
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუცია საქართველოს საფინანსო სექტორისა და ეკონომიკისთვის სერიოზულ რისკს შეიცავს. განსაკუთრებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას შეყვანა დასანქცირებულთა სიაში. სპეციალისტებისთვის უცნობია, რატომ მოხვდა ამ სიაში თურნავა, თუმცა აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ცუდად იმოქმედებს ლარის კურსზე და შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობაზეც ნეგატიურად აისახება, ვინაიდან მიზანმიმართულად ხდება შეტევა საქართველოს ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტაზე.
აკადემიკოსს ლადო პაპავასთვის გაუგებარია საქართველოს ეროვნული ბანკის და მისი ხელმძღვანელის მოხვედრა ევრორეზოლუციაში, რაც პრაქტიკულად კომპლექსური შეტევაა ქართულ სახელმწიფოსა მის ეკონომიკაზე.
„მთელი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაიმე ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც მოასწავებს თუნდაც ლარის უარყოფით ტენდენციებს ან ეკონომიკურ პრობლემებს, არ არსებობს. რაც სირთულეებია შექმნილი საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით ლართან მიმართებით ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური წნეხის შედეგი.
ეჭვი არ მეპარება, რომ ის გვარები რომელიც შეტანილია რეზოლუციაში არის საქართველოდან გაგზავნილი და ერთ-ერთი გზა, ებრძოლონ ქართულ სახელმწიფოს გადის მის ეროვნულ ვალუტაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ყველა უნდა გაუფრთხილდეს ქართულ ლარს იმიტომ, რომ ის არ ეკუთვნის რომელიმე მთავრობას, რომელიმე ცენტრალურ ბანკს. ის ეკუთვნის სრულიად საქართველოს და ყველამ უნდა იზრუნოს მის სტაბილურობაზე“, - განაცხადა ლადო პაპავამ.
აკადემიკოსის შეფასებით, პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობისთვის დღეს ყველაზე სენსიტიურია ლარის გაცვლითი კურსი და აქედან გამომდინარე, როცა ბრძოლა არის ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველაზე მეტად ცდილობენ ლარი იყოს არასტაბილური და გაუფასურებული, რაც რეალურად არის ბრძოლა ქვეყანასთან და არა ხელისუფლებასთან.
მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ საბანკო სფეროს სპეციალისტები და ფინანსისტები, რომლებიც ლარის მიზანში ამოღებას ქართული სახელმწიფოს და ეკონომიკის წინააღმდეგ მიზანმიმართულ მცდელობად აღიქვამენ. პროფესორი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ სია დაკორექტირდება და საქმე არ მივა იქამდე, რომ ქვეყნის ფინანსური სექტორი დაზარალდეს.
,,რეზოლუციის დამტკიცებამდე სია გადაიხედება და დაკორექტირდება კიდეც, არ მგონია, თურნავას დასანქცირებამდე მივიდეს საქმე. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სიაში არ დატოვებენ. მისი დასანქცირება დიდი დარტყმა იქნება საბანკო სექტორზე მთლიანად და მათ შორის, ლარის კურსზეც. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა არ იძლევა საშუალებას, რომ ყველა ეკონომიკურ საკითხზე ხელმოწერის უფლება გააჩნდეს. ამიტომ მის მიმართ სანქციები საფუძველს მოკლებულია.
გარდა ამსია, ასევე სებ-ი მართავს რეზერვებს, რასაც პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. ეგ როგორ იქნება, ჩემთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ამ ნაბიჯის გადადგმას რეალურად თუ შეეცდებიან, არაფრით არ უნდა დავუშვათ, ეს არ უნდა მოხდეს, რადგან სერიოზულ ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემას გამოიწვევს ქვეყანაში.
საუბარია უამრავი ადამიანის კეთილდღეობაზე, რასაც რეალური საფრთხე ემუქრება. არ მგონია, გონივრული იყოს ამაზე მსჯელობაც კი, ამიტომ ვფიქრობ, სია დაკორექტირდება“, - განაცხადა თუთბერიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას და დასძინა, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე შეიყვანეს სიაში ნათია თურნავა, რა კონკრეტულ გარემოებებს დაეყრდნო ევროპარლამენტი გადაწყვეტილების მიღებისას.
,,სიის შემდგენელს, ალბათ, გარკვეული მიზანი აქვს, მაგრამ ჩემთვის მიზეზი უცნობია. უცხოური რეზერვების მართვა მაინც ნომერ პირველი პრობლემაა, რა რისკსაც ახლა ვხედავ. ფასიანი ქაღალდები თუ უცხოური ვალუტა იქნება შესაძენი, ვისი ხელმოწერით უნდა მოხდეს ცვლილებები, გაუგებარია. ამიტომ ვფიქრობ, რომ შემდგომ ეტაპზე ეს საკითხი საერთოდ უნდა მოიხსნას.
რაც შეეხება გაცვლით კურსზე გავლენას, ეს ჯერ არ ჩანს. მერყეობის მიუხედავად, კურსი ჯერ კიდეც დასაშვებ ნიშნულზეა. თუ სანქცია ძალაში შევა, შემდეგ უკვე ექნება უარყოფითი რეაქცია და სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს ლარის სტაბილურობასთან დაკავშირებითაც“, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ თუთბერიძემ.
ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურებიან ეკონომისტებიც, თუმცა კურსთან დაკავშირებით რისკებს ნაკლებად ხედავენ. ანალიკიტიკოს ნოდარ კაპანაძის შეფასებით, თვალნათელია, რომ ესაა შეგნებული მცდელობააა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ფსიქოლოგიურად მოახდინონ გავლენა და იყენებენ ეროვნულ ვალუტას, რომელიც ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესების მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა.
"ევროპარლამენტის მიერ სანქცირებულთა სიაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეყვანა, პირველ რიგში ნიშნავს, რომ თურნავა ვერ ჩავა, პირობითად, ამსტერდამში. ეს არაფერია, მაგრამ თუ ინსტიტუცია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ წავიდა, ეს უკვე სერიოზული საკითხია! თუკი თურნავას გარკვეული ხელმოწერების უფლება არ ექნება, ესეც არაფერი, არ მოაწერს ხელს სებ-ის პრეზიდენტი, მაშინ ვიცე-პრეზიდენტი მოაწერს, ამასაც ეშველება.
ზოგადად ევროპარლამენტის რეკომენდებული რეზოლუცია არაფერს ნიშნავს ჯერჯერობით, მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატია თუ ამას ხელს მოაწერს, რა თქმა უნდა, ცუდია. ვადასტურებ, რომ მცდელობა აქვთ, საქართველოს ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე შეტევა განახორციელონ. აშკარა მცდელობააა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ფსიქოლოგიურად მოახდინონ ზეგავლენა და იყენებენ ეროვნულ ვალუტას, რომელიც ყველაზე მგრძნობიარეა ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესების მიმართ. აი, ეს არის აქ პრობლემა. კარგად იციან, ლარი თუ კიდევ გაუფასურდება, აჟიოტაჟი დაიწყება, ფასები აიწევს და მოსახლეობის უკმაყოფილებას გაიზრდება და ამით მანიპულირებენ“, - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ნოდარ კაპანაძემ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს. კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, 63 წინააღმდეგი იყო, 81-მა თავი შეიკავა.
აღნიშნული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოითხოვს სანქციების დაწესებას საქართველოს კონკრეტული თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, მათ შორისაა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავაც.