
საქართველოში ეკონომიკური მოცემულობა შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ახალ ფაზაში გადადის, სადაც მოსალოდნელია ინფლაცია და ხელფასების ზრდის დაპაუზება. როგორც ეკონომისტებს მიაჩნიათ, ასეთი სიტუაცია პოლიტიკურ მდგომარეობას და რუსეთის ფაქტორს უკავშირდება.
ორ წელზე მეტია, რაც საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვევით ნარჩუნდება, თუმცა ახალი წლიდან მოყოლებული მოლოდინი გაუარესდა. ინფლაცია მიმდინარე ეტაპზეც 3%-ს ქვევითაა, თუმცა მისი ზრდაა მოსალოდნელი და 2025 წელი წინა 2 წლის მსგავსი არ იქნება.
ინფლაციის ზრდას ელოდებიან საქართველოს ეროვნულ ბანკში, რაც რამდენიმე ხნის წინ რეფინანსირების განაკვეთის 8%-ზე დატოვებით დადასტურდა. როგორც სებ-ის მიმოხილვაში წერია, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, იანვარში, დეკემბერთან შედარებით, ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინი მომატებულია. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0-2%-ის ფარგლებში, ელოდებიან.
სებ-ის ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში, დეკემბერთან შედარებით, სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინი გაზრდილია. ერთი მხრივ, დეკემბერთან შედარებით, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6-8%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 2-4%-ის და 4-6% ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1-წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, იანვარში, დეკემბერთან შედარებით, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ ინტერვალში, 4-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.
სებ-ის მიმოხილვაში საუბარია ხელფასებზეც, სადაც აღნიშნულია, რომ იანვარში, დეკემბერთან შედარებით, მოლოდინი ანაზღაურების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სახელფასო ცვლილებას 10-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სახელფასო ცვლილებას -10-0%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება პოლიტიკურ მსგომარეობას უკავშირდება. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება მერაბ ჯანიაშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური აქტიურობა შენელებულია.
„ბოლო ორი წელია, რაც ინფლაცია საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა. უნდა ითქვას ისიც, რომ ლარის კურსიც მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, თუ არ ჩავთვლით ბოლო სამ თვეს, როდესაც ცოტათი გაუფასურდა. მაჩვენებელების გაუარესება პირდაპირ ვუკავშირებ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს და არასტაბილურობას.
ყველა ფლანგს და ყველა პარტიას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ დაძაბულობა და პოლიტიკური კრიზისი, პირველ რიგში, ეკონომიკაზე ახდენს წნეხს და ამით ყველა ზარალდება. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ვერ ხდება მისი გადაჭრა, ეკონომიკას ექმნება პრობლემა.
ვიცით, რომ ტურიზმი დაზარალდა და აქ საუბარია არა მხოლოდ ტურიზმზე, არამედ მომავალში შეიძლება უფრო დიდი ზარალიც მივიღოთ, რადგან არასტაბილურობა დამატებით იწვევს იმას, რომ კომპანიებიც რეინვესტირებისგან თავს შეიკავებენ. აღარაფერს ვამბობ ინვესტიციებზე. ამას ემატება დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან და რაღაც ტიპის განცხადებებმა შესაძლოა, სანქციები გამოიწვიოს ქვეყნის და პოლიტიკური ჩინოვნიკების მიმართ.
ეს ყველაფერი ხომ ძალიან ცუდ მოლოდინს აჩენს, რაც ბუნებრივია, რომ აისახება ბიზნესმენების განწყობაზე და გამომდინარე აქედან, კერძო სექტორს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ სტაბილურობა იყოს. ეკონომიკური განვითარებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. დღეს კი, ჩვენთან ყველაფერი არაპროგნოზირებადია.
საქართველოს ეკონომიკა დაპაუზებულია და ყველა ელოდება იმას, თუ როგორ გადაწყდება სიტუაცია და როგორ ამოვალთ კრიზისული მდგომარეობიდან", - განუცხადა „რეზონანსს"ჯანიაშვილმა.
პოლიტიკურ გავლენაზე გაამახვილა ყურადღება სტატისტიკოსმა გივი მომცელიძემაც და თან აღნიშნა, რომ მოცემულობის შეცვლა რუსეთის ფაქტორსაც უკავშირდება.
„აქ პოლიტიკური საკითხია. ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობაა, რაც ეკონომიკაზე აუცილებლად ზემოქმედებს. 2024 წლის ბოლო და მიმდინარე 2025 წელი აღარ არის 2022 და 2023 წლის მსგავსი. თუ აქამდე რუსეთიდან მიგრანტების შემოდინება და ფულადი გადმორიცხვები ძალიან მაღალი იყო, ბოლო დროს მოცემულობა შეიცვალა და იგივე მდგომარეობა აღარ არის.
ჩემი აზრით, ეკონომიკური ტემპის შენელება სწორედ რუსეთის ფაქტორს უკავშირდება. ამ გარემოებას მივიჩნევ მთავარ მიზეზად. ყველაფერმა კი გამოიწვია თუნდაც მომსახურების სფეროს შემცირება და რაც მთავარია, სამშენებლო ბიზნესის, გაქირავების, უძრავი ქონების რეალიზაციის კლება", - განუცხადა „რეზონანსს" გივი მომცელიძემ.