
დონალდ ტრამპმა ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ. გადააწყვეტილება ორი დღის წინ გამოცხადდა, რასაც ევროკავშირმა იგივე ქმედებით უპასუხა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ერთგვარი მანევრირებაა და ზოგადად, ტარიფების საკითხის გააქტიურება, პირველ რიგში, თავად აშშ-ზე მოახდენს გავლენას.
მსოფლიოში სავაჭრო ომი მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ აშშ-მ ქვეყნებს საგადასახადო ტარიფები დაუწესა. ტრამპის მიდგომა ყველა ქვეყანასთან განსხვავებულია. ყველაზე დაბალი ზღვარი 10%-ია, რომელშიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად, მოჰყვა საქართველოც, თუმცა ორი დღის წინ გაირკვა, რომ ტრამპმა იმ სახლმწიფოებს, რომლებსაც აშშ-ს მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ, ტარიფები 3 თვით გადაუვადა. ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირმა საპასუხო ნაბიჯი გადადმა აშშ-ს მისამართით.
ამერიკაში ამბობენ, რომ ტრამპმა ტარიფების გაუქმებით მთელს მსოფლიოს აჯობა. როგორც `ფოქს ბიზნესის” კორესპონდენტი ჩარლი გასპარინო აღნიშნავს, ტრამპის სატარიფო პოლიტიკას ერთადერთი დადებითი ის მოჰყვა, რომ თეთრ სახლში ამ პროცესებს ამიერიდან სკოტ ბესენტი უხელმძღვანელებს. სკოტ ბესენტს ტარიფების დაწესების ნაცვლად მოლაპარაკებების სჯერა.
გასპარინოს შეფასებით, ტრამპს ტარიფების დაპაუზებისკენ ობლიგაციების ბაზრებზე მიმდინარე პროცესებმა უბიძგა. კერძოდ კი, მისი თქმით, გამოჩნდა რომ დიდი ქვეყნები, განსაკუთრებით იაპონია, ამერიკულ ობლიგაციებს ყიდდნენ, რაც ამერიკული ეკონომიკის არასანდოობას მიანიშნებდა.
შეიძლება ითქვას, რომ გლობალური ეკონომიკის სფეროში ერთგვარი თამაში მიმდინარეობს. ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც დონალდ ტრამპმა ტარიფების შემოღება გადაწყვიტა.
"ტარიფები მოკლე ვადიან პერსპექტივაში, პირველ რიგში, ყველაზე მეტად ამერიკას და მის მოსახლეობას დაარტყამს. ეს გარდაუვლად გამოიწვევს აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდას და შესაბამისად, ცხოვრების დრონის ვარდნას, მაგრამ სხვანაირად ამოცანა `მეიქ ამერიკა გრეით ეგეინ” არ გამოდის, რადგან ეს ნიშნავს რეალური ეკონომიკის ზრდას, რომლის წილიც აშშ-ს ეკონომიკაში დღესდღეობით მხოლოდ 10%-ია.
დღეს ამერიკის ეკონომიკა მომსახურების ეკონომიკაა. ქვეყანა რეალურად პროდუქტს არ აწარმოებს, მისი მთავარი პროდუქცია ბოლო ათწლეულებია არის დოლარი, ბეჭდავს ფულს და შესაბამისად, პროდუქცია შემოაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ასე ვეღარ გაგრძელდება, რადგან ამერიკას აქვს გიგანტური სახელმწიფო ვალი, 37 ტრილიონ დოლარამდე.
ეს ყველაფერი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ამერიკის სახელმწიფო ვალის ასეთი დაჩქარებული ტემპით ზრდა დაიწყო რეიგანის ადმინისტრაციის დროს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში. ის, რომ საბოლოოდ ასეთი შედეგი დადგებოდა, ამას ჭკვიანი ხალხი მაშინვე ამბობდა. კრიზისი დადგა კიდეც 80-იანი წლების ბოლოს. ამერიკის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ ყველაფერი გადაავადა საბჭოთა კავშირის დაშლის და სოციალისტური ბანაკის გაძარცვის შედეგაც გადინებულმა აქტივებმა და რესურსებმა. თუმცა, კრიზისი არსად წასულა და მან ახალი ძალით იფეთქა 2007-2007-წლებში, ე.წ. იპოთეკური კრიზისის სახით, რაც დღემდე გრძელდება.
ამერიკის დღეს აქვს მომსახურების და ფინანსური ინსტრუმენტების ეკონომიკა. ფინანსური ინსტრუმენტები ზომიერად შეიძლება საჭირო იყოს ეკონომიკაში, მაგრამ ის არ უნდა გადამწყვეტი, აშშ-ში კი ყველაფერს სწორედ იგი წყვეტს. ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია, ვინაიდან 37 ტრილიონი დოლარის ვალის მომსახურება არის წარმოუდგენლად დიდი ამოცანა.
რაც შეეხება რეალური ეკონომიკის განვითარებას და სამრეწველო სიმძლავრეების ამერიკაში დაბრუნებას. ამას წინ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეღობება. ერთია გაზულუქებული მოსახლეობა, რომელიც გადაჩვეულია საწარმოებში დაზგებთან და ჩარხებთან, მუშაობას. მეორეც, მოსახლოება არის ძალიან მილიტარიზებული, დაახლოებით 500 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იაღაღი არის აშშ-ს მოსახლეობაში. მესამე, კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა, ვინაიდან, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ამერიკის განათლების სისტემა აღარ ანზადებს კვალიფიციურ ზეინკლებს, ინჟინრებს და ა.შ. ანუ რეალური ეკონომიკისთვის საჭირო პროფესიის ხალხს.
ამ ყველაფერის დაწყება 1-2 დღეში ვერ მოხდება, საჭიროა საკუთარი ბაზრის დაცვა, მაგრამ ეს გარდაუვლად გამოიწევს სამომხმარებლო ფასების ზრდას, ცხოვრების დონის ვარდნას და სოციალური ფონის დაძაბვას”, - განუცხადა "რეზონანსს” ნოდარ კაპანაძემ და 90 დღით ტარიფების დაპაუზებას ერთგვარი მანევრი უწოდა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტარიფების დაპაუზების პერიოდში ამერიკა გაესაუბრება ინვესტორებსა და ქვეყნებს. სწორედ ამას მოელის პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა და თან აცხადებს, რომ ახლა ფულადი ნაკადის გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.
"ახლა მიმდინარეობს ფულადი ნაკადის გლობალური გადანაწილება, რომელიც სწორედ ამ ტარიფების ფორმატით ხდება. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ამერიკაში რეინდუსტრიალიზაციას აპირებენ, ანუ მრეწველობის განვითარებას, მაშინ ჯერ უნდა მომზადდეს ბაზა. ნებისმიერ წარმოებას სჭირდება ენერგია, რისი დეფიციტიც აშშ-ს ნამდვიალდ აქვს. დღეისათვის, ამერიკული მრეწველობა არ არის იმისთვის მზად, რომ სრულიად ჩაანაცვლოს იმპორტული საქონელი ადგილზე წარმოებით.
მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ადმინისტრციას შემოაქვს საბაჟო ტარიფები, მაგრამ შემდეგ გამოაცხადეს 90-დღიანი პაუზა. ამ სამი თვის განმავლობაში რიგრიგობით დაელაპარაკებიან ყველა ქვეყანას ახალ პირობებზე. გარდა ამისა, კიდევ მიდის მოლაპარაკება, რომ უმსხვილესმა იმპორტიორებმა აღარ დააფინანსონ ულტრალიბერალური ღონისძიებები საერთშორისო მასშტაბით. ამერიკის ბაზარი ითვლება პრემიალურ ბაზრად და იქ შესვლა ღირს ფული. ვიცით, რომ ბევრი ბიზნესსუბიექტი აფინანსებს ტრამპის ოპონენტებს, ესეც იქნება შეჩერებული და აშშ-ს პრეზიდენტის გუნდი მიიღებს მეტ დაფინანსებას სხვადასხვა არჩევნებზე.
მოკლედ, ფულადი ნაკადების გადანაწილების პროცესს ვადევნებთ თვალს, მაგრამ რაც შეეხება ჩინეთს, მათთან არსებული სიტუაცია გლობალური კონფლიქტის წამოწყებას ნიშნავს. არც ერთი ქვეყანა არ აპირებს გაჩერებას, რაც საშიშია. როგორც ჩანს, ჩინეთ-ამერიკის კონფლიქტი დაიწყო და არის საფრთხე, რომ ცხელ ფაზაშიც კი გადაიზარდოს”, - განუცხადა "რეზონანსს” ირაკლი გოგავამ.
ეკონომისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სატარიფო ომი საერთაშორისო კრიზისში გადაიზარდოს. როგორც ანალიტიკოსმა გოგიტა სურამელაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური კრიზისი ნიშნავს ნავთობის ფასების ავტომატურ ვარდნას, რაც უკვე სახეზეა.
"რამდენად შეიძლება დაეცეს ნავთობის ფასი? - ეს კითხვა დღეს ბევრს აწუხებს. უკვე იყო პრეცედენტი კოვიდპანდემიის დროს, როდესაც ნავთობის ფასი ნულს გაუტოლდა. ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსეთს, რადგან ის სანქციების ქვეშ იმყოფება. გარდა ამისა, უკრაინის იერიშებმა სერიოზულად დააზიანა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურა და სანქციების გამო, რუსეთს არ გააჩნია საჭირო აღჭურვილობა მის ჩასანაცვლებლად.
რუსეთი დღეს უარეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო 1980-იან წლებში. სსრკ-ს გაცილებით ნაკლები სამხედრო ხარჯები ჰქონდა - მაშინ ბიუჯეტის დაახლოებით 20% იხარჯებოდა სამხედრო ხარჯებსა და თავდაცვაზე. რუსეთი ამაში ხარჯავს თავისი ბიუჯეტის 40%-ს.
ტრამპი ასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებას, რომ შეამცირებს ნავთობის ფასს ბარელზე 40 დოლარამდე (40 დოლარი სწორედ რუსეთში ნავთობის წარმოების თვითღირებულებას ნიშნავს). იყო მოლოდინი, რომ ტრამპი ამას უმტკივნეულოდ გააკეთებდა, მაგრამ მან გადაწყვიტა უხეში ფორმები აირჩიოს - შექმნას საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისი და პარალელურად მოაგვაროს პრობლემები საკუთარ ეკონომიკაში", - აღნიშნა სურამელაშვილმა.