
მართვის მოწმობის ორეტაპიანი გამოცდის დაწესებამ მოქალაქეებს გამოცდების ჩაბარების პროცესი ძალიან გაურთულა. როგორც ავტოსკოლების წარმომადგენლები აცხადებენ, 100-დან 10 ადამიანიც ვერ აბარებს გამოცდას პირველივე ჯერზე, რაც ზოგადად გამოცდების პროცედურას უკავშირდება და სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის. მთავარი პრობლემა, რაზეც სპეციალისტები ყურადრებას ამახვილებენ, ერთიანი სტანდარტის არქონაა. სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული სირთულის გამოცდებია.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის შეფასებით, დღესდღეობით არ არსებობს არც მოთხოვნა და არც სასწავლო პროგრამა, რაზეც შემდეგ აეგებოდა მართვის მოწმობის აღების წესი. არ არსებობს მოთხოვნები ინსტრუქტორებისთვისაც.
"გამოცდაზე როცა გადიხარ, მინიმუმ გაწერილ უნდა იყოს, რომ ასეთი სტანდარტებია. ჩვენთან გამომცდელის შეხედულებისამებრ ხდება გამოცდის ჩაბარება-არჩაბარების საკითხი.
თეორიულ ნაწილშიც არის პრობლემები. ამ შემთხვევაში არსებობს პროგრამა რომელიც უნდა გაიარო, მაგრამ ეგ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იყო კვალიფიცირებული მძღოლი. საჭირო იყო გამოცდა ქალაქის ქუჩებში და ამის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი, ოღონდ ვგულისხმობდი იმ ფორმით, როგორიც არის ცივილიზებულ სამყაროში. კერძოდ, იქ არის ინსტრუქტორი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არის გაწერილი პროგრამა და ნაბიჯები. ჩვენ შემთხვევაში კი 2 ბარიერი გაქვს: ერთი - ექსპერტი, ვინც ავტომობილში ზის და აფასებს თავისი შეხედულებით და მეორე - ავტომობილზე დამონტაჟებული სენსორები და კამერები. ხანდახან ამ ორ ვარიანტს შორის თანხვედრაც არ არის. შენ თან კომპიუტერს ეთამაშები და თან ექსპერტის შეხედულებებსაც უნდა მოერგო, რადგან ერთი სახელმძღვანელო არ არსებობს - კონკრეტული ადამიანის განწყობაზე ხარ დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მიდგომის გამოსწორება. გამომცდელი, თავიდან ბოლომდე იმ განწყობით უნდა იყოს, რომ შეშინებულ პრეტენდენტს კომპლექსი მოუხსნას. დღეს ასე არ არის. ინსტრუქტორი არ არის გამოსადელის მხარეზე, მანქანაც მის წინააღმდეგაა და ელოდება როდის დაუშვებ შეცდომას - არსად სხვაგან ასეთი რამ არ ხდება“, - განაცხადა მელაძემ ,,რადიო პალიტრასთან“.
მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ერთიანი შეფასებითი სისტემის არარსებობის გამო, სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა გამომცდელს განსხვავებული მიდგომა აქვს, რაც არასწორია.
ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გამოცდის გართულება კარგია, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც განხორციელდა. მართვის მოწმობის ორეტაპიანი გამოცდის მთავარ პრობლემად ავტოექსპერტი ნოდარ რამიშვილი სისტემურ მიდგომას ასახელებს. ცვლილებისტის არც ავტოსკოლები აღმოჩნდნენ მზად და არც ინსტრუქტორები, რომლებიც გამოცდას იბარებენ.
,,მართვის მოწმობის გამოცდის გართულება აუცილებელი იყო, რადგან ბევრი არაკვალიფიციური მძღოლის გამო ავტოსაგზაო შემთხვევები უკვე კრიტიკულ ნიშნულს აღწევს. გარდა ამისა, ევროკავშირის მოთხოვნის თანახმად, ჩვენი მართვის მოწმობა ევროპული ქვეყნების მართვის მოწმობებს უნდა გაუთანაბრდეს. ეს ყველაფერი კარგია, თუმცა სწავლებასთან დაკავშირებით პრობლემაა. განსაკუთრებით ეს გამოცდებზე გამოჩნდა. რამდენადაც ვიცი, ყოველი 100-დან პირველივე გასვლაზე გამოცდას 10 ადამიანი აბარებს, რაც დიდწილად სწორედ სისტემური პრობლემით არის გამოწვეული.
არსებული მეთოდი ადამიანებს დისკომფორტს უქმნის. პირველ რიგში ის, რომ დაუშვებელია, სხვადასხვა ქალაქისთვის სხვადასხვა სირთულის გამოცდა ტარდებოდეს. სტანდარტი ყველასთვის უნდა იყოს ერთი. შეიძლება თბილისსა და ზუგდიდში მოძრაობის განსხვავებუკლი სისტემაა, მაგრამ როგორც ასეთი, ერთი პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდნენ.
სიახლისთვის სისტემა არ აღმოჩნდა მომზადებული, სპეციალისტები არ ჰყავთ, ავტოსკოლების სწავლების ხარისხიც დამაფიქრებელია. არ მინდა ჩემი ნათქვამი ისე გაიგოს ვინმემ, რომ ორეტაპოვანი გამოცდის წინააღმდეგი ვარ. ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ არც არც ეს ფორმაა მისაღები, როგორც ახლა გამოცდებზე ხდება. ბევრი გარემოებაა ისეთი, რაც ადამიანს აბნევს.
ავტომობილში კამერის დამონტაჟებაც არასწორი გადაწყვეტილებაა. რაც არ უნდა იყოს, დამაბნეველია. სათვალთავლო კამერა კომპლექსს იწვევს. მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ინსტრუქტორი ელოდება, როდის დაუშვებ შეცდომას. ამიტომ გვაქვს ასეთი ცუდი შედეგი, სისტემა დასახვეწია, კონკრეტული სტანდარტი უნდა შემუშავდეს“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" რამიშვილმა.
მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო სასწავლო კურსი შედგება სამი კომპონენტისგან - ესაა თეორია, ავტომობილით მოძრაობა მოედანსა და ქალაქში. ავტოსკოლების წარმომადგენლები გამოცდის სირთულეზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ახალი მოსწავლეების ნაკადიც შემცირდა, რადგან მართვის მოწმობის ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდათ. თბილისში, საბურთალოზე მდებარე ავტოსკოლის დამფუძნებელი თამაზ თოფაძემ დაადასტურა, რომ 2024 წელს ახალი მოსწავლეების ნაკადი საგრძნობლად შემცირდა.
"ეს გამოიწვია გამოცდის გართულებამ, ახლა ყველაზე მოთხოვნადი ქალაქში ტარების სწავლება გახდა, რომელიც საკმაოდ უჭირთ. მოსწავლეებს უწევთ უფრო მეტი თანხა დახარჯონ, რადგან მეტი გაკვეთილის მიღება სჭირდებათ, ვიდრე მანამდე იყო. თუკი 15 გაკვეთილში მოსწავლე უკვე მომზადებული იყო, ახლა 25 გაკვეთილიც არასაკმარისია.
კარგი იქნება, თუკი დაკანონდება მართვის მოწმობის ასაღებად სწავლისთვის საჭირო საათები. ეს ევროპული პრაქტიკაა. აუცილებელია რომ სწავლებისთვის 50 საათი მაინც იყოს განსაზღვრული, დღეს ეს მაჩვენებელი 10-15 საათია, რაც სერიოზულ პრობლემას იწვევს და ეს შედეგი გამოცდებზე ჩანს. ვფიქრობ, ეს საკითხები გადასახედია. გამოცდილება აჩვენებს, სად რა შეიძლება შეიცვალოს, ყველაზე მეტად სადაა აუცილებელი, რომ გამოცდა უფრო დაიხვეწოს და სტანდარტს მიუახლოვდეს. რასაც ახლა ვხედავთ, არ შეიძლება, მართვის მოწმობის აღება ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური წნეხი იყოს“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ავტოსკოლის დამფუძნებელმა.
2024 წელს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას. ასევე, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა. აღნიშნული ცვლილება წესით და რიგით მიზნად ისახავს, როგორც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემის დახვეწას, ასევე, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას.