მარიკა გოგოხია
23.08.2017

ცხინვალის ოსებსა და ქართველებს შორის სავაჭრო ურთიერთობა ჯერ კიდევ აქტიურია. მიუხედავად იმისა, რომ ტვირთის გადაზიდვისას შეზღუდვები მოქმედებს, ხალხი საჭირო პროდუქტის შეტანას მაინც ახერხებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს ურთიერთობა უფრო ცალმხრივია და სურსათის თუ სხვა პროდუქციის შეტანა ხალხს იმდენად არ უჭირს, ვიდრე აქეთა ტერიტორიაზე გადმოტანა.

მართალია, სურსათის დეფიციტი არ არის, მაგრამ მისი შეძენა სიძვირის გამო ადგილობრივებს უფრო და უფრო უჭირთ, ადგილზე კი თითქმის არაფერი იწარმოება. საკარმიდამო ნაკვეთებში მოწეული ბოსტნეული მოსახლეობას მცირე ხანს (1 ან 2 თვე) ყოფნის და უმეტეს პერიოდში ხალხი ნაყიდი ხილ-ბოსტნეულის იმედადაა.

 ოკუპირებულ რეგიონში უმეტესად, ტრადიციულად, რუსული პროდუქტი იყიდება. ქართული სურსათის შეძენას ოსები ქართველების შუამავლობით ადვილად ახერხებენ. მოთხოვნა თითქმის ყველაფერზეა, სურსათ-სანოვაგით დაწყებული, ავეჯით დამთავრებული. რაც შეეხება ფასს, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქართული პროდუქტი ორმაგად ძვირია. გასულ წლებში კი პროდუქტის შეძენა ოთხმაგად მაღალ ფასში უწევდათ, რაც ტრანსპორტირების პრობლემით იყო გამოწვეული. მართალია, მიმოსვლა არ გამარტივებულა, თუმცა პროდუქტის შეტანა არ უჭირთ იმ დონეზე, როგორც ეს 2-3 წლის წინ ან უფრო ადრე ხდებოდა.                                                

როგორც ახალგორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მკვიდრი რუსუდან მესტუმრიშვილი ამბობს, რეგიონში ყველაზე მაღალი ფასი ცხინვალშია, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გორიდან შეაქვთ.  რაც შეეხება ნახევარფაბრიკატებსა და ტკბილეულს, მისი იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება. დღევანდელი მდგომარეობით, ახალგორში 1 კგ პომიდვრის ფასი 3 ლარამდეა, ცხინვალში კი 4 ლარზე ნაკლებად არ იყიდება. იგივე რაოდენობის კიტრი 1,50 ლარი ღირს, დაახლოებით ამდენივეა კარტოფილის ფასიც. 6-7 ლარის ფარგლებში იყიდება ტროპიკული ვაშლი და მსხალი, ხოლო ქართული ვაშლის ფასი 4 ლარამდეა.                               

"ქართული პროდუქტის შეტანა პრობლემა არ არის, თუმცა არც ისე მარტივია. საზღვარზე ძალიან მკაცრი კონტროლია, ტვირთის თავისუფლად გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. წარმოება რეგიონში ნაკლებად არის განვითარებული, ამიტომ ხალხი საკარმიდამო ნაკვეთების იემდადაა, თუმცა ოჯახში მოწეული ხილი და ბოსტნეული დიდხანს არ ყოფნით. ფაქტობრივად, ორი სტანდარტით ვცხოვრობ, ავადმყოფი შვილი მყავს და დროის დიდ ნაწილს თბილისში ვატარებ. აქედან მიმაქვს ყველაფერი, ხან მეზობლები მაბარებენ, ავეჯიც კი ჩამიტანია, თუმცა გადაზიდვის საფასურსაც ვიხდით. ომის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ქართული პროდუქტის შეტანა გვეკრძალებოდა. რამდენიმე კერძო ინიციატივას თუ არ ჩავთვლით, სავაჭრო კავშირი გაწყვეტილი იყო. ეს პროცესი ნელ-ნელა დაიწყო და 2-3 წელია, აქტიურ ფაზაშია. თბილისიდან და გორიდან ქართველებს, ადგილობრივი ოსების შეკვეთით, ყველაფერი შეაქვთ, რისი ყიდვა-გაყიდვაც შესაძლებელია", - ამბობს რუსუდან მესტუმრიშვილი.                                       

ახალგორის მკვიდრი გენო გოგიაშვილი ამბობს, რომ ქართული პროდუქტის შეტანის მხრივ ხალხს პრობლემა არ აქვს, თუმცა ცხინვალის შემთხვევაში ასე არ არის. "ახალგორის მაღაზიებში ქართველებს თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი შეაქვთ, რისი გაყიდვაც შეიძლება. სურსათთან ერთად, აქტიურად იყიდება საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სამშენებლო მასალა.  ხშირად ოსებიც უკვეთავენ. ისინი მათთვის საჭირო ნივთების ყიდვას ქართველების შუამავლობით ახერხებენ. ეს ის ხალხია, ვისაც ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა შეუძლია. ვისაც ცხინვალში ტვირთის შეტანა უნდა, გადასახადს ცალკე იხდის, თუმცა მთლიანობაში ბევრად იაფია იმასთან შედარებით, რა ფასიც ცხინვალში რუსეთიდან შემოტანილ ავეჯსა ან მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას ადევს. ყველაზე მეტი მოთხოვნა სარეცხ მანქანებსა და მაცივრებზეა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად რთული სიტუაციაა, სავაჭრო ურთიერთობაში პრობლემა აღარ არის", - ამბობს ახალგორის მკვიდრი, რომელსაც ყველაზე მეტად გაძვირების შიში აქვს.                                                    

ხალხი ცალკე იმაზე ჩივის, რომ საოჯახო ჭირნახულმა იკლო და შემოტანილი პროდუქტის იმედად რჩება. ახალგორელ ლენა დავითიძის თქმით, საკვები ლარშიც ძვირია და რუბლშიც. "მხოლოდ პური არ გაუძვირებიათ, დანარჩენ სურსათზე კი მუდმივად მატულობს ფასი. არის სოფლები, სადაც მაღაზიაც არ აქვთ. ჩვენთან ამის საფრთხე არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, არნახუული სიძვირეა. ბლომად არის რუსული პროდუქტიც, მაგრამ ხალხს მისი ყიდვის საშუალება არ გვაქვს. რუსებიც თვითნებობენ, არაფერს ერიდებიან და ნაწილ-ნაწილ გვაცლიან ტერიტორიას. არ ვიცი, ასეთ მდგომარეობას რა უნდა ეწოდოს. ცალკე ის მაშინებს, რომ შეიძლება ერთხელაც გავიღვიძო და ყველაფრის გარეშე დავრჩე, რუსი ჯარისკაცებისგან არაფერი უნდა გაგიკვირდეს. აქ ცხოვრება თანდათან აზრს კარგავს, საოჯახო ჭირნახულიც მუდმივად იკლებს. ცოტა სიმინდი და ლობიო მოგვყავს, ვაშლიც, მაგრამ გაყიდვა გვიჭირს, ნახევარი მოსავალი გვილპება", - ამბობს ახალგორელი დიასახლისი.         

ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლების გასაჭირზე საუბრობს ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილიც.  "საოკუპაციო ხაზს ხალხი ყოველდღიურად გადადის. უფრო პროდუქტის შესაძენად გადმოდიან, თუმცა რუსული პროდუქტიც ადგილზე ბლომადაა. ახალგორელებს საკმაოდ რთული ცხოვრების პირობები აქვთ. რითი ცხოვრობენ, მიკვირს. რუსეთთანაც აქტიურად არ არიან დაკავშირებული. რამდენადაც ვიცი, წვრილი ვაჭრობით გააქვთ თავი.  მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამა სამხრეთ ოსეთში არ არის და ესეც ართულებს იქ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას. აქაურ დევნილებს გაცილებით უარეს პირობებში უწევთ ცხოვრება, ვიდრე, ვთქვათ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც მეტი დოვლათია და შემოსავალიც მეტი აქვთ, ვიდრე სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს", - ამბობს ექსპერტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×