვეთილად უარყოფითი განწყობა აქვთ.
სპეციალისტები საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ ,,შავი პარასკევი" სინამდვილეში ბლეფია და მყიდველი მოტყუებული რჩება. უნდა ითქვას ისიც, რომ ასეა ძალიან ბევრ ქვეყანაში, თუმცა ამის მიუხედავად, ადამიანები გამოცხადებული აქციებით მაინც სარგებლობენ.
პიარის სფეროს სპეციალისტი ნოე საყვარელიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, ამ დღის არსებული რეალობა გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, რაც ბრენდების რეპუტაციაზე დადებითად არ აისახება და არც მომხმარებელია კმაყოფილი, მაგრამ რეალიზაცია მაინც იზრდება.
,,შავი პარასკევის კვალობაზე არარეალური ფასებია და წლიდან წლამდე ეს სიტუაციაა, რაც არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. ბევრ ქვეყანაში ,,შავი პარასკევის" აქციები მომხმარებელთა მოსაზიდად მიმართული ღონისძიებაა და ამისთვის უამრავ ხრიკს იყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ რეალიზაცია სტიმულირდება, ბრენდების რეპუტაციასა და იმიჯზე ეს არ აისახება. განსაკუთრებით მაშინ, თუ კლიენტების მოსაზიდად ობიექტი მორალურად გაუმართლებელ ხერხს მიმართავს. შარშან ამის არაერთი მაგალითი გვქონდა, როცა ყირაზე გადადიოდა ხალხი და ლამის ჭყლეტამდე მივიდა საქმე. ნამდვილად არ იყო კარგად ორგანიზებული აქცია, მომხმარებლებს დიდი დისკომფორტი შეექმნა. არ გამოვრიცხავ, ახლაც იგივე მოხდეს. აქციის ფარგლებში ვაჭრობის პროცესი კომფორტული ნამდვილად არ არის.
მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც აქტიურობს, რაც უფრო ფსიქოლოგიური მომენტია. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ დიდი შეღავათით ისარგებლა და კმაყოფილია. უკონტროლო, სპონტანური ქცევაა, რომელიც სამომხმარებლო ჩვევად ჩამოყალიბდა. სამწუხაროა, რომ ,,შავი პარასკევის" აქციები სინამდვილეში დიდი შეღავათის მომცემი არ არის, თავს ვიტყუებთ. სავაჭრო სექტორს მეტი მოეთხოვება, გამოყენებული მეთოდის წყალობით შესაძლებელია ერთ დღეში კარგი მოგება ნახონ, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი სტილი და კულტურა სჭირდება", - აღნიშნა ნოე საყვარელიძემ ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება სექტორის წარმომადგენლებს, შპს ,,მეგასპორტის" დამფუძნებელი დავით ჩხეიძის თქმით, სამზადისი ჯერ კიდევ გრძელდება და შესაბამისად, ფასდაკლების მოცულობა განსაზღვრული არ აქვთ.
,,ბანკებმა შეცვალეს პირობები და გარკვეული კამპანიის ჩატარება ჩვენი ძალებით მოგვიწევს. შევეცდებით, ფასდაკლება მაქსიმალურად იყოს მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული. ყველას აქვს ამ დროს ახალი კოლექცია ჩამოტანილი, ბევრი სიურპრიზი იქნება. ველოდებით დიდ აქტიურობას. ყველაფერი გვექნება, რა, როგორ და რამდენპროცენტიანი აქცია იმოქმედებს, ძალიან მალე გვეცოდინება.
ვცდილობთ, რომ ,,შავი პარასკევი" მომხმარებლსითვის საინტერესო და სასიამოვნო დღედ ვაქციოთ, რა შესაძლებლობაც მოგვეცემა, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ. რაც არ უნდა იყოს, ტრადიციას არც წელს ვუღალატებთ. ამ დროს რეკორდული ოდენობის მომხმარებელი მოდის. ამიტომ, ვფიქრობთ, იგივე სცენარი განმეორდება და ფასდაკლებით უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს", - განაცხადა ჩხეიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
სავაჭრო მოლებში დიდი ნაკადები ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. თბილისელი მომხმარებელი ლია წულიკიძე ამბობს, რომ უკვე გამოცხადებული აქციების პირობებით კმაყოფილი არ არის, თუმცა შენაძენის გაკეთებას მაინც შეეცდება.
,,შავი პარასევი უფრო ტრენდულია. ამ დროს ვერასდროს ვამბობ უარს შენაძენზე, თუმცა მაღაზიიდან სახლში კმაყოფილი არასდროს დავბრუნებულვარ. თანაც, არ ვარ დარწმუნებული, რომ რეალური ფასდაკლება იყოს. სადღესასწაულო პერიოდებში - საახალწლოდ თუ სარვამარტოდ, მსგავსი აქციები ისედაც არის. ამიტომ ,,შავი პარასკევი" ფასის მხრივ ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ მაინც შვეცდები რომელიმე მოლში მისვლას და თუნდაც ორიოდე ნივთის შეძენას. ეს ჩვეულება უფროა, რომ მოდას არ ჩამორჩე, ამაში სხვა სიკეთეს ვერ ვხედავ", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ლია წულიკიძემ.
როგორც უკვე ცნობილია, "შავი პარასკევი” 29 ნოემბერს უწევს, მაგრამ მაღაზიების უმეტესობაში ფასდაკლებები უკვე ამოქმედებულია. ამ მხრივ გამორჩეულია სააფთიაქო ქსელები, ტექნიკის მაღაზიების ნაწილი და სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტები.
რაც შეეხება ფასდაკლებების რეალურობას, როგორც ჩანს, საქართველო გამონაკლისი არ არის. ამ მხრივ საინტერესოა კვლევა, რომელიც ორიოდე წლის წინ დიდ ბრიტანეთში მომხმარებელთა ასოციაციამ ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ 201-დან 184 შემთხვევაში, საქონლის ფასი იგივე იყო, რაც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ან კიდევ უფრო ძვირი.
შეგახსენებთ, რომ „შავი პარასკევი“ მადლიერების დღის მეორეა დღე აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებას და აქციებს აწყობს. ამ დღის გამართვის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს.