სამომხმარებლო სფეროში დასაქმებულთა უფლებები საშინლად ირღვევა. ამ მხრივ განსაკუთრებით სავაჭრო სფერო გამოირჩევა, სადაც ელემენტარული დანაკარგის ანაზღაურებაც მომუშავე კადრს უწევს. იმის გამო, რომ ამ საკითხს კანონი სათანადოდ ვერ არეგულირებს და ვერც დასაქმებულები ჩივიან, ხშირ შემთხვევაში, ფაქტების შესახებ საზოგადოებისთვის საერთოდ უცნობია.
დასაქმებულთა მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ბევრ პრობლემას აჩენს ქვეანაში. ბიზნესი ასეთი გულგრილი დამოკიდებულების გამო, ადვილად კარგავს მუშახელს და მუდმივ ძიებაშია. შრომისუნარიანი ადამიანი კი ცდილობს გაერიდოს არასასურველ გარემოს და ემიგრაციაში წავიდეს. სფეროს სპეციალისტების თქმით, სანამ ვითარება არ შეიცვლება სურათი იგივე დარჩება და ვერც ემიგრაციას შევაჩერებთ.
ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი ,,რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი საკმაოდ რთულია. მას ვერც არსებული კანონმდებლობა არეგულირებს და მხოლოდ ბიზნესის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული როგორ შინაგანაწესს შეიმუშავებს.
,,საკითხი საკმაოდ რთულია. საგადასახადო კოდექსს გააჩნია დანაკარგებთან მიმართებით რეალური რეგულაცია, მაგრამ არასრულყოფილი. კოდექსი არ ითვალისწინებს შიდკორპორაციულ დანაკარგებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობისას. თვითონ კომპანიას უნდა ჰქონდეს შინაგანაწესი დანაკარგებთან მიმართებაში. მაგალითად, მცხობელი, რომელიც ერთ ტომარა ფქვილსგან აცხობს პროდუქტს, უნდა იცოდეს, რომ ფქვილს თავისი დანაკარგი აქვს ან ჩირის წარმოებისას 10 კგ ხილიდან 2-3 კგ გამოდის და ბუნებრივია, დანაკარგთან გვაქვს საქმე.
არის სხვა მხარეც. ის, რომ სუპერმარკეტში რაღაც დაიკარგება, გაფუჭდება და პირდაპირ დაბრალდება მოლარეს, ზოგადად არასწორია. ის იმდენად გაშლილი დაწესებლებაა, რომ არაა გამორიცხული ვიღაცამ გადამალა, აიღო და ა.შ. ბევრი ნიუანსებია. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც მოლარეს ზედმეტი თანხა გადაჰყვება. ამიტომ, აუცილებელია ზღვრული რეგლამენტის არსებობა. ის, რომ ყველაზე სუსტ რგოლზე, რომელიც ხელფასზეა დამოკიდებული, ისიც მიზერულზე, დაუკავო ანაზღაურება არასწორია. მსგავსი მიდგომა პირდაპირ დისკრიმინაციაა. სუსტ რგოლზე ხდება ჯოხის გადატეხვა, რომ დამნაშავის პოვნის პრობლემა გაიადვილოს დაწესებულების მფლობელმა," - განაცხადა ,,რეზონანსთან" ჩარგეიშვილმა.
მისივე თქმით, საკითხის შესწავლისას ბევრ პრობლემას ვეჯახებით ერთდროულად. ადამიანური რესურს, კანონს, შიდაკორპორაციულ რეჟიმს და ა.შ.
,,ეს არის პრობლემა, რომელიც რეგლამენტირებულად უნდა მოწესრიგდეს და სტანდარტებში მოექცეს. ადამიანი, რომელიც მიზერულ ხელფასზეა ცხადია, თუ უსამართლობას წააწყდება წავა ამ ქვეყნიდან. არამოტივირებულ გარემოში დაჩაგრული, დისკრიმინირებული აღმოჩნდება და გაეცლება აქურობას. ვერც კომპანიას უჩივლებს სასამართლოში და ცხადია, იჩაგრება. მართალია, სამართლებრივი გზები არსებობს, მაგრამ დასაქმებულს უჭირს მისი გამოყენება, რადგან ათას სირთულეს აწყდება, ხელფასსაც ვერ აიღებს და ა.შ.
ამიტომაც, საჭიროა სახელმწიფო ორგანოებმა მეტი ყურადღება მიაქციონ იმ მიმართულებას, რაც დასაქმებულის დაცვას შეეხება. რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს საზიანო კომპანიებისთვისაც", - განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.
ფაქტია, რომ არასრულყოფილი კანონმდებლობა ხელს უწყობს დასაქმებულის უფლებების დარღვევას. ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ადასტურებს, რომ ისედაც მიზერულ ანაზღაურებაზე მომუშავე ადამიანები უამრავ პრობლემას აწყდებიან და ცდილობენ ქვეყნიდან გაქცევით უშველონ თავს.
,,შეიძლება ადამიანი ძვირიანი პროდუქციის მაღაზიაში მუშაობდეს და ნივთის დაზიანების შემთხვევაში, ერთი თვის ხელფასი საერთოდაც არ ეყოს ზარალის ასანაზღაურებლად. ამიტომაც ძალიან რთულ მდგომარეობაში აგდებენ დამსაქმებლები საკუთარ თანამშრომლებს. სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ბიზნესმა დააზღვიოს მისი პროდუქცია და მან აანაზღაუროს დანაკარგი. პასუხისმგებლიანი ბიზნესი ასე უნდა იქცეოდეს.
სხვა ვითარებაა სუპერმარკეტებში. ჩვენ ვივით, რომ დამსაქმებლები ყველა მიმართულებით ამუშავებენ თავიანთ თანამშრომლებს. ამას თან ერთვის ისიც, რომ თვის ბოლოს სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება ჯარიმები დაეკისროთ და ისედაც მიზერული ხელფასიდან დამატებით 20-25% დაუქვითონ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ადამიანს უჩნდება განცდა, რომ იჩაგრება. როდესაც საუბარია ხელფასზე, იქ უნდა შედიოდეს დასაქმებულის სოციალური პაკეტი, ჯანმრთელობის დაზღვევა, რომ მას ხელფასზე დამატებითი ხარჯი არ დააწვეს.
ჩვენთან მოუწესრიგებელია დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობები. ვფიქრობ, ველური კაპიტალიზმის ხანაში გვაცხოვრებენ, რასაც უნდა იმას აკეთებს დამსაქმებელი. ამიტომაც, ვიღებთ იმ სიტუაციას, რომ ბიზნესი კადრებს ეძებს და ქვეყანა უმუშევრობის დონით ერთ-ერთი პირველია ევროპაში. უახლოეს მომავალში, მიდგომა თუ არ შეიცვლება, პრობლემა გართულდება.
ძალიან მეეჭვება, რომ პარლამენტმა კოდექსში ცვლილება შეიტანოს. ვინ უნდა შეცვალოს საკითხი მაშინ, როცა პარლამენტი ბიზნესმენებითაა სავსე. ისინი პარლამენტში იმიტომ მოდიან, რომ საკუთარი საქმიანობის ლობირება მოახდინონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი საკანონმდებლო დონეზე ისეთ ცვლილებას არ მიიღებენ, რომელიც მათ საქმიანობას საფრთხეს შეუქმნის," - განუცხადა ,,რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ სანამ არ მიხვდება ხელისუფლება, რომ ეკონომიკაში ძირეული ცვლილებებია გასატარებელი, მუდმივად იქნება უმუშევრობისა და მაღალი ემიგრაციის პრობლემა. პოლიტიკურ კლანს სხვა დღის წესრიგი აქვს და მოსახლეობას - სხვა.
დასაქმებულებისა და დამსაქმებლებს შორის არსებულ პრობლემაზე საუბრობს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანიც, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიების ნაწილი დასაქმებულებს ცუდ შრომით პირობებს სთავაზობს. მან ყურადღება გაამახვილა სავაჭრო სექტორზეც და აღნიშნა, რომ კომპანიების ნაწილი დასაქმებულებს ჯარიმების სახით, დანაკლისის გამო, მიზერული ხელფასიდან თანხას ჯერ კიდევ აჭრის.
„ბიზნესის ჩივილი, რომ კადრების მოძიება უჭრით, განპირობებულია იმ ძალიან დაბალი შრომის სტანდარტებით, რომელსაც ისინი ადამიანებს სთავაზობენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს გაცილებით მეტი და სამუშაოს გაწევა უწევთ, თანაც ისეთის, რომელიც არც კონტრაქტით და არც სიტყვიერი შეთანხმებით არ ყოფილა გათვალისწინებული.
მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა მიდგომები საკანონმდებლო მიმართულებით და შრომის ინსპექციას არაერთი სანქცია გამოუყენებია, პრობლემა მაინც რჩება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საცალო სექტორში დასაქმებულებს ისედაც დაბალი ხელფასიდან აჭრიან ყოველგვარ დაუსაბუთებელ ჯარიმებს დანაკლისების გამო. შედეგად ეს იწვევს იმას, რომ მიზერულ ხელფასს, რაც ადამიანებს დაკავებულ პოზიციაზე აქვთ, ვერ იღებენ სრულად თვის ბოლოს“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.
დამსაქმებლის მხრიდან ცუდ მოპყრობაზე ისაუბრა თბილისელმა ლიანა ქაშიბაძემ. მან დაუფარავად თქვა, რომ თვის ბოლოს ისედაც მინიმალური ხელფასიდან მუდმივად ხდება თანხის დაკავება, რასაც დამსაქმებელი სხვადასხვა მიზეზებით ხსნის.
,,ერთ-ერთ სუპერმარკეტში ვმუშაობ. ურთულესი პირობებია, ვითავსებთ თითქმის ყველანაირ სამუშაოს. ანაზღაურება მიზერულია. ყველაზე ცუდი ისააა, რომ თვის ბოლოს თუ რამე დანაკლისი აღმოჩნდება, თანხა იკრიბება და მერე მენეჯერი ჩვენზე ანაწილებს. ეს საშინელი მიდგომაა. ფაქტობრივად, სრულად ხელფასს ვერ ვიღებ. ბევრი გარბის და ახალ სამსახურს ეძებს, მაგრამ არც მათგან მესმის კარგი ისტორიები. მოკლედ, ყველგან ერთი სისტემაა და ადგილის შეცვლას აზრი არა აქვს.
სამსახური თუ მივატოვეთ და პროტესტი გამოვთქვით, არც ახალი კადრების აყვანა წარმოადგენს მათთვის სირთულეს. ბევრმა საერთოდ მიატოვა აქაურობა და საზღვარგარეთ წავიდა. მე ოჯახში რთული მდგომარეობა მაქვს, მიმძიმს მათი დატოვება, თორემ ასეთი შრომით იქ ბევრად უკეთეს პირობებს შევუქმნიდი ჩემს ოჯახს", - განუცხადა ,,რეზონანსს" ლიანა ქაშიბაძემ.