სანქციებისა და შეზღუდვების საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. საქართველოს ახლადარჩეულმა პარლამეტმა მუშოაბა უპრობლემოდ დაიწყო. შესაბამისად, ის შიში, რაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში სანქციების დაწესებას უკავშირდებოდა, ჩავლილია. იმედია, სამუშაო თვალსაზრისით, ხელისუფლება შეძლებს დასავლეთის ქვეყნებთან ახალი ფორმატის გამონახვას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას ევროპის ოფიციალური პირებისგან (უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა) აღიარება და მილოცვა არ მიუღია, ქართველი ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ეს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობას არ დააზარალებს. ქვეყანა ყველა საშუალებას გამოიყენებს და ურთიერთობების დალაგებას მაინც მოახერხებს.
ის ფაქტი, რომ ქვეყანა სანქციებს არ ელოდება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეინტერვიუში ირიბად დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, სანქციების ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს აშშ და მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირში.
„მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, როგორც ასეთი. შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, შეზღუდვები ყველა იმ დახმარებებზე, რომელზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ეს გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს. მაგრამ პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ის დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ევროპის მხრიდან საქართველოს მთავრობის მისამართით უკმაყოფილება ხმამაღლა გაცხადდა. გამოყოფილი თანხების გარკვეული ნაწილის გადამისამართებაც ხდება. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ არასასიამოვნო პროცესების მიუხედავად, ხელისუფლება შეძლებს ვითარება დაასტაბილუროს. აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, რომ არსებული სირთულის მიუხედავად, ხელისუფლება მოახერხებს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენას.
,,ერთი შეხედვით, საკითხი თითქოს მარტივია, თუმცა არსებული პრობლემის მოგვარება მაინც რთულად მეჩვენება. ვხედავთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტის განცხადება, ცოტა გაურკვეველია. იმედს ვიტოვებ, რომ ურთიერთობები აღდგება, დათბება და მდგომარეობა გამოსწორდება. გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელია. უნდა დავინახოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით ინვესტიციებს შეფერხება არ ექნება. დიდი სურვილი მაქვს უახლოეს პერიოდში ასე მოხდეს.
რაც შეეხება ევროკავშირს, ის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. თუ ურთიერთობები შეფერხდება, ბუნებრივია, გარკვეულწილად პრობლემებს წარმოშობს. ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ უნდა ვნახოთ დივერსიფიცირების სწრაფი გზა, რომ სხვა მიმართულებით კომპენსაცია მოვახდინოთ.
რამდენადაც სწრაფად გადავეწყობთ, იმდენად ნაკლებად იქნება შესამჩნევი. ევროკავშირის წევრობისათვის ჩვენი მიზანი გაცხადებულია, ვართ კანდიდატი ქვეყანა და როგორც ამ ურთიერთობებს შეეფერება, ისე უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობაც. გარკვეულ პერიოდში, სანამ გაუგებრობა არსებობს უნდა ვეცადოთ ბაზრების დივერსიფიცირება მოვახდინოთ. ვფიქრობ, ეს მუშაობა დაწყებულია კიდეც", - აღნიშნა ავთო სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას და დასძინა, რომ ეკონომიკურ სანქციებამდე საქმე ალბათ აღარ მივა. არსებული გაუგებრობაც დროთა განმავლობაში ამოიწურება.
რამდენადაც ევროპას ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს, სავარაუდოა, რომ ვითარება აღარ გამწვავდება. აფბა-ს პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის აზრით, რომ არანაირი მიზანშეწონილობა აღარ არსებობს იმისა, რომ საქართველოს სანქციები დაგვიწედეს.
,,იმედს ვიტოვებ, სანქციების აღარ დაწესდება. ჯერჯერობით, ევროკავშირს არც კი განუცხადებია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით შესაძლოა, სანქციები დაგვიწესდეს. მართალია, გარკვეული კრედიტები და ტრანზაქციები შემცირდა, თუმცა სავაჭრო ურთიერთობების კუთხით საქართველოსთან მიმართებით პრობლემებზე საუბარი არც ყოფილა.
ბოლო წლებში გავააქტიურეთ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები და ვფიქრობ, ეს პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება თანხების გადამისამართებას და ტრანზაქციების შემცირებას, არა მგონია სერიოზულ ზიანს აყენებდეს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მაინც არის გამოწვევა. არ ვფიქრობ ამით მნიშვნელოვანი საფრთხე შეგვექმნება. ტრანზაქციები შემცირდა, თუმცა ეს პრობლემას არ შექმნის", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" გიორგი კაპანაძემ.
მისივე შეფასებით, ევროპის მხრიდან წამოსული შენიშვნების მიუხედავად, ხელისუფლება შეძლებს ურთიერთობის დალაგებას.
,,მმართველი პარტია აცხადებს, რომ ყველანაირად ეცდება ურთიერთობის დასტაბილურებას და იმედს ვიტოვებ, ასეც იქნება. მართალია, პოლიტიკურად გაურკვევლობა არსებობს, მაგრამ ევროპარლამენტარების ნაწილი გვერდში უდგას ,,ქართული ოცნების" გუნდს. ამიტომ, გადაჭრით ვერ ვიტყვი რომ ევროკავშირი მათ ხელისუფლებაში ყოფნაში პრობლემას ხედავს. რაც ახლა ხდება, მეტწილად პოლიტიკური საკითხია, ხოლო რაც შეეხება წმინდა ეკონომიკურ მიმართულებას, მსგავსი პრობლემა არ დგას და იმედია, არც სამომავლოდ იქნება", - განუცხადა გიორგი კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".